მამუკა ხაზარაძის ადვოკატი - ფული რომ გათეთრდეს, ის უნდა იყოს შავი, ანუ შემოსავალი უნდა იყოს უკანონო

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე იმ ტრანსაქციასთან დაკავშირებით, რომელზეც პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს, დამატებით განმარტებას აკეთებს.

განმარტებას კორძაძე სოციალურ ქსელში აკეთებს და რამდენიმე მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„თიბისი ბანკის“, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გარშემო ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მე როგორც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი, საჭიროდ ვთვლი რამდენიმე განმარტების გაკეთებას:

· 2007-2008 წლებში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კრედიტორებისგან ისესხეს თანხები ბანკის კაპიტალის გასაზრდელად. ჯამში მოზიდული იქნა დაახლოებით 80 მილიონი $ სხვადასხვა კერძო პირებისა და საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტებიდან, მათ შორის ამერიკული, ბრიტანული, ჰოლანდიური ფონდებისგან. ამ თანხაში შედიოდა სამგორიდან აღებული ხსენებული 17 მილიონი დოლარი. აღნიშნული თანხები მოხმარდა ბანკის საჭიროებებს, მათ შორის ბანკის კაპიტალის გაზრდას. არც ერთი თეთრი არ გამოყენებულა სხვა მიზნებისათვის, რაც თეორიულადაც კი გამორიცხავს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (‘ფულის გათეთრების’) ნიშნებს.

· არაიურისტებისთვის განვმარტავ: ფული რომ გათეთრდეს, ის უნდა იყოს შავი, ანუ შემოსავალი უნდა იყოს უკანონო, რათა მას მიეცეს კანონიერი სახე. ვციტირებთ შესაბამის მუხლს:

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა...“

· აღნიშნული ტრანსაქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიწოდებული აქვს როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე პროკურატურას. სასამართლოში დაკითხვის დროს როგორც მამუკა ხაზარაძემ, ასევე ბადრი ჯაფარიძემ ამომწურავად უპასუხა გამოძიების ყველა კითხვას.

· ვფიქრობ ეს განმარტებები საკმარისია, რომ პასუხი გაეცეს ფულის გათეთრებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას და შეწყდეს ამ ტერმინების გამოყენება.

· მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან პასუხი გასცენ აღნიშნულ ტრანსაქციებთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას“, - აცხადებს ზვიად კორძაძე.

იხილეთ ვიდეო: "ფული რომ გათეთრდეს, ის უნდა იყოს შავი" - ხაზარაძის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა