სოფო ვერძეულის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები პროცედურების დარღვევით დაასახლა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ხელმძღვანელის, სოფო ვერძეულის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები პროცედურების დარღვევით დაასახლა. როგორც ვერძეულმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვის ნიშნები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეარჩია კანდიდატთა სია და რა ჯგუფში შეირჩა.

„დღეს საბჭომ ყოველგვარი პროცედურის, კრიტერიუმისა და წინასწარ მომზადების გარეშე დაასახელა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. ჩვენ ვამბობდით და დღესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პროცედურას კანონმდებლობა არ იცნობს და ბოლომდე ბუნდოვანია ვინ იმსჯელა და რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით იმსჯელა, ან საერთოდ ვინ მოამზადა ეს სია და რა ჯგუფში მომზადდა. ასეთი პროცედურა ჩვენ კანონმდებლობაში არ გვაქვს. სწორედ ეს იყო მოტივი, რის გამოც ჩვენ მოვუწოდებდით საბჭოსაც და პარლამენტსაც, რომ სანამ ნათელი პროცედურები არ გაიწერებოდა კანდიდატების შერჩევის თაობაზე, ეს პროცესი არ დასრულებულიყო და ამ შედეგამდე არ მივსულიყავით. ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა გასაგებია, რომ საზოგადოების ყურადღება ამ თემის მიმართ არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს და რამდენიმე დღეში, ალბათ, დღის წესრიგიდანაც მოიხსნება, საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ნაჩქარევად და ჩუმად გუშინ, გვიან ღამით ჩაესვა დღის წესრიგში ეს საკითხი. დღეს უკვე კონკრეტული გვარები გამოაცხადეს, რომელშიც ბევრი პრობლემური მოსამართლე მოხვდა. თავი რომ დავანებოთ სიის შემადგენლობას, ყველაზე დიდი პრობლემაა პროცედურა. ამ პროცედურით ფანტასტიკური კანდიდატებიც რომ დაესახელებინათ, ჩვენი მხრიდან იგივე პროტესტი იქნებოდა“, - განაცხადა ვერძეულმა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვების დასმა არასამთავრობო სექტორს დღეს საბჭოს სხდომაზე სურდა, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ.

„ჩვენ გვინდოდა რამდენიმე კითხვის დასმა, მათ შორის გვინდოდა გვეკითხა რა ჯგუფში მომზადდა ეს სია, რა კრიტერიუმით იხელმძღვანელეს, გვინდოდა გვეკითხა, რომ როცა უკვე ახალი კონსტიტუცია ძალაში უნდა შესულიყო, საბჭომ რა გააკეთა იმისთვის, რომ კანონმდებლობა მომზადებული დახვედროდა ამ ახალ ფუნქციას, რომელიც საბჭოს გადაეცა", - განაცხადა ვერძეულმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. შესაბამისი განცხადება იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა