ქართული პრესის მიმოხილვა 08.01.2019

"ივანიშვილს შანსი აღარ აქვს, რომ არ გამოჩნდეს..." - ხუხაშვილი

პირველი დაპატიმრებები ტექდათვალიერების გაყალბების ბრალდებით

***

"ივანიშვილს შანსი აღარ აქვს, რომ არ გამოჩნდეს..." - ხუხაშვილი

"ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან“ 2018 წლის პოლიტიკურ მოვლენებს აჯამებს. ხუხაშვილი ამბობს, რომ ქვეყანა საკამოდ მძიმე პოლიტიკურ პროცესებში აღმოჩნდა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებმა და გაუარესებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ გვაჩვენა, რომ 2019 წელი კიდევ უფრო მძიმე იქნება. ის ივანიშვილს მოუწოდებს, რომ ახალიწლის შემდეგ პოლიტიკურ მოვლენებში აქტიურად ჩაერთოს და რიგი პრობლემების გადაწყვეტა დაიწყოს. ანალიტიკოსი მას ურჩევს, რომ პრემიერად დაბრუნდეს და სისტემური ძალთა ბალანსის აღდგენა დაიწყოს. მისი განცხადებით, "ოცნებაში“ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება და ქვეყანაში არსებული ქაოსი კიდევ უფრო მძიმე ფორმებს მიიღებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ივანიშვილს შანსი აღარ აქვს, რომ არ გამოჩნდეს...“ - ხუხაშვილი

"ხუხაშვილის თქმით, სამწუხაროდ, გაკვეთილებსა და შეცდომებზე სწავლის მაინც და მაინც დიდი სურვილი არ გვაქვს. მუდმივად სულ ერთ წრეზე ვტრიალებთ. რაც შეეხება 2018 წელს, უფრო ნეგატიურად შეიძლება შეფასდეს, ვიდრე დადებითად. სოციალური რისკები გაიზარდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი გაღარიბდა. ასევე, წინა არჩევნებთან შედარებით, ამ არჩევნების დემოკრატიის ხარისხმა დაიწია. ყველაფერი სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებმა დააგვირგვინა, რაც 2019 წლისკენ გადაინაცვლებს და საბოლოო ჯამში, შესაძლოა პოლიტიკური პროცესებიც კი განსაზღვროს. ამიტომაც, მოკლედ რომ შევაჯამოთ, საკმაოდ მძიმე წელი იყო და არცთუ ნაკლებად მძიმე წელი გველის. ყველგან, ყველა სფეროში სრული ქაოსია. არჩევნების პერიოდის შემდეგ მსგავსი ფსიქოზი დამახასიათებელია ხოლმე. ახლა ყველგან გაურკვევლობა და დაბნეულობაა. ეს ყველაფერი მოსობრივ ისტერიაშია უკვე გადასული. საზოგადოება გაიხლიჩა და კიდევ უფრო დაქუცმაცდა. მოხდა ხალხის სეგმენტებად დაშლა. მათ შორის ეს პროცესი ყველა ინსტიტუციას მოედო. პარლამენტში შიდა დაპირისპირება დაიწყო, ეკლესიაში ვხედავთ რა სახის განცხადებები კეთდება. ადამიანები ოჯახებშიც კი პოლიტიკურ ნიადაგზე ერთმანეთს გადაეკიდნენ. საზოგადოება მთლიანად დაქუცმაცდა და დაიშალა. საქართველო ამ ნგრევის პროცესში ბაბილონის გოდოლს დაემსგავსა. ეს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ ტრაგიკულია, მაგრამ როდესაც ასეთი პროცესები იწყება, ეს იმის საშუალებას იძლევა, რომ ამ ქაოსიდან რაღაც კარგი მივიღოთ. ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ შემდეგ წელს ყველა როგორ დავიწყებთ. ახლა ვართ გარდამავალ ეტაპზე, საიდანაც სხვადასხვა სცენარის განვითარების მოლოდინში უნდა ვიყოთ. არ გამოვრიცხავ, რომ ამ დაპირისპირების ფონზე ბევრი ადამიანის თავი დაგორდეს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მურუსიძე ერთი არ არის, ეს არის პრობლემის დავიწროება. ეს ადამიანი მანკიერების სიმბოლოდ იქცა და ეპიცენტრში ამიტომ აღმოჩნდა. ბოროტების სათავე ამ შემთხვევაში იუსტიციის საბჭოა, სადაც 11 მურუსიძე ზის. ეს ადამიანები მზად არიან, რომ ხელი ნებისმიერ რაღაცას მოაწერონ. ეს არის მთავარი პრობლემა. ჩვენ თუ სასამართლოში რაღაცის გაკეთება გვინდა, მურუსიძეს კი არ უნდა ვეჭიდაოთ, იუსტიციის საბჭო უნდა დავითხოვოთ. ეს ხალხი დგას და გვიმტკიცებენ მურუსიძეს დანაშაული აქვს თუ არა ჩადენილი. ამ კითხვაზე ლაპარაკსაც აზრი არ აქვს. მოსამართლის რეპუტაცია ყველაფრის განმსაზღვრელია. როდესაც ადამიანს, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა დანაშაული ჩადენილი, მისი რეპუტაცია ნულის ტოლფასია და ის მაინც მოსამართლის მანტიას ეპოტინება, აქ არის მთელი პრობლემა. თუ საზოგადოებისგან მას ეს მანტია არ ერგება, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ხელისუფლება გონს თუ დროზე არ მოეგო, მას ეს პრობლემა სრულიად გადაიყოლებს. აქ რადიკალური სისტემური გადაწყვეტილებებია მისაღები. მურუსიძე თუ არა, მასზე უარეს მოგვიყვანენ“, - განაგრძობს გამოცემა.

"საერთოდ, ჯანსაღი სისტემის პირობებში, საერო და სასულიერო ცხოვრება ერთმანეთისგან რადიკალურად გამიჯნული უნდა იყოს. რა თქმა უნდა, არ არის კარგი მოსასმენი, როდესაც სასულიერო პირები სრულიად აშკარად, საერო და სახელისუფლებო კომპეტენციაში გადადიან. ისევე, როგორც არ არის სასურველი, როდესაც პირიქით ხდება. იგივე მეუფე იაკობმაც აღნიშნა, რომ ვიღაც ბიზნესმენები ეკლესიის ცხოვრებაში ერევიან. მეუფე იაკობს მგონია, რომ სიტყვა გაექცა და გახარიასთან დაკავშირებით რაღაც ღრმა არ უგულისხმია. აქ ჟურნალისტთან ურთიერთობის გამოუცდელობამ იმუშავა. მან იმაზე მეტი თქვა, ვიდრე უნდოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას ძალიან ნანობს“, - დასძენს გამოცემა.

"ივანიშვილი, რომ არ გამოჩნდეს შანსი არა აქვს. ის ახლა დილემის წინაშე დგას. გამოჩნდება თუ არა, პასუხისმგებლობას საზოგადოება მაინც მას დააკისრებს. აქედან გამომდინარე არგამოჩენას რა აზრი აქვს?! ის აქტიური უნდა იყოს, რადგანაც საქმე ძალიან ცუდად არის. მას პოლიტიკურად საქმე ძალიან მძიმედ აქვს. ერთადერთი გამოსავალი ნდობისა და ავტორიტეტის დასაბრუნებლად ისაა, რომ მან ინსტიტუციონალური წესრიგი უნდა აღადგინოს. ამისთვის ის პრემიერი უნდა გახდეს. ეს მას გარკვეულ შანს მისცემს, რომ ის კითხვები, რაც ხელისუფლების და მისი მისამართით ისმის, პასუხგაცემული იქნას. ფაქტობრივად, ჩვენ მისგან სისტემურ პასუხებს ველით - რას შვრება ის ხელისუფლებასთან მიმართებაში, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლოსთან მიმართებაში. რაც შეეხება კონკრეტულად მურუსიძის უდანაშაულობას, მოკლე მეხსიერება არავის აქვს. ამიტომ ვურჩევ ივანიშვილს, რომ ახალი წლიდან ძალიან აქტიურად და სწრაფად პოლიტიკურ პროცესებში ჩაებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა და ყველაფერი დაზიანდება“, - წერს სტატიის ავტორი.

პირველი დაპატიმრებები ტექდათვალიერების გაყალბების ბრალდებით

"2019 წლის 1-ლი იანვრიდან მსუბუქი კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება იწყება. თუმცა, სისტემაში არსებულმა ხარვეზებმა უკვე თავი იჩინა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის და გულგრილობის ფაქტებზე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შვიდი თანამშრომელი დააკავა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქებში ქუთაისში, წყალტუბოსა და მცხეთაში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამ ცენტრში ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დადებითი დასკვნები გაიცემოდა. „დანაშაულში მხილებულ პირებს ბრალდებები წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე და 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პირველი დაპატიმრებები ტექდათვალიერების გაყალბების ბრალდებით

"ამ ეტაპზე, გრძელდება გამოძიება ქალაქ თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის რეგიონებში არსებულ ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელ კიდევ შვიდ ცენტრში აღმოჩენილი დარღვევების შესწავლისა და დამნაშავე პირების გამოვლენა-მხილების მიზნით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სატრანსპორტო საკითხების ექსპერტები აცხადებენ, რომ ისინი მსგავს ფაქტებს მოელოდნენ, რადგანაც ეს არის 90-იანი წლების დროინდელი სისტემა, სადაც კორუფციის რისკები მაღალია და ამის შესახებ ხელისუფლებას დიდი ხანია აფრთხილებდნენ. ექსპერტების ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტები და ავტომობილის გაუმართაობაზე თვალის დახუჭვა უმეტესად სამუხრუჭო სისტემების გაუმართაობის, გამონაბოლქვის, საჭის მართვის სისტემის პრობლემებზე ხდება. მათი ინფორმაციით, შემოწმებულ ავტომობილების უმრავლესობას სწორედ ეს პრობლემები აქვს. ექსპერტები ამბობენ, რომ ტექდათვალიერება გავლილი 130 000 ავტომობილიდან 40 000 უვარგისი აღმოჩნდა. ხოლო ხარვეზებიანი ავტომობილების 30% განმეორებით ინსპექტირებაზე აღარ მისულა. ეს კი კითხვებს აჩენს, რადგანაც მძღოლებმა ტექდათვალიერებისგან თავის არიდების სხვადასხვა ხერხებს მიაგნეს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"საავტომობილო სფეროს სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ კორუფციული რისკი ჩნდება იქ, სადაც მენეჯმენტი არასწორია. ტექინსპექტირების შემთხვევაში კი მენეჯმენტი საერთოდ არ არსებობს, რაც პრობლემებს იწვევს დღეს და კორუფციის საფრთხეს სამომავლოდაც აჩენს. საავტომობილო სფეროს სპეციალისტი დავით მესხიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ამ სფეროში რისკი მუდმივადაა და ძალიან სამწუხარო გამოცდილება გვაქვს 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა საერთოდ არ მოწმდებოდა ავტომობილი. კორუფციის რისკს აჩენს არასწორი მენეჯმენტი. მეტიც, მენეჯერული მიდგომა საერთოდ არ არსებობს. ისეა გაბნეული სტრუქტურებში მოვალეობები, შეუძლებელია თავისა და ბოლოს გაგება. ერთი მხრივ, ეს ეხება ტრანსპორტის სააგენტოს, სახმელეთო სააგენტოს, ჩართულია ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ხოლო კანონის აღსრულება კი ეხება შსს-ს. ეს საბოლოოდ კოორდინაციის პრობლემას იწვევს და აჩენს კორუფციის საფრთხესაც. პატრულს ვერ მოსთხოვ, რომ სათითაოდ ყველა მანქანას ქუჩებში სდიოს. ეს უნდა მომხდარიყო ჭკვიანი კამერებისა და სპეციალური პროგრამის მეშვეობით“, - აცხადებს „რეზონანსთან“ მესხიშვილი“, - განაგრძობს გამოცემა.

"მისივე თქმით, კითხვებს აჩენს საწვავის ხარისხი, ჯერ ამის კვლევა უნდა დაიწყოს. მესხიშვილის შეფასებით, არავინ იცის როგორ საწვავს ასხამს ავზში, მაგრამ მძღოლს სთხოვენ, რომ მანქანა გამართული იყოს ტექნიკურად, რაც წარმოუდგენელია. ექსპერტი ამბობს, რომ ხარვეზები ბევრია და გამოდის, ტექნიკური ინსპექტირება წინ უსწრებს საორგანიზაციო საკითხებს, რომლებიც, წესით, უკვე მოგვარებული უნდა ყოფილიყო. „მძღოლები ინსპექტირებისათვის სათადარიგო ნაწილებს თხოულობენ ან ქირაობენ. ესეც ერთგვარ ბიზნესად იქცა. მე მომხრე ვარ და ვფიქრობ, რომ დაგვიანებულიც კია ტექდათვალიერების დაწყება, მაგრამ არა ამ ფორმით“, - ამბობს მესხიშვილი „რეზონანსთან“. მისივე თქმით, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ინსპექტირებას გადის, ინფორმაციის შეყვანა ავტომატურ რეჟიმში ბაზაში ხდება. ეს ბაზა ხელმისაწვდომია ეკონომიკის სამინისტროსთვის და შსს-სთვის. როდესაც პროგრამა ამოწმებს, რომ ერთმა თანამშრომელმა ყველა სატრანსპორტო საშუალება გაატარა და ყველა მათგანს დადებითი შეფასება აქვს, ამის შემდეგ უკვე კითხვები ჩნდება, რატომ ხდება ამ ბალანსის დარღვევა და შესწავლას იწყებენ. ექსპერტი ამბობს, რომ რამდენიმე ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იქნა შეშვებული და რამდენიმე დარღვევის ვერ დანახვის გამო მიხვდნენ, რომ შესაძლოა ქრთამის აღების ფაქტებს ჰქონდეს ადგილი. „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ კორუფციის მთავარი მიზეზი ის არის, რომ თავის დროზე ამ სფეროში რეფორმა არ დაინერგა. მისი თქმით, ეს არის 90-იანი წლების დროინდელი სისტემის რეინკარნაცია. ურუშაძე ამბობს, რომ კორუფციის არსებობა მთლიანად ამ სისტემის ეფექტიანობას რისკის ქვეშ აყენებს. ექსპერტი ამბობს, რომ ამ სისტემას უფრო მეტი შრომა და დაგეგმვა სჭირდებოდა, რათა კორუფციის რისკი მაქსიმალურად გამორიცხული ყოფილიყო“, - დასძენს გამოცემა.

"ქრთამის აღების ფაქტები ყველაზე მეტად კომერციულ სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში გვხვდება. ეს არის სადისტრიბუციო და სამგზავრო მიკროავტომობილები, რომლებიც პირდაპირ კომერციაზე არიან მიბმულები. ესენი საბჭოური, ძველი გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებებია, რომელიც, თუ ინსპექტირების წესებს დააკმაყოფილებს, ყოველწლიურად დიდი ხარჯის გაღება მოუწევს. "ანუ მას ტექნიკური რემონტი ყოველწლიურად მოუწევს. საბურავების შეცვლა ამ სატრანსპორტო საშუალებებზე ათასობით ლართან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, მათ თუკი მიეცემათ საშუალება, რომ ეს საბურავები სამ წელში ერთხელ გამოცვალონ, უარს რატომ იტყვიან. ქრთამის გადახდის შემთხვევაში უფრო იაფად გამოვლენ“, - აცხადებს ურუშაძე "რეზონანსთან“. ქვეყნის მასშტაბით სულ 40 ინსპექტირების ცენტრია, რომელიც 46 ლოკაციაზეა. თბილისში კი 29 ინსპექტირების ხაზია განთავსებული. ამ მონაცემებს ქვეყნის მასშტაბით, შესაძლოა, ტექინსპექტირების ცენტრი კიდევ დაემატოს. 2019 წლის პირველი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება ყველა ტიპის ავტომობილისთვის სავალდებულო ხდება“, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა