ქართული პრესის მიმოხილვა 09.01.2019

ბესელიამ და კობახიძემ თავისი მომხრეების მობილიზება დაიწყეს, "ოცნებაში" ქაოსი და დაძაბულობაა

ყოჩაღ ბესელიას... მან თავისი პირადი ინტერესები ჩააბა სახელმწიფოს ინტერესებს - ზაქარეიშვილი

***

ბესელიამ და კობახიძემ თავისი მომხრეების მობილიზება დაიწყეს, "ოცნებაში" ქაოსი და დაძაბულობაა

“მმართველ გუნდში დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. პარლამენტის კულუარებში უკვე აქტიურად საუბრობენ, რომ მწვავე ვითარება, სავარაუდოდ, "ქართული ოცნებიდან" დეპუტატების ნაწილის წასვლითა და ახალი ფრაქციის შექმნით დასრულდება. არც ის არის გამორიცხული, რომ საერთოდ უმრავლესობის დაშლის პროცესი დაიწყოს. ყველაფერი კი საპარლამენტო უმრავლესობის უახლოეს სხდომაზე გადაწყდება, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. სხდომის ზუსტი თარიღი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი პარლამენტის საგაზაფხულო სესიამდე გაიმართება. "ოცნებაში", ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების მიხედვით, ორი მწვავედ დაპირისპირებული ჯგუფი იკვეთება. არსებობს ე.წ. მესამე ჯგუფიც, სადაც ნეიტრალური დეპუტატები არიან, რომლებიც ჯერჯერობით პოზიციის ღიად გამოხატვისაგან თავს იკავებენ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ბესელიამ და კობახიძემ თავისი მომხრეების მობილიზება დაიწყეს, "ოცნებაში" ქაოსი და დაძაბულობაა

"ასევე უცნობია პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის პოზიციაც. როგორც ანალიტიკოსები ფიქრობენ, ისიც დამკვირვებლის როლშია და მკვეთრი პოზიციის გამოკვეთისაგან თავს იკავებს. თუმცა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანიშვილი პარტიას კვირის ბოლოს შეხვდება და, სავარაუდოდ, მისი პოზიციაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი. მანამდე კი პარტიაში სრული გაურკვევლობა და ქაოსია. დეპუტატების ნაწილი ღიად თუ ფარულად პარტიის დატოვებით იმუქრება. ე.წ. ირაკლი კობახიძის ჯგუფის მომხრეებმა კი კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორში" შეხვედრა გამართეს, სადაც ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი და მოსამართლეების სიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სხვა დეპუტატები არ დაპატიჟეს. ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ამ სხდომაზე ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვის საკითხიც დამდგარიყო, თუმცა ეს ინფორმაცია მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ უარყო. გულხელდაკრეფილი არც ეკა ბესელიაა. გუშინ იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიით უკმაყოფილო დეპუტატებს შეხვდა. ამიტომ სულ უფრო აქტიური გახდა იმაზე საუბარი, რომ ბესელიამ თანამოაზრეებთან ერთად ახალი ფრაქცია შექმნას“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ახალი ფრაქციის სავარაუდო წევრებად სახელდებიან გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, რუსლან პოღოსიანი და დავით ჭიჭინაძე, თუმცა ფრაქციის შესაქმნელად კიდევ ერთი დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიას განცხადებით, კოლეგებთან გუშინ გამართული შეხვედრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებულ საკითხს ეხებოდა. ბესელიას თქმით, მისი და თავისი თანამოაზრეების შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებულია მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე. ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა მას პარტიიდან გარიცხვის მოლოდინი, ბესელია აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება, მსჯელობის საგანი ისევ სასამართლო სისტემა იყოს. დეპუტატი დავით ჭიჭინაძე "რეზონანსთან" ეკა ბესელიასთან შეხვედრის მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, დაუშვებელია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და მისმა თანამოაზრეებმა პარლამენტში იმ მოსამართლეების სია გაიტანონ, რომლებიც წინა რეჟიმის მთავარი შემქმნელები იყვნენ“, - განაგრძობს გამოცემა.

"ჭიჭინაძე ამბობს, რომ ბესელიასთან მისი შეხვედრის მთავარი მიზანი ამ მოსამართლეებთან ბრძოლის მეთოდების განხილვა იყო. დეპუტატი აცხადებს, რომ ბესელიას არცთუ ცოტა თანამოაზრე ჰყავს, რომლებიც, თუ საჭირო გახდება, ღიადაც გამოჩნდებიან."მოსამართლეებთან დაკავშირებით ბესელიას აზრს ძალიან ბევრი დეპუტატი იზიარებს, მაგრამ, რიგი მიზეზების გამო, ისინი ჯერჯერობით ასე ღიად ხმას არ იღებენ, თუმცა არც გამოვრიცხავ, რომ პროცესების განვითარებასთან ერთად, ეს ადამიანები ღიადაც გამოჩნდნენ. ვისაც კი ამ ქვეყანაში ოდნავი სამართლიანობა მაინც უნდა, მათთვის ეს მოსამართლეები მიუღებლები არიან. ამ ქვეყანაში ყველას სიმშვიდე უნდა. თუ საზოგადოებაზე ამ მოსამართლებით ძალადობას დავიწყებთ, კარგად რომ არ დასრულდება, ეს "ოცნების" ძალიან ბევრმა დეპუტატმა მშვენივრად იცის. "ქართული ოცნება" დაშლისათვის განწირული უკვე მაშინ იყო, როდესაც პარტიაში მდინარაძე, ზარდიაშვილი და კობახიძე შეიყვანეს. ამ ადამიანების ლუსტრაცია რაც უფრო მალე მოხდება და ამათ კომენტარებსაც ყურადღებას აღარ მივაქცევთ, სიტუაციიდან გამოსავალს მით უფრო მალე ვიპოვით. ამ ხალხს ყველა თავის კომენტარს წინ დავახვედრებთ და ყველა სიტყვაზე პასუხისმგებლობა მოუწევთ. ესენი ვინ არიან, რომ ჩვენს ქვეყანას ამ მოსამართლეებს თავზე ასვამენ?! თურმე მამუკა მდინარაძის გადასაწყვეტი ყოფილა, მოსამართლეებს გაიწვევენ თუ არა. მდინარაძემ იდარდოს, ხვალ როგორი დღე ექნება", - აცხადებს ჭიჭინაძე "რეზონანსთან". სავარაუდოდ, ეკა ბესელიას კიდევ ერთი თანამოაზრეა დეპუტატი და უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი. ის "რეზონანსთან" ადასტურებს ინფორმაციას, რომ თუკი მოსამართლეების სიის უკან გაწვევა არ მოხდება, "ოცნებას" დატოვებს. ჩვენს კითხვაზე, მის მსგავსად ფიქრობენ თუ არა სხვა დეპუტატებიც და ემუქრება თუ არა უმრავლესობას დაშლის საფრთხე, ნაცვლიშვილი გვპასუხობს, რომ სხვების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და ის მხოლოდ პასუხს საკუთარ სიტყვებზე აგებს. ამ დაპირისპირების ფონზე კი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძის სამუშაო კაბინეტი უკვე ერთი კვირაა, დაკეტილია. თალაკვაძე არც თანაგუნდელებსა და არც ტელეკამერებთან არ ჩნდება. "კურიერის" ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს იძულებითი პოლიტიკური ტაიმ-აუტი აქვს. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ უმრავლესობის ლიდერი უბრალოდ ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ ისვენებს. შესაბამისად უცნობია, გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მას რა პოზიცია აქვს. მდინარაძე ასევე აცხადებს, რომ პარტიიდან ვინმეს გარიცხვაზე, დატოვებაზე ან რაიმე სანქციის დაწესებაზე საუბარი კაჭრეთში არ ყოფილა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ უნდა გაიმართოს უმრავლესობის სხდომა, რომელზეც ყველა საკითხს განიხილავენ“, - დასძენს გამოცემა.

"საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი ამ შიდა დაპირისპირებაში ერთგვარ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. მაგალითად, დეპუტატი რომან კაკულია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მისთვის საკმაოდ რთულია და ჯერჯერობით პოზიცია არ აქვს. კაკულია ამ გადაწყვეტილების სირთულეს განმარტავს და ამბობს, რომ ეს სფერო მისი არ არის და სიტუაციას ასე დეტალურად არ იცნობს. ამიტომაც ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის ჩამოყალიბებამდე სურს, რომ მოტივაციებს კარგად გაეცნოს და ორივე მხარის არგუმენტები მოისმინოს. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ უმრავლესობაში, ღირებულებებიდან გამომდინარე, ადამიანები ერთმანეთს გაემიჯნონ, თუმცა კაკულია უმრავლესობის დაშლას გამორიცხავს. კაკულია იმასაც ამბობს, რომ შესაძლოა, ბესელიამ ფრაქციაც შექმნას, მაგრამ ზოგადად პარტიის დაშლის საფრთხეს ამ ეტაპზე ვერ ხედავს. ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მმართველ გუნდში შექმნილი ვითარებით რთული დილემის წინაშე დგას. ხუხაშვილის აზრით, ივანიშვილმა საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. მან ეკა ბესელიასაც და კობახიძესაც თავისი ადგილი სწრაფად უნდა მიუჩინოს, რადგანაც ორივე მათგანს ქვეყანა საერთოდაც არ ადარდებს, ყველაფერი კი მაინც მას დაბრალდება. მისივე თქმით, ივანიშვილისათვის ნეგატიური იქნება როგორც ე.წ. ახალგაზრდების მხარდაჭერა, ასევე ე.წ. ძველების. ხუხაშვილი ასევე ამბობს, რომ ახალგაზრდები "ეშმაკურად" იქცევიან. მისი აზრით, ისინი პარტიულ დისტანციაზე საუბრობენ, თუმცა რაღაცას აკეთებენ, ათანხმებენ ბიძინა ივანიშვილთან და დირექტივის სახით ცდილობენ, ეს ყველაფერი დანერგონ უმრავლესობაში. ამას ისინი გუნდურ თამაშს ეძახიან. ხუხაშვილს მიაჩნია, რომ გუნდური თამაში სხვა რამეა, გუნდში შეთანხმებას გულისხმობს და არა - ვიწრო ჯგუფის შეთანხმებას ერთ კაცთან. ანალიტიკოსი ივანიშვილს კვლავ მოუწოდებს, რომ პრემიერად დაბრუნდეს და სიტუაცია ყველა მიმართულებით დაალაგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სადავეები ხელიდან საბოლოოდ გაექცევა“, - წერს სტატიის ავტორი.

ყოჩაღ ბესელიას... მან თავისი პირადი ინტერესები ჩააბა სახელმწიფოს ინტერესებს - ზაქარეიშვილი

"ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ ჩანს არანაირად, ან შეიძლება ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს. მაქსიმალურად შესაძლებელია ნახოს თუ ვინ იმარჯვებს და იმაზე დადოს მერე ფსონი," - ეს განცხადება პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა ბესელია-კობახიძის შორის არსებულ დაპირისპირებაზე გააკეთა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ყოჩაღ ბესელიას... მან თავისი პირადი ინტერესები ჩააბა სახელმწიფოს ინტერესებს - ზაქარეიშვილი

"მისი თქმით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პირადი ინტერესები სახელმწიფოს ინტერესებს ჩააბა. საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებზე. მის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი, ბესელიას განცხადებით, სწორედ ეს საკითხი გახდა. თუმცა, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ბესელიამ მოსამართლეების საქმე მმართველი გუნდის შიდა დაპირისპირებების გადასაფარად გამოიყენა. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ბესელიამ მოსამართლეების თემა კარგად გამოიყენა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მან ძალიან ეფექტურად, კარგად გათვალა სიტუაცია. მიხვდა, რომ კობახიძე ვერ თვლიდა ასე კარგად. ის ახალგაზრდაა და ვერ ხვდება სად არის წყალქვეშა დინებები. ბესელიამ ძალიან კარგად გამოიყენა მოსამართლეებს თემა და ისე წარმოაჩინა, რომ პრობლემა შიგნით, „ქართულ ოცნებაში" კი არაა, რაც საზოგადოებას არ აინტერესებს, არამედ პრობლემა არის სასამართლო, ანუ ქვეყნის პრობლემაზე დავობს. ბესელიამ შიდაპარტიული პრობლემა ძალიან კარგად გადაახურდავა, გადაადნო საერთო სახელმწიფო პრობლემად და მართავს ის ამ პროცესებს. ვერც „ქართული ოცნების" და ვერც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ვერ ერევიან“, - აღნიშნავს გამოცემა.

"აშკარად ხედავენ, რომ ბესელია სპეკულირებს თუ გულწრფელია, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იგი იცავს მოსახლეობის ინტერესებს და ძალიან მომგებიან პოზიციაშია. ყველა, ვინც გრძნობს „ქართულ ოცნებაში" დაჩაგრულად თავს, ან შესაძლოა „ქართული ონებიდან" გასტუმრების შემდეგი კანდიდატი იყოს, ისინი ხედავენ, რომ სასამართლოს თემას თუ შემოაჯდებიან, კარგად გაცურავენ „ქართული ოცნების" ამ დინებაში. ამიტომ ყოჩაღ ბესელიას, რომ ძალიან კარგად შეკრა ეს კონცეფცია, თავისი პირადი ინტერესები ჩააბა სახელმწიფოს ინტერესებს“, - განაგრძობს გამოცემა.

"ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ ჩანს არანაირად, ან შეიძლება ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს. მაქსიმალურად შესაძლებელია ნახოს, თუ ვინ იმარჯვებს და იმაზე დადოს მერე ფსონი, ვინ უფრო ძლიერია. ამიტომ ის შეეცდება მაქსიმალურად გაწელოს დრო, რათა ნახოს ვის მხარესაა სიმართლე, ვის მხარესაა პოპულარობა. საზოგადოებაში ძალიან არაპოპულარულია სააკაშვილის დროინდელი მოსამართლეების უკან დაბრუნება. მემგონი, შეიძლება საბოლო ჯამში „ქართულ ოცნებაში" ახალგაზრდულმა ფრთამ გაიმარჯვოს სხვა თემებში, მაგრამ ამ ეტაპზე, ამ კონკრეტულ ეპიზოდში შეიძლება ბესელიას პოზიციები იყოს უფრო სანდო, მყარი და დამაჯერებელი საზოგადოების თვალში და ამას ალბათ ანგარიშს გაუწევს ბიძინა ივანიშვილი“, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა