ლევან დავითაშვილი ბერლინში გამართულ მინისტერიალს დაესწრო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბერლინში ყოველწლიურ გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 80-მდე სოფლის მეურნეობის მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმი ქალაქ ბერლინში საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული მე-11 გლობალური ფორუმის მთავარი განსახილველი თემა იყო „ციფრული სოფლის მეურნეობა, გონივრული გადაწყვეტილება მომავლის ფერმერებისთვის“.

როგორც ფორუმზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, იულია კლოქნერმა განაცხადა, კაცობრიობის უდიდეს გამოწვევად რჩება ბრძოლა შიმშილის წინააღმდეგ; სურსათზე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, სოფლის მეურნეობის განვითარებას გადამწყვეტი როლი ენიჭება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში, მექანიკური, ტექნოლოგიური, ბიოლოგიური, ქიმიური და ბიზნესის მართვის ინოვაციების მეშვეობით, გასამმაგდა სურსათის წარმოება, 800 მლნ ადამიანი მაინც შიმშილის ზღვარზეა. ასევე გამოწვევად რჩება ნიადაგის, წყლის, ენერგიისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით უკვე შესაძლებელი ხდება კლიმატის ცვლილებების წინასწარი პროგნოზირება, რაც სურსათის წარმოების ზრდის შესაძლებლობას იძლევა.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ, სურსათის წარმოების ზრდის კვალდაკვალ, აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გეოგრაფიაზე და სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებით მდგრადი პრინციპების დანერგვა ისე, რომ დაცული იყოს როგორც გარემო, ისე ბიომრავალფეროვნება, რომელიც მრავალფეროვანი და ინდივიდუალურია მთელ მსოფლიოში. მისივე თქმით, ციფრული ტრანსფორმაცია შეუქცევადი პროცესია; საქართველოს მთავრობა გამორჩეულია - საჯარო სფეროში სერვისების გაციფრულება უკვე განხორციელდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შექმნა ფერმერთა და ფერმების რეესტრი, რომელზე დაყრდნობითაც მოახდენს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროექტების განხორციელებას და ხელს შეუწყობს სოფლად სიღარიბის დაძლევას და ფერმერებისთვის შემოსავლების ზრდას.

მინისტრებმა ფორუმის ფარგლებში გამართულ პარალელურ სესიებზე განიხილეს ოთხი ძირითადი საკითხი: ციფრული ტექნოლოგიების პოტენციალის გამოყენება სოფლის მეურნეობაში, ფერმერების წვდომა ამ ტექნოლოგიებზე, ინფორმაციების უსაფრთხოება და ინფორმაციის სუვერენიტეტი და სტრუქტურული ცვლილებები სოფლის მეურნეობის ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობა.

მინისტერიალის დასასრულს, ფორუმის მონაწილეებმა შეიმუშავეს კომუნიკე, რომელმაც განსაზღვრა და დააწესა ძირითადი მიმართულებები პარტნიორი ქვეყნების მიერ 2019 წელს სოფლის მეურნეობის გაციფრულების საკითხებზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ბერლინში გამართულ მინისტერიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკითხებში დავით კირვალიძე და გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი ესწრებოდნენ.