ლია მუხაშავრია - დავინახეთ ცუდი სურათი: ბიძინა ივანიშვილს  უჭირს გუნდის მართვა და იძულებულია ზოგიერთს “თავი მოკვეთოს“, ზოგიერთი „ჩამოახრჩოს“

დავინახეთ ძალიან ცუდი სურათი -ბიძინა ივანიშვილს ძალიან უჭირს იმ გუნდის მართვა, რომლითაც ის მოვიდა ხელისუფლებაში და ახლა იძულებულია ზოგიერთს “თავი მოკვეთოს“, ზოგიერთი „ჩამოახრჩოს“, ხოლო ზოგიერთი „გააძევოს“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა ლია მუხაშავრიამ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

მეორე მხრივ, მისივე თქმით, ივანიშვილის განცხადებით დადასტურდა, რომ ბესელიას გადადგომა არ იყო დაკავშირებული მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან და მან უბრალოდ სცადა თავისი გადადგომა ფასადურად გაელამაზებინა.

„ბესელიას მთელი ამდენი წლის განმავლობაში მართლაც ჰქონდა ქმედითი ბერკეტები, რომ მოსამართლეების და იუსტიციის საბჭოს საკითხი იურიდიულად, სამართლებრივად, კანონში შეტანილი ცვლილებებით გამოსწორებულიყო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მას დიდი ხნის წინ შესთავაზეს პარლამენტის ვიცე-სპიკერად გადასვლა, რადგან ის გარკვეულწილად მიუღებელი იყო გუნდისთვის ჩვენთვის უცნობი, ან ნაწილობრივ ნაცნობი ქმედებების გამო. ასევე გასაგები გახდა ბესელიას გადადგომისთანავე კომიტეტის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევა მაშინ, როცა ეს ადამიანი საერთოდ გაიწვია იურიდიული კომიტეტის წევრობიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს ამბები, შიდა დაპირისპირება დიდი ხანი მიდიოდა, უბრალოდ ეკა ბესელიამ, როგორც გამოცდილმა პოლიტიკოსმა სცადა მოსამართლეების საკითხი გამოეყენებინა, ამიტომ მისი ეს ნაბიჯი შეიძლება გასაგებიც იყოს. ახლა, როცა ეკა ბესელია ყურადღების ეპიცენტრშია მოხვედრილი, ის რატომღაც მივლინებას მივლინებაზე აკეთებს და უცხოეთიდან არ ჩამოდის, ან ჩამოდის ძალიან მცირე ხნით, ეს უფრო მაფიქრებინებს, რომ ის არის განწირული, თუმცა არ მგონია, რომ მთავარი ზვარაკია. შესაძლოა, მისი ამბიციები იყო ძალიან შორს წასული და მოთოკვა გახდა საჭირო, მაგრამ მასაც და „ქართულ ოცნებაში“ ყველას ეყოფა იმდენი ჭკუა, რომ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ გამოვიდეს, რადგან ივანიშვილის ხელდასმით გახდნენ ისინი პარლამენტის წევრები“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

მისივე შეფასებით, ეკა ბესელიას მხრიდან ძალიან დიდი უგუნურება იქნებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილს დაპირისპირებოდა.

„მაქსიმუმი, რაც მან გააკეთა, არის ის, რომ შეიქმნა იმიჯი სამართლიანობისთვის მებრძოლის და ასევე საკმაოდ სახელგატეხილი პარლამენტის თავმჯდომარესთან დაპირისპირებით შეიქმნა იმიჯი, თითქოსდა ოპოზიციის ლიდერობას აპირებდეს. სწორედ ამიტომ გააკეთა ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა, რომ ეს არ მოხდეს. ახლა გამოჩნდა, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და მოზაიკის ყველა ქვა თავის ადგილას არის. დავინახეთ ძალიან ცუდი სურათი, ბიძინა ივანიშვილს ძალიან უჭირს იმ გუნდის მართვა, რომლითაც ის მოვიდა ხელისუფლებაში და ახლა ის იძულებულია ზოგიერთს „თავი მოკვეთოს“, ზოგიერთი „ჩამოახრჩოს“, ზოგიერთი გააძევოს “, - აღნიშნა მუხაშავრიამ.

მუხაშავრია ასევე გამოეხმაურა ივანიშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის ამბობს, რომ „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში დღეს 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლეა წარმოდგენილი, რაც ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას, აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სურვილს, სწრაფად წარმოედგინათ მოსამართლეობის კანდიდატები, ჰქონდა ობიექტური საფუძველი“.

„რაც შეეხება მოსამართლეების სიას, ასეთი აღმაშფოთებელი მოსამართლეების შემადგენლობა, რომელზეც მთელმა სამოქალაქო საზოგადოებამ ლამის წივილ-კივილი ატეხა, არ შეიძლებოდა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე ყოფილიყო შეთავაზებული. ჩვენი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს აწყობს ჯიბის სასამართლო და ეს დასაწყისი შეიძლება „თიბისი ბანკის“ საქმემდე მიდიოდეს, გასაგებს ხდის იმას, რომ მმართველ გუნდს უნდა ჯიბის სასამართლო ჰყავდეს. მე ვფიქრობ, რომ მმართველ გუნდში პირადი დაპირისპირება და საკუთარი კარიერული ვნებები იყო მთავარი და არა ის, რომ ეს აღმაშფოთებელი 10 კანდიდატი დასახელდა. სამწუხაროდ, ესენი ყველანი ერთი გუნდიდან მოდიან, უბრალოდ ზოგიერთის ამბიციები ძალიან შორს წავიდა და მან დღეს გადაწყვიტა წერტილი დაესვა ყველაფრისთვის“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა