თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ჟურნალ  „Forbes Georgia“ –ში გამოქვეყნებულ სტატიას პასუხობს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავტორიზებულია ავტორიზაციის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში და უპირობოდ, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს, რომლითაც ეხმიანება ჟურნალ Forbes Georgia –ს სტატიას. „ინტერპრესნიუსი“ თსსუ-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ჟურნალ Forbes Georgia –ს 2019 წლის 13 იანვრის გამოცემაში გამოქვეყნდა სტატია სათაურით - „რომელი ქართული უნივერსიტეტები აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს?“, რომელშიც მითითებულია, რომ „...24 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, სადაც შედიან, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტები - მხოლოდ ერთმა კერძო - თავისუფალმა უნივერსიტეტმა და ერთმა სახელმწიფო უნივერსიტეტმა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიმსახურა უპირობო ავტორიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უნივერსიტეტებს შეუძლიათ შემდეგი 6 წლის განმავლობაში ისე გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, რომ რამე დამატებითი პირობის შესრულება ან ანგარიშის წარდგენა აღარ მოუწიოთ“.

ზემოაღნიშნული სტატიის აქ წარმოდგენილი ამონარიდი არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან, ასევე, უპირობო ავტორიზაცია დაიმსახურა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, რომელსაც, ისევე როგორც ზემოხსენებულ ორ უნივერსიტეტს (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტს) რაიმე დამატებითი პირობის შესრულება ან ანგარიშის წარდგენა აღარ მოუწევს შემდეგი 6 წლის განმავლობაში. სტატიაში მოცემული უზუსტობა სსიპ- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან მიმართებაში ხელყოფს ექიმთა მომზადების საქმეში უდიდესი ტრადიციების მქონე ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პრესტიჟსა და საქმიან რეპუტაციას, უმაღლესი სასწავლებლისა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად 68 უცხო ქვეყნის წარმომადგენელი იღებს სამედიცინო განათლებას.

სტატიაში დაშვებული უზუსტობის თაობაზე ეცნობა ჟურნალ „Forbes Georgia“ –ს რედაქციას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024