თორნიკე რიჟვაძე - მთიანი აჭარის მოსახლეობა ტურიზმის განვითარებით მეტ სარგებელს მიიღებს

აჭარაში ტურიზმი დინამიურად ვითარდება. რეგიონში ყოველწლიურად იზრდება საერთაშორისო მოგზაურების, ტურისტული ობიექტებისა და ინვესტიციების რაოდენობაც. რეგიონში არსებული ტურისტული მიმართულებებიდან განსაკუთრებით მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტები ვითარდება. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აღნიშნავს, მაღალმთიან აჭარაში მიმდინარეობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის შექმნაც, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. აჭარაში ტურიზმის განვითარების, რეგიონის პოპულარიზაციისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ „ინტერპრესნიუსი“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს ესაუბრა.

- ბატონო თორნიკე, რამდენად მიმზიდველი რეგიონია აჭარა დღეს ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის?

- ტურიზმი წარმოადგენს ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთ ძირითად მამოძრავებელ ძალას. აჭარის მიმართ დაინტერესება დღითიდღე იზრდება. სწორედ, ტურიზმის საშუალებით უნდა განვავითაროთ ჩვენი სოფლები, მაღალმთიანი რეგიონები. განსაკუთრებით მახარებს ტურიზმის განვითარება მთაში. 98%-ით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა მაღალმთიან აჭარაში. ეს ბუნებრივია ქმნის იმ დამატებით ღირებულებით ჯაჭვს, რომელიც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ადგილზე შემოსავლის გაჩენის თვალსაზრისით.

მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ 11 თვის მონაცემები აჭარაში ტურისტების შემოდინების კუთხით. წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 16,4% არის გაზრდილი და შეადგენს 1,8 მლნ-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს. დიდია ინტერესი ცენტრალური ევროპიდან, სკანდინავიური ქვეყნებიდან, ისრაელიდან. რეგიონით ინტერესდებიან ინვესტორები, საერთშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

აქტიურად ვმუშაობთ ტურიზმის ახალ მიმართულებებზე, ახალ საპროექტო და საინვესტიციო წინადადებებზე, ახალ ატრაქციებსა და მაღალტექნოლოგიურ მიმართულებებზე, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტურისტების დაინტერესებას, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან.

წელს აჭარას ჰქონდა წარმატებული ტურისტული სეზონი. ჩვენ ვუმასპინძლეთ არაერთი მაღალი რანგის ღონისძიებებას. ამ მხრივ გამორჩეული იყო ჭადრაკის საერთაშორისო ოლიმპიადა, რასაც დიდი მნიშვნელობა ქონდა ქალაქის, რეგიონის და ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. ასევე, ბათუმმა უმასპინძლა თავდაცვის საერთაშორისო კონფერენციას, საზღვაო და ენერგეტიკულ ფორუმებს. ქალაქმა მიიღო მაღალი დონის სტუმრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ტურიზმი დინამიურად ვითარდება რამდენიმე ძირითადი მიმართულებით. გარდა ტრადიციული მიმართულებებისა, ესაა სპორტული ტურიზმი, სამკურნალო ტურიზმი, კორპორატიული ტურიზმი და ა.შ. ხორციელდება მასშტაბური პროექტები სპორტული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. უნდა აღინიშნოს, რომ წელს ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციის მიერ ბათუმს - 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული მიენიჭა. შესაბამისად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ბათუმში შენდება საცურაო აუზი, სპორტული კომპლექსი, UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი სტადიონი, რომელიც 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბათუმი Airbnb-ის 2019 წლის, ყველაზე მოთხოვნად სამოგზაურო მიმართულებებს შორის დასახელდა. საიტის საძიებო სისტემისა და ჯავშნების მზარდ მონაცემებზე დაყრდნობით, ბათუმი ესპანეთის, ბრაზილიის, იტალიის, შოტლანდიისა და სხვა ქვეყნების ქალაქების ჩამონათვალს შორისაა. შავი ზღვის კურორტი, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ადგილობრივ და საერთაშორისო მოგზაურებს შორის. მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურულ პროექტები, როგორც ქალაქში, ისე მაღალმთიან აჭარაში. იხსნება საერთაშორისო კლასის სასტუმროები.

- არ შეიძლება არ შევეხოთ სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის. ის ერთადერთი კურორტია საქართველოში, რომელიც გენერალური გეგმის მიხედვით ვითარდება და რომელიც იქნება მთავარი ღერძი, იქცეს აჭარა ოთხივე სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველი ტურისტული ადგილი. მოგვიყევით კურორტ გოდერძიზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ?

- ტურიზმი არის ტრადიციულად ძლიერი დარგი რეგიონში, ასევე ვმუშაობთ ახალი ლოკაციების განვითარების კუთხით. კურორტი გოდერძის მიმართ დიდია ინვესტორთა ინტერესი. სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს უზრუნველყოფს ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების და განსაკუთრებით, სპორტული ტურიზმის განვითარების მძლავრ საფუძველს.

გოდერძის გახსნა უახლოეს დღეებში იგეგმება. კურორტი იზიდავს, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ტურისტებს. კურორტ გოდერძიზე წარმატებით ხორციელდება პროექტები, რომელიც კურორტს გადააქცევს მსოფლიო კლასის სამთო-სათხილამურო კურორტად.

აქტიურ ფაზაშია 19 ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა, ხორციელდება 133 მილიონი ლარის ინვესტიცია. გაზაფხულზე იგეგმება გზის რეაბილიტაციის დაწყება, რომელიც შესძენს ახალ სიცოცხლე კურორტს და მაღალმთიან აჭარას.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ აჭარაში ტურიზმი აქტიურად ვითარდება. როგორია სამომავლო გეგმები ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განხოციელებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით?

- ტურიზმი არის დარგი, რომელიც ახდენს ჩვენი ისტორიის, კულტურის, თანამედროვე ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, სოფლის მეურნეობის და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების აკუმულირებას. ერთის მხრივ უნდა გავიაზროთ ის თანამედროვე ტენდენციები რაც მსოფლიოში არსებობს და მეორეს მხრივ მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და ტრადიციები.

აჭარას აქვს პოტენციალი, თანმიმდევრული და კომპლექსური მიდგომით, მთისა და ბარის რესურსების ათვისებით, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ჩართოს ტურისტულ ბიზნესში, ტურისტებს შესთავაზოს ეკოლოგირად სუფთა პროდუქტი, რაც გააჩენს ტურისტების ახალ სეგმენტს და ადგილობრივი მოსახლეობის მეტ ჩართულობას ეკონომიკაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის ეკონომიკური სარგებელი, რომელიც ტურიზმს მოაქვს, გადანაწილდეს მუნიციპალიტეტებში და იქ მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა ჩაერთოს ეკონომიკურ აქტივობაში, მეტი სარგებელი მიიღოს ტურიზმის სექტორის განვითარებით, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს მეტ დასაქმებულ მოქალაქეს, მეტ შემოსავალს ბიუჯეტში.

რეგიონისთვის გამოწვევად რჩება სეზონურობა და აჭარას აქვს ყველანაირი პოტენციალი იმისა, რომ გახდეს მიმზიდველი წელიწადის ოთხივე სეზონზე. რეგიონში ინვესტიციების 50%-ზე მეტი ტურიზმის სექტორზე მოდის.

აჭარის ოთხივე სეზონის ტურისტულ ლოკაციად გადაქცევის მიზნით აქტიურად ვუწყობთ ხელს ღვინის ტურიზმის განვითარებას. წელს პირველად ტრენინგები დაიწყო ქედაში არსებული ღვინის მარნებისთვის, რათა მათ უკეთესად შეძლონ ღვინისა და მასთან არსებული ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების წარმოჩენა. ქედაში არსებული უნიკალური ღვინის ჯიშების პოპულარიზაციის და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივ მეღვინეებს ტრენინგები უტარდებათ.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ. განხორციელდა ტრენინგები მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის, როგორც მომსახურების სტანდარტების გაცნობის, ასევე საკომუნიკაციო ინგლისურის შესწავლის კუთხით. გარდა ამისა, მიმდინარეობს სამუშაოები გიდების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხითაც.

ამ ყველაფრის შედეგია მთიან აჭარაში გაზრდილი ვიზიტორების რაოდენობა. მაღალმთიან აჭარაში მიმდინარეობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის შექმნა, ვგულისხმობ, როგორც გზებსა და ხიდებს, ასევე მაღალმთიანეთის გაზიფიცირების პროცესს. მაღალმთიან აჭარაში პირველად განხორციელდა გაზიფიცირება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც გოდერძის და გომარდულის კურორტებს, ისე სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების განვითარების.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა