„თავისუფალი დემოკრატები“ „თიბისი ბანკზე“ - ესაა ივანიშვილის მცდელობა, იერიში მიიტანოს უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტზე, მასზე კონტროლის მოპოვების მიზნით

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „თავისუფალი დემოკრატები“ ბანკის ირგვლივ განვითარებულ პროცესში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობაზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ სამართალდამცველი ორგანოების მეშვეობით ადგილი აქვს მცდელობას, იერიში მიიტანონ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტზე, ამ უკანასკნელის დისკრედიტაციის, საფინანსო ბაზარზე მისი გავლენის დაქვეითებისა და შესაძლოა, მასზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით.

„თავისუფალი დემოკრატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„8 იანვარს ერთ-ერთი საინფორმაციო პორტალის მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2018 წლის მაისში ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა „გაშიფრა დანაშაულებრივი სქემა“, რომლის თანახმად „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა „ფინანსური მაქინაციების მეშვეობით მიითვისეს და გაათეთრეს ბანკის კუთვნილი ათობით მილიონი ლარი“.

დღეს ამ საკითხზე სოციალურ ქსელში გავრცელდა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომელმაც ამ ინფორმაციას „ორკესტრირებული შავი პიარი“ უწოდა, რომლის მიზანი, მისივე თქმით, ის არის, რომ ზიანი მიაყენოს ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს.

დღესვე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) ფაქტზე. ამასთან, პროკურატურის წარმომადგენელმა თითქმის სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ის გარემოებები, რომლებიც წინა დღეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა.

ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ საქმე, როგორც პროკურატურის წარმომადგენელმაც აღნიშნა, ეხება ისეთ მოვლენებს, რომლებსაც თითქოსდა ადგილი ჰქონდა დაახლოებით 11 ან/და 7 წლის წინ. შესაბამისად, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, სად იყვნენ სამართალდამცავი ორგანოები აქამდე, თუ მათი აზრით, ესოდენ სერიოზული დანაშაული მართლაც იქნა ჩადენილი. გენერალური პროკურატურის მცდელობა, გამოძიების დაწყება დაუკავშიროს გასული წლის ივლისში „მოპოვებულ ინფორმაციას“, ნაკლებად სარწმუნოა, რადგან „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლების განცხადებით, ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებებს უწინაც ჰქონიათ წარუმატებელი მცდელობა, იგივე ფაქტებში დანაშაულის ნიშნები ეძიათ.

„თავისუფალ დემოკრატებს“ მიგვაჩნია, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამართალდამცავი ორგანოების აშკარა მცდელობა, იერიში მიიტანონ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტზე, ამ უკანასკნელის დისკრედიტაციის, საფინანსო ბაზარზე მისი გავლენის დაქვეითებისა და, შესაძლოა, მასზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით. ამასთანავე, კონტროლის გავრცელება ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ბანკზე, რომლის წილი ქვეყნის ეკონომიკაში სოლიდურია და, რომლის კლიენტებსაც წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობისა და ბიზნესორგანიზაციების მოზრდილი ნაწილი, ნიშნავს, ირიბად მაინც, ამგვარი კონტროლის გავრცელებას ეკონომიკისა და მოსახლეობის შესაბამის ნაწილზეც.

ყურადღებას იპყრობს ის ფაქტიც, რომ პროკურატურის ნარატივში ასევე ფიგურირებს „ტვ პირველის“ დამფუძნებლის გვარიც, რაც გვაფიქრებინებს, რომ იერიშის ობიექტი შეიძლება ასევე გახდეს დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომლის პოპულარობა ქვეყნის მოსახლეობაში დღითიდღე იზრდება.

და ბოლოს, ვინაიდან „თიბისი ჰოლდინგი“ არის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომლის მიზანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაა, რასაც, თავის მხრივ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მდგომარეობის განვითარების თვალსაზრისით, მიმდინარე გამოძიებას, შესაძლოა, შედეგად მოჰყვეს საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტის წარუმატებლად დასრულება. ეს კი შეიძლება ხელს აძლევდეს მხოლოდ იმ ქვეყანას, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამ ხელისუფლებას უწინაც ჰქონია არაერთი ძალისხმევა, სამართალდამცავი სისტემა პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად გამოეყენებინა, მათ შორის, საქმიანი გარიგებების შემთხვევებშიც (გავიხსენოთ, მაგალითად, „ტრაქტორების საქმე“ და „კაბელების საქმე“). ყველა ეს მცდელობა წარუმატებელი და საზიანო აღმოჩნდა თვით სამართალდამცავი სისტემისა და მთლიანად ქვეყნისათვის. ზიანი გაცილებით უფრო მასშტაბური შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში, ზემოხსენებული ინტერესების მაღალი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელთა ხელყოფაც მოსალოდნელია მოხდეს მოცემული გამოძიების შედეგად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის