საფრანგეთის ელჩი საქართველოში - იმედი გვაქვს, არ მოგვიწევს ისეთი ზომების მიღება, რომ კვლავ სავიზო რეჟიმი შემოვიღოთ და ამით კეთილსინდისიერი მოქალაქეები დაზარალდნენ

იმედი გვაქვს, რომ არ მოგვიწევს ისეთი ზომების მიღება, რომ კვლავ სავიზო რეჟიმი იქნას შემოღებული და ამით კეთილსინდისიერი მოქალაქეები დაზარალდნენ,- ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს მოქალაქეებისთვის მუშაობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. ელჩის თქმით, აღნიშნული უფლება ერთი წლის განმავლობაში სტუდენტებისა და გარკვეული პროფესიების მქონე პირებისთვის მოქმედებს.

„რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის გახსნას შესაძლებლობა, რომ გარკვეული კატეგორიისა და პროფესიების მქონე ადამიანები საფრანგეთში დასაქმდნენ. გარკვეული პერიოდის წინ გერმანიამაც მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება, საფრანგეთმა კი რამდენიმე კვირის წინ. ეს ძირითადად, ეხებათ სტუდენტებს, რომლებიც საფრანგეთში სწავლობენ და სურთ, რომ დასაწყისში, პროფესიული გამოცდილება მიიღონ. ეს იქნება ერთწლიანი პერიოდით. შეთანხმება ასევე ეხება გარკვეული პროფესიებისა და კატეგორიების მქონე ადამიანებს, რომელთათვისაც ჩვენ შევძლებთ ვიზების გაცემას. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმ მიმართულებით, რომ საფრანგეთს სურს, საქართველოსთან ჰქონდეს ორმხრივი გაცვლა ადამიანურ და სხვადასხვა დონეზე. ჩვენი მიზანია, საქართველოსთან ვაწარმოოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა. სამწუხაროდ, აგრეთვე არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები არამიზნობრივად იყენებენ საფრანგეთში გადაადგილების საშუალებებს და იმ მოტივით, რომ საქართველოში არიან დევნილები და გარკვეული პრობლემები აქვთ, ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს და ამით ისინი აზარალებენ იმ კეთილსინდისიერ მოქალაქეებს, რომლებიც თავისუფალი გადაადგილებით სარგებლობენ. ეს არის უპასუხისმგებლო ქცევა. ჩვენ შევეცდებით, რომ აღნიშნულს საქართველოში არსებულ სტრუქტურებთან ერთად სხვადახვა ზომის მიღებით შევეწინააღმდეგოთ. იმედი გვაქვს, არ მოგვიწევს ისეთი ზომების მიღება, რომ კვლავ სავიზო რეჟიმი იქნას შემოღებული და ამით კეთილსინდისიერი მოქალაქეები დაზარალდნენ, არ გვინდა, რომ ამით ისინი დავსაჯოთ”,-განაცხადა პასკალ მენიემ.

ამასთან, პასკალ მენიემ აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ საფრანგეთში საქართველოდან თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა.

მისი განცხადებით, 2018 წლის დეკემბრისთვის საფრანგეთს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით საქართველოს 1000-მდე მოქალაქემ მიმართა.

„ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამდე ჩვენ საქართველოდან ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით თვეში საშუალოდ, 200 პირი მოგვმართავდა, ხოლო მათი რაოდენობა, ვინც ეს სტატუსი მიიღო, დაახლოებით, 7%-ს შეადგენდა. მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა, მომართვიანობის ზრდის მიზეზი არ არსებობს, თუმცა ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვმა მოიმატა და 2017 წლისთვის თვეში საშუალოდ, 600-სს შეადგენდა, 2018 წლის დეკემბრისთვის კი 1000-მდე გაიზარდა. საფრანგეთი გულმოწყალე ქვეყანაა, თუმცა მიგვაჩნია, რომ უნდა მივიღოთ ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან, მაგალითად სირიიდან და ავღანეთიდან. საქართველოდან კი თავშესაფარს არა პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური მიზეზებით ითხოვენ, რაც არალეგალურია. აქედან გამომდინარე, ისინი თვითმფრინავით უკან ბრუნდებიან“, - განაცხადა პასკალ მენიემ.

იხილეთ ვიდეო: საფრანგეთის ელჩი საქართველოში - იმედი გვაქვს, არ მოგვიწევს ისეთი ზომების მიღება, რომ კვლავ სავიზო რეჟიმი შემოვიღოთ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო