გია ხუხაშვილი - ივანიშვილი დილემის წინაშე დგას: დაუჯეროს ე.წ. ძველ გვარდიას, ვისი ვალიც გაუჩნდა, თუ დაუჯეროს თინეიჯერებს და მევალეები გადააგდოს

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მმართველ გუნდში შექმნილი ვითარებით რთული დილემის წინაშე დგას.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეკა ბესელიასა და ირაკლი კობახიძის დაპირისპირებასთან დაკავშირებით ივანიშვილის მხრიდან სრული დუმილი აუხსნელი იქნება. მისივე თქმით, ივანიშვილისთვის ნეგატიური იქნება როგორც ე.წ. ახალგაზრდების მხარდაჭერა, ასევე ე.წ. ძველების.

„დისტანცირება ამ თემისგან მისთვის რთული იქნება, რადგან ეს არ არის მხოლოდ პარლამენტში მიმდინარე პროცესი, ეს არის პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესი. ის არის პარტიის თავმჯდომარე და მისი მხრიდან სრული დუმილი აუხსნელი იქნებოდა.

ის დგას რთული დილემის წინაშე. მისი მართვის ფილოსოფია ემყარება იმ მოცემულობას, რომ ყველა მასთან არის ვალში და თვითონ არავისთან ვალში არ არის - მთელი პოლიტიკური პროცესიც ამ რიტმში მიდიოდა, რომ ყველა გადამწყვეტი როლი მას ეკუთვნოდა. ამ არჩევნებზე კი მოცემულობა შეიცვალა. მას გაუჩნდა ვალი ე.წ. ძველი გვარდიის და კონსერვატიული ფრთის, რაც მისთვის სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს და მის ხედვას აბსოლუტურად ანგრევს. მისი დილემა არის შემდეგში - გადაიხადოს ვალები, რაც საფრთხეს შეუქმნის მის მიერ აგებულ სისტემას თუ დაუჯეროს თინეიჯერებს ანუ ახალგაზრდებს და გადააგდოს თავისი მევალეები, რომლებმაც უზრუნველყვეს მეორე ტურში გამარჯვება. ეს დილემა გარკვეულწილად მისთვის ცუგცვანგია, რადგან ორივე გადაწყვეტილება მისთვის არის სახიფათო. აქედან გამომდინარე, ის შეეცდება, რომ შუალედური გადაწყვეტილება იპოვოს, სხვა ფორმულა იპოვოს და ეს კრიზისი დროებით მაინც ჩაახშოს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა მიიღოს, ძალიან სერიოზული ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება მისთვის“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ახალგაზრდები „ეშმაკურად“ მუშაობენ.

„ისინი ლაპარაკობენ პარტიულ დისტანციაზე, თუმცა ისინი რაღაცას აკეთებენ, ათანხმებენ ბიძინა ივანიშვილთან და დირექტივის სახით ცდილობენ ეს ყველაფერი დანერგონ უმრავლესობაში და ამას ეძახიან გუნდურ თამაშს. გუნდური თამაში სხვა რამეა და გულისხმობს გუნდში შეთანხმებას და არა ვიწრო ჯგუფის შეთანხმებას ერთ კაცთან. ეს არ არის ჯანსაღი სისტემა და ეს იწვევს გაუგებრობებს. ქვეყანაში ინსტიტუციონალური წესრიგი არის მორღვეული. ბიძინა ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია სისტემის შენარჩუნება. სისტემა დგას დიდწილად სწორედ ამაზე, რომ დირექტიულად იქნას შესრულებული გადაწყვეტილებები მოსამართლეებზე იქნება თუ სხვა თემებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება მოსამართლეობის კანდიდატების სიას, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილისთვის ჩინჩალაძის გაყვანა მაინცდამაინც პრინციპული არ იქნება.

„მე არ მგონია, რომ ივანიშვილისთვის მაინცდამაინც პრინციპული იყოს ჩინჩალაძის გაყვანა. ოპონენტებისაც მიკვირს, ჩინჩალაძე გახდა პრობლემა? პრობლემა ხომ იუსტიციის საბჭოშია ჩადებული. დავუშვათ დათმეს ჩინჩალაძე, ამით რამეს ეშველება? სხვა ჩინჩალაძეს შემოგვთავაზებს საბჭო. ჩინჩალაძე არ იქნება, ქიბროწაშვილი იქნება, რა მნიშვნელობა აქვს?! თავად იუსტიციის საბჭოა გასახვეტი“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა