დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ვირუსული ინფექციით დაავადებული ბავშვების მშობლებს მათი ახალგორიდან ე.წ. საზღვარზე  გამოშვებაზე უარი უთხრეს

ოკუპირებული ახალგორის შესასვლელი კვლავ ჩაკეტილია. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვის მიზეზად ე.წ. საზღვარზე კარანტინს ასახელებენ და ვირუსული ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ოკუპირებული დაბის მიმართულებით გზის გახსნას ჯერ არ აპირებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ ორ მოზარდს ვირუსული ინფექციის სიმპტომები აღენიშნებოდა, თუმცა, მაღალი ტემპერატურის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების მიუხედავად, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მშობლებს ნებართვა არ მისცეს, რომ ბავშვები სამკურნალოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოეყვანათ.

აღნიშნულ ინფორმაციას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილიც ადასტურებს.

,,ორი ბავშვი იყო ცუდად, სიმპტომატურად ვირუსული ინფექციის ნიშნებია, მაგრამ აქეთ გადმოყვანის საშუალება არ მისცეს მშობლებს და იძულებულები გახდნენ, მოზარდები ცხინვალის საავადმყოფოში გადაეყვანათ. თუმცა, არსებული ინფორმაციით, შესაბამისი მკურნალობის პირობები და საშუალებები ცხინვალის კლინიკაში არ არის. აღნიშნულის გარდა, გუშინ თვალის ოპერაციები იყო დაგეგმილი. 15 პაციენტიდან, 5 მათგანი ჩაკეტილ დაბაშია ჩარჩენილი, ვერც მათ შეძლეს გამოსვლა და გეგმური ოპერაციის ჩატარება“, - აცხადებს ნუგზარ თინიკაშვილი.

ე.წ. საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვის ამოქმედებიდან დღემდე მხოლოდ სამმა ადამიანმა შეძლო ოკუპირებულ ახალგორში შესვლა. სამივე მათგანი ოჯახის წევრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს