ადვოკატი - დ.ღ. პირველი კლასიდან დათო სარალიძის მეგობარი, მისი ახლობელი, თითქმის ოჯახის წევრი იყო

დ.ღ. პირველი კლასიდან დათო სარალიძის მეგობარი, მისი ახლობელი, თითქმის ოჯახის წევრი იყო. სამარცხვინო პროკურატურა გვყავს, რომელმაც ამ ბავშვის დაკავებით სიბინძურე ჩაიდინა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს ადვოკატმა, ფრიდონ სიხუაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი უდანაშაულოა და ამას სასამართლოში დაკითხული ყველა მოწმის ჩვენება ადასტურებს.

"ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სასამართლო დ.ღ.-ს დღემდე ამყოფებდა პატიმრობაში, არასრულწლოვან მოწმეებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტი იყო. ასევე, 19 იანვარს საპატიმრო ვადა ეწურებოდა. საათზე მეტხანს იყო მოსამართლე სათათბიროდ გასული. ჩემი ვარაუდით, შესაძლებელია, ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ის მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის უდანაშაულო. ყველა მოწმემ ცალსახად დაადასტურა მისი უდანაშაულობა. ცრუ ჩვენებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, არც ერთი მოწმე არ იყო აზრზე. სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებაში ისმის, რომ დ.ღ. საუბრობს "მე შევხვდი ზაზა სარალიძეს და ჩვენ ვისაუბრეთო".

დ.ღ. დათო სარალიძის მეგობარი პირველი კლასიდან, მისი ახლობელი, თითქმის ოჯახის წევრი იყო. სამარცხვინო პროკურატურა გვყავს, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს დ.ღ.-მ არ მისცა ჩვენება, თითქოს, მეგობრის მკვლელს დააფარა ხელი. ეს სიბინძურე გააკეთა პროკურატურამ და ხელისუფლებამ ამ ბავშვის დაკავებით. არც სახელმწიფოს და არც პროკურატურას სურს ამ საქმეზე სიმართლე რომ დადგინდეს", - აცხადება სიხუაშვილი.

მისი ვარაუდით, ამ საქმეზე მომუშავე ყველა პირმა მტკიცებულებების განადგურებასა და საქმის ცალმხრივად წარმართვაში მიიღო მონაწილეობა. "ყველას, ვინც კი ამ საქმეზე მუშაობდა, მიუძღვის წვლილი საქმეში მტკიცებულებების სავარაუდო განადგურებაში, დამნაშავეების ხელის დაფარებასა და არაობიექტურად, ცალმხრივად გამოძიების წაყვანაში. დაწყებული ირაკლი შოთაძიდან, რიგითი გამომძიებლებით დამთავრებული, ყველას მიუძღვის ამაში სავარაუდოდ, წვლილი", - დასძენს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანი დ.ღ. დღეს სხდომათა დარბაზიდან 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას ექსვთვიანი საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა