თეოლოგი გოჩა ბარნოვი - ვშიშობ, თავად რუსეთმა არ დაასწროს საქართველოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება

ვშიშობ, თავად რუსეთმა არ დაასწროს საქართველოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თეოლოგმა გოჩა ბარნოვმა განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებასა და ეკლესიას უკრაინასთან მიმართებით მხარდაჭერა უნდა გამოეხატათ და ავტოკეფალიის მინიჭება მიელოცათ, თუმცა სამარცხვინო პოზიციას იკავებენ.

როგორც თეოლოგი განმარტავს, უკრაინის ეკლესია უკვე ავტოკეფალურია, ეს ფაქტია და რაც უფრო მალე აღიარებს ამას საქართველო, მით უკეთესია.

„საქართველოს პოზიციას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ისევე, როგორც არც ერთი სხვა ეკლესიის პოზიციას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან მიმართებაში, რადგან ამ შემთხვევაში მთავარი იყო კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილება. კონსტანტინოპოლმა მიიღო გადაწყვეტილება და თავის მიერ დაარსებულ ეკლესიას მიანიჭა ავტოკეფალია. ეს არის ფაქტი, ნორმალური ადამიანებისთვის სასიხარულო, არანორმალური ადამიანებისთვის კი - სამწუხარო. ყველა ნორმალური ადამიანი და საღ ჭკუაზე მყოფი ეკლესიის მეთაური ნელ-ნელა დაიწყებს აღიარებას იმ გაგებით, რომ უკრაინის მეთაურს, ეპიფანეს, უკვე მოიხსენიებენ ევქარისტიული მსახურების დროს. საქართველოს ეკლესიას მაინც მოუწევს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება დღეს თუ არა, ხვალ, უბრალოდ, რაც უფრო მალე მოხდება, ეს უკეთესია.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საჭირო იყო, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის მიელოცა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და მსგავსად, საქართველოს პარლამენტს მისალოცი უნდა გაეგზავნა უკრაინის ეკლესიის მეთაურისთვის. ეს არის კულტურული აქტი, რომლის გაკეთებაც აუცილებელი იყო. მითუმეტეს, რომ უკრაინის და საქართველოს ბედი როგორც პოლიტიკური, ისე ეკლესიური, ძალიან არის გადაჯაჭვული. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა გამოვხატოთ უკრაინასთან მიმართებაში მხარდაჭერა, როგორც საეკლესიო წესით, ასევე პოლიტიკურადაც. სამწუხაროდ, ამას არ აკეთებენ და როგორც ეტყობა, ძალიან სამარცხვინო პოზიციას იკავებენ. საქართველოს ეკლესიაც და საქართველოს მთავრობაც თავისი პოზიციით პრორუსულია და აქედან გამომდინარე, ისინი ყოველთვის გაუწევენ ანგარიშს რუსეთს. მე იმასაც ვშიშობ, თავად რუსეთმა არ დაასწროს საქართველოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება. მსგავსი სამარცხვინო ნაბიჯები საკმაოდ ხშირად გადაგვიდგამს, ასე რომ გასაკვირი ნამდვილად არაფერია,“ - განაცხადა გოჩა ბარნოვმა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის