რატომ შეიძლება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდოდეს კანონი გაავრცელოს დაფინანსებაზე, რომელიც მოდის ევროკავშირიდან, რომელსაც, თავადვე ამბობს, რომ სურს შეუერთდეს,- ეს იყო ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელიც „ინტერპრესნიუსის” რესპონდენტს და ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროს მკვლევარს სტივენ ბლოკმანსს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გაუჩნდა.
„ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ბლოკმანსმა მკაფიოდ განსაზღვრა ის რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მისი აზრით, აღნიშნული კანონის მიღება არ შეიძლება. მან ის განსხვავებებიც დაასახელა, რაც საქართველოში დარეგისტრირებულ კანონპროექტს ევროკავშირში, განხილვაში არსებული კანონპროექტისგან ფუნდამენტურად განასხვავებს.
- პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენთან საუბრის შესაძლებლობისთვის, საქართველოსთვის ამდენად მნიშვნელოვან დროს. ასევე, მსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან საკვანძო დროს ჩამოხვედით. მინდა გთხოვოთ გაგვიზიაროთ მთავარი გზავნილები, რომლებიც ვიზიტისას გააჟღერეთ. ვიცი, რომ რამდენიმე პანელურ შეხვედრას დაესწარით.
- საქართველოში დაბრუნება ნამდვილად ფანტასტიურია, აქ ბევრჯერ ვარ ნამყოფი, თუმცა არასდროს ასეთ საკვანძო მომენტში, როგორიც არის დღეს და ზოგადად, ამ დღეებში. რა თქმა უნდა, დისტანციიდან ვაკვირდებით საკანონმდებლო წინადადების ინიცირების ირგვლივ სიტუაციის განვითარებას. ვიფიქრე, რომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ევროპის დღეების თბილისში გატარება - ევროპის დედაქალაქში, სადაც ევროპული ღირებულებები ყველაზე ხმამაღლა არის დაცული მასობრივი სამოქალაქო ჩართულობით. უკუკავშირი იმ გზავნილებზე, რომლებიც მე გავაჟღერე,სასიამოვნო იყო და სიმართლე გითხრათ, იმედი ჩამისახა, რომ არის უფრო ნათელი მომავალი საქართველოსთვის, ვიდრე ამას მმართველი პარტია ხატავს მოცემულ მომენტში.
ჩემი გზავნილი იყო, რომ მმართველი პარტია მიჰყვება ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო გზას, რასაც საკუთარი საქმიანობით ამტკიცებს. იმისთვის, რომ პროგრესის გზაზე დაბრუნება მოხდეს და იმ რეფორმებზე ორიენტირება მოხდეს, რომლებიც თანხვედრაშია გამჭვირვალობასთან, ადამიანის უფლებებთან, ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და ევროპულ ღირებულებებთან, აუცილებელია, რომ ადამიანებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ევროკავშირში გაწევრიანებას, თანაც უდიდესი პროცენტულობით, შეინარჩუნონ წნეხი ხელისუფლებაზე.
- იქამდე სანამ უფრო კონკრეტულად ვისაუბრებდეთ იმაზე, რაც აწუხებს საქართველოს და ქართველებს მოცემულ მომენტში, მსურს გთხოვოთ, ზოგადად შეაფასოთ საქართველოს შესაბამისობა ევროპულ ღირებულებებთან...
- ზოგად კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზიარებთ ევროპულ ღირებულებებს, რაც აღბეჭდილია ადამიანის უფლებათა რამდენეიმე კონვენციაში. თუმცა უკანასკნელ პერიოდში გაწევრიანების პროცესთან ერთად, რომელიც საქართველომ დაიწყო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანით, ევროკომისიამ და წევრმა ქვეყნებმა განსაზღვრეს 9 ნაბიჯი, პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც უნდა შესრულდეს, თუმცა თუ მხედველობაში მივიღებთ იმ საკანონმდებლო წინადადებებს, რომელსაც მმართველი პარტია წარმოადგენს, იქნება ეს პოლიტიკური პარტიებისთვის გენდერული კვოტირების გაუქმების დაჩქარებული პროცესი პარლამენტში, თუ ეს იქნება ლგბტ პირების უფლებებთან დაკავშირებული კანონპროექტი, ასევე, შესწორება, რომელიც შევიდა საგადასახადო კოდექსში და ამასთან გამჭვირვალობის/აგენტების შესახებ კანონის ხელახლა შემოტანა, თავს ვერ აარიდებ დასკვნას, რომ ყველა მიმართულებით საქართველომ უკან დაიხია იმასთან მიმართებით, რასაც ევროკავშირი ელის კანდიდატი ქვეყნისგან.
- როგორ ფიქრობთ, ეს არის საქართველოს უკან დახევა მხოლოდ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 პუნქტიდან, თუ ზოგადად, საქართველოს უკან დახევა დემოკრატიის კუთხით?
- ვფიქრობ, ნამდვილად თქვენ სწორ საკითხზე მიუთითებთ, რადგან ეს არ არის მარტივად, მხოლოდ, შესაბამისობის შემოწმება 9 ნაბიჯთან დაკავშირებით ევროკომისიის მხრიდან. რეალური შეშფოთება, რა თქმა უნდა, ეხება იმას, სად მიჰყავს მმართველ პარტიას მთლიანი ქვეყანა,რაც არის მოშორებით დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისგან და უფრო მეტად ავტოკრატიული მიმართულებით.
„უცხოური აგენტების“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანა პირდაპირ არის რუსეთის მიერ შთაგონებული, როგორც ბელარუსში, სადაც 2012 წლიდან სისტემურად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები იქნა ამოძირკვული და ეს, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად საპირისპირო იმისა, რის გაკეთებასაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ელიან. მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია, რომ ეს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება იმას, თუ სად სურს ქვეყნის მოსახლეობას მომავალში საქართველოს ხილვა.
- რაც შეეხება უშუალოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, თქვენი შეფასებით, რამდენად შეესაბამება ის ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, რადგან ჩვენ გვესმის ბევრი განცხადება, რომელიც კეთდება ევროკავშირისა თუ სხვა ოფიციალური პირების მხრიდან, რომ თუ საქართველოში ამ კანონპროექტის მიღება მოხდება, ეს იქნება დაბრკოლება ევროკაშირისკენ სავალ გზაზე.
- „უცხოური აგენტების“ კანონი, იმ ფორმით, როგორც ის არის წარმოდგენილი, ცალსახად ნაკლოვანია ბევრი მიმართულებით, პირველ რიგში, ის ახდენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზებას, მარტივად, უცხოური ფონდის მიღების ბაზაზე. თუ ამას შეადარებთ ევროპულ კანონმდებლობას - ევროკავშირში შეთავაზებულ კანონმდებლობას, თუ ეროვნულ კანონებს საფრანგეთში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში, საკვანძო განსხვავება არის ის, რომ ამ ევროპული კანონების სამიზნე არის არადემოკრატიული ქვეყნები და არა ევროკავშირის წევრი ქვეყნები. კანონის სამიზნედ განსაზღვრული არიან შუამავლები, როლებიც მოქმედებენ ავტოკრატიული, არადემოკრატიული მესამე ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით - ჩინეთის, რუსეთის, თურქეთის, როგორც ეს აღნიშნულია საფრანგეთის შემთხვევაში. ეს არის პირველი ფუნდამენტური განსხვავება, რომელიც აღქმული უნდა იქნას.
მეორე განსხვავება ის არის, რომ ევროპულ კონტექსტში, ქვეყანაში, სადაც მმართველი პარტია „უცხოური აგენტის“ კანონს წარადგენს პარლამენტში, არის ძალიან მაღალი დაცვა მართლმსაჯულების თვალსაზრისთ, იმისთვის, რათა აღკვეთოს ნებისმიერი სახის გადაჭარბება ხელისუფლების მხარეს. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუციები, რომლებიც ატარებენ გამოძიებას და დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც ეძებს შესაბამისობას ადამიანის უფლებების უმაღლეს ნორმებსა და ფუნდამენტური თავისუფლების სტანდარტებთან, რაც მოქმედებს ევროკავშირში. ამ თვალსაზრისითაც, ქართული „უცხოური აგენტების“ კანონი ნაკლოვანია. შესაბამისად, გასაოცარი არ არის, რომ ევროკავშირი და მისი სხვადასხვა ლიდერი, დიპლომატები, მის წინააღმდეგ გამოდიან.
- ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ როგორც წინა შემთხვევებში, კვლავ გაიმეორა, რომ საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ამ კანონპროექტის უკან გაწვევა და მისი არ მიღება, მაგრამ თუ მაინც ის უნდა იქნას მიღებული, ეს უნდა იყოს აბსოლუტურად განსხვავებული ფორმის. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს მთავარი ცვლილება, რომ ეს კანონი მისაღებად ჩაითვალოს?
- პირველ რიგში, კანდიდატი ქვეყნისგან საკმაოდ უცნაურია იმ დაფინანსების მიზანში ამოღება, რომელიც მოდის ორგანიზაციებიდან, რომელთაც სურთ,თქვენს ქვეყანას შეუერთდეს. რატომ შეიძლება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდოდეს კანონი გაავრცელოს დაფინანსებაზე, რომელიც მოდის ევროკავშირიდან, რომელსაც, თავადვე ამბობს, რომ სურს შეუერთდეს. უკვე აღვნიშნე, რომ არც ერთი ევროპული კანონმდებლობა არ არის მიმართული თავად ევროკავშირისკენ, არამედ ეხება არადემოკრატიულ და ავტოკრატიულ სახელმწიფოებს. ასე რომ, ეს უნდა იყოს პირველი საკითხი და ეს არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო იმ ფილოსოფიის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, დედაქალაქის მერი და ბევრი სხვა სპიკერი ავითარებს უკანასკნელი კვირების განმავლობაში. და კიდევ,რა თქმა უნდა, ეს არის დაცვის მექანიზმები, რომლებიც უნდა დაწესდეს ხელისუფლებაზე, რომ მათ არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები, როგორიც არის გამოხატვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება, რითიც ორგანიზაციები, რომლებიც ახლა სამიზნეებად არიან ქცეულები, სარგებლობენ და რასაც დინამიური დემოკრატია და საზოგადოება ეყრდნობა.
- ჩვენი ხელისუფლება საკმაოდ თამამია თავის განცხადებებში, რომ ისინი მაინც შეძლებენ ამ კანონპროექტის მიღებას, მიუხედავად განცხადებებისა, რომლებიც კეთდება საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან. შესაბამისად, მინდა გკითხოთ, თქვენი აზრით, რა უარყოფითი შედეგი შეიძლება დადგეს მისი მიღების შემთხვევაში?
- აშკარაა, რომ ხელისუფლება წარმოაჩენს საკუთარ თავს, როგორც თავისი დასავლური მოწოდებისა და სტრატეგიული პარტნიორების მოწინააღმდეგე ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის გეოპოლიტიკური რეორიენტაცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, რაც ფუნდამენტურად საწინააღმდეგოა ევროინტეგრაციის პროცესის.
რაც შეეხება შედეგებს, წევრი ქვეყნების დედაქალაქებსა და ევროინსტიტუტებში განიხილავენ სხვადასხვა შესაძლებლობის პაკეტებს. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც მოთხოვნილია კანდიდატი ქვეყნის სტატუსისა და გაწევრიანების წინა პროცესის შეჩერება, რაც საკმაოდ რადიკალურია პოლიტიკური და დიპლომატიური კუთხით. ასე მოხდა თურქეთის შემთხვევაში, რადგან, საბოლოოდ, თურქეთმა განავითარა მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, როგორც ამას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს, რაც არ მოდის თანხვედრაში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან და რამაც, საბოლოო ჯამში, ევროკავშირს საშუალება მისცა მიეტოვებინა გაწევრიანების წინა პროცესი და მოლაპარაკებები ინდივიდუალურ საკითხებზე გაწევრიანების თვალსაზრისით ახლა გაყინულია. ასე რომ, იგივე შეიძლება მოხდეს საქართველოსთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, სხვა გზებიც არსებობს ზეწოლისთვის სხვადასხვა პირებზე მმართველი ელიტის შიგნით, მიზანმიმართული სანქციების სახით, თუ, რა თქმა უნდა, იქნება ამის სამართლებრივი საფუძვლები კორუფციის ან ევროპული სანქციებისთვის გვერდის ავლის კონტექსტში, საგადასახადო კოდექსში შესწორებების გათვალისწინებით, შეიძლება შეიქმნას მსგავსი სამართლებრივი სივრცე, რათა მოხდეს მიზანმიმართული სანქციების დაწესება ოლიგარქსა და მისი გარემოცვისთვის. რა თქმა უნდა, ასევე არსებობს დისკუსია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, რაც ერთი მხრივ, უარყოფით გავლენას მოახდენს ქართველ ხალხზე, ვისაც მოუწევს უფრო მეტი ადმინისტრაციული პროცედურის გავლა იმისთვის, რათა შეძლონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობა. ეს ქმნის მეტ ზეწოლას ადამიანებზე, რომლებიც, დიდი ალბათობით, თავის მხრივ ზეწოლას განახორციელებენ ხელისუფლებაზე, რათა შეცვალონ საკუთარი პოზიცია. ამასთანავე, ეს არ შეზღუდავს ევროკავშირის მიმართულებით ფრენას, უბრალოდ გახდის პროცესს უფრო რთულს. შესაბამისად, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც, ასევე, შეიძლება ელოდოთ და უფრო დაბალ დონეზე განიხილება ახალი დაფინანსებების და ფინანსური დახმარების გადადება, რომელიც მოედინება სახელმწიფოსკენ.
- ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი ემსახუხრება მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას. თქვენ რამე საფრთხეებს ხედავთ ?
- ვფიქრობ, ამ საკითხით სპეკულაციაც კი არ გვჭირდება, რადგან ამ კანონის დამტკიცებამდეც კი მისი ამოქმედება მოხდა - თქვენ ხედავთ პოსტერების კამპანიას, რომელიც თითქმის ფაშისტურ მეთოდებს მოიცავს და განთავსებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო სივრცეებთან, ან მათ სახლებთან და ოჯახის წევრების საცხოვრებლების კედლებზე. ხედავთ, დაშინების კამპანიას, რომელიც ცხადია, რომ მასობრივად არის ორკესტრირებული ქოლ-ცენტრებიდან, რაც საჭიროებს დაფინანსებას და სახელმწიფო აპარატის ჩართულობას, სულ მცირე იმისთვის, რათაამ ადამიანების ტელეფონის ნომრების მოპოვება მოხდეს. ეს არის რეპრესიული მექანიზმების ტიპი, რომელიც ჩვენ ვნახეთ გამოყენებული რუსეთში, ბელარუსში, ნაცისტურ გერმანიაში და სხვა ადგილებში და არ ვისურვებ, რომ საქართველო წავიდეს იმავე მიმართულებით.
აბსოლუტურად საკვანძოა, რომ ზეწოლა მოდიოდეს შიგნიდან და სამოქალაქო საზოგადოება ამ მიმართულებით თავის როლს ასრულებს მასობრივი საპროტესტო აქციებით და ეს უნდა გაგრძელდეს, ასევე, მნიშვნელოვანია ზეწოლა გარედან, რაც მოიცავს მაღალი დონის ვიზიტების გაგრძელებას ევროკავშირის ლიდერებისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. თუ საქართველოს პარლამენტის სპიკერს არ სურს, შეხვდეს თავის კოლეგებს, სხვადასხვა ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეეებს, არაფერი შეიძლება უკვე გაკეთდეს ამ მიმართულებით, მაგრამ ეს საკმაოდ ხმამაღლა საუბრობს მმართველი პარტიის ჩართულობაზე ევროკავშირთან, რომელსაც, როგორც ამბობს სურს შეუერთდეს, მაგრამ როგორ უნდა შეათავსო ეს ორი რაღაც? - ეს შეუძლებელია.
- მსურს ჩვენი დიალოგი უფრო კონცენტრირებული გავხადო საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის წევრი, სულ მცირე ქართველ ხალხს ჯერ კიდევ სურს გახდეს ევროკავშირის წევრი და დარწმუნებული ვარ, ეს ყოველთვის ასე იქნება. ამიტომ, გთხოვ აგვიხსნათ, რამდენად უნიკალურია ის ვითარება, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა უკრაინაში რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი შეჭრის შემდეგ, რამაც გახსნა შესაძლებლობათა ფანჯარა საქართველოსთვის უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირისკენ სავალ გზაზე. როგორ შეაფასებდით ამ შესაძლებლობას?
- 3 წლის წინ არავინ იფიქრებდა, რომ საქართველო იქნებოდა იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ის ახლაა, ეს არის საერთაშორისო და შიდაპოლიტიკური ფაქტორების ერთიანობის შედეგი, როგორც ევროკავშირში, ასევე საქართველოში, რომელიც აღმოჩნდა ამ გადაწყვეტილების ხელის შემწყობი. მაგრამ ეს შეიძლება შეიცვალოს საქართველოს შიგნით არსებული მდგომარეობის გამო და ეს შეიძლება შეიცვალოს საერთაშორისო კონტექსტიდან გამომდინარეც. აქედან გამომდინარე, მჯერა, რომ ეს ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობაა.
- აქვე გკითხავთ, როგორია თქვენი პროგნოზი თუ საქართველო გამოტოვებს ამ შესაძლებლობას და ვერ გაივლის შესაძლებლობების ამ ვიწრო ფანჯარაში?
- მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას, რომელიც ადგილზეა 2012 წლიდან, რომელმაც შექმნა პატრონაჟის სისტემა ეკონომიკური და ფინანსური კუთხით, სახელმწიფო აპარატის მისიკონტროლისთვის მიერთებით... ამ ყველაფრის სრულად რეკონფიგურაცია იქნება საჭირო, რასაც წლები დასჭირდება. თუ პოლონეთის მაგალითს ავიღებთ, ევროკავშირის ფარგლებში, რომელიც საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა კაჩინსკის მმართველოს დროს, ახალ ხელისუფლებას სჭირდება მტკივნეული ძალისხმევა კანონის უზენაესობის განახლებისთვის, რომელიც შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. საქართველო ჯერ კიდევ ევროკავშირის ფარგლებს მიღმაა, ის ისარგებლებს ევროკავშირის დახმარებით, რომ დანიშნულ წერტილს მიაღწიოს, მაგრამ ასევე მეტად მოწყვლადი იქნება უცხოური მტრული გავლენების მიმართ, როგორიც, მაგალითად,რუსეთიდან მომდინარეობს.
- ჩემი ბოლო კითხვა იქნება ასეთი. რა არის თქვენი რეკომენდაცია ხელისუფლების მიმართ, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ხალხის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, რაც ახლა ქვეყანაში ხდება. რა ნაბიჯები უნდა გადადგან იმისთვის, რომ საერთო ნიადაგი გამოინახოს?
- ხელისუფლებისთვის ეს საკმაოდ მარტივია- გაიწვიონ „უცხოური აგენტების“ შეთავაზებული კანონპროექტი. მოუსმინონ ხალხს, გაიაზრონ მიმართულება, რომლითაც უნდათ სვლა ევროკავშირისკენ და დაიწყონ შესაბამისობაში მოსვლა იმ პრიორიტეტულ ნაბიჯებთან, რომლებიც იქნა განსაზღვრული ქვეყნის პროგრესისთვის ევროკავშირში წევრობის გზაზე.
ხალხისთვის ვიტყოდი, რომ აბსოლუტურად საკვანძოა ზეწოლის გაგრძელება. უსამართლობაა, რომ მათი ჩვენება მოხდა ამ საპასუხისმგებლო მდგომარეობაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის ვითარება, რომელშიც საზოგადოება ახლა იმყოფება და იმისთვის, რომ ცვლილება მოახდინოს, აბსოლუტურად საკვანძოა ზეწოლის შენარჩუნება, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისთვის.
ასევე ვიტყოდი, რომ მთელი ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს დღის წესრიგის ირგვლივ, რომელიც შთაგონებული იქნება ევროკავშირისკენ სვლით და რუსეთისგან დაშორებით.
სალომე აბულაშვილი
“ინტერპრესნიუსი”