სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს სჭირდება ევროკავშირისა და საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი ჩართულობა, რათა მივაგნოთ კონფლიქტის ახლებურ მშვიდობიან გადაწყვეტას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

როგორც მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დონალდ ტუსკმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ძალისხმევას ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური გამოწვევების გასამკლავებლად.

აღინიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ივლისის თვეში ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ საერთაშოროსო კონფერენციაში, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ - ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატის 10 წლის იუბილეს მიეძღვნება.

სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტუსკს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისათვის, ევროპულ ინსტიტუციას კი, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი მხარდაჭერისთვის.

როგორც მედიისათვის გაკეთებული ერთობლივი განცხადებებისას სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია, რომლებიც ამჟამად დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, რომელიც ძალაშია მისი არჩევის შემდეგ.

,,მსურს ხაზი გავუსვა, იმას, რომ ჩემი არჩევა ევროპის მხარდაჭერის გამოხატულება იყო; ჩემი ევროპული წარსულის, რომელმაც, ასევე არცთუ მცირე როლი ითამაშა არჩევნებში ჩემს წარმატებაში.

საქართველომ განსაზღვრა ევროკავშირში ინტეგრაცია, როგორც მისი განვითარების ერთ-ერთი ცენტრალური პერსპექტივა.

წელს ჩვენ ვზეიმობთ მრავალ საიუბილეო წლისთავს. 15 წელია მას შემდეგ, რაც საქართველო შეუერთდა „სამეზობლოს“, მას შემდეგ, რაც ჩვენ გვითხრეს, რომ ეს თითქმის შეუძლებელი იყო; 10 წელს მას შემდეგ, რაც ჩვენ შევუერთდით პარტნიორობას; 5 წელს მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ ასოცირების შეთანხმება; და, როგორც მე ვიხუმრე, მაგრამ ეს არ იყო ბოლომდე ხუმრობა - ყოველ ხუთ წელიწადში ჩვენ რაღაც უფრო მეტი უნდა მივიღოთ. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ. რამდენადაც ჩვენ რეალისტები ვართ, ვიცით, რომ ამჟამად ევროკავშირი დგას სერიოზული კითხვების წინაშე და გარკვეული პასუხები, რომლებსაც ჩვენ ველოდებით, შესაძლოა, დაუყოვნებლივ, დღესვე არ იყოს მიღებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე მიმართულებით შევანელებთ თანამშრომლობასა და მუშაობას.

ჩვენ ვაპირებთ ვიზეიმოთ აღმოსავლეთის პარტნიორობა თქვენთან ერთად და, ასევე, ვგეგმავთ და ვფიქრობთ გვქონდეს ძალიან მნიშვნელვანი შეხვედრა ბათუმში, რადგან ეს იქნება დრო, რომ გადავხედოთ, რას მივაღწიეთ და ჩვენ ბევრს მივაღწიეთ, და ვიფიქროთ, როგორ მოვახდინოთ გასული წლების მიღწევების კონსოლიდირება, მაგრამ, ასევე, დავიწყოთ ფიქრი ჩვენი პარტნიორობის ახალ პოლიტიკურ შინაარსითა და, ჩვენს სხვა ასოცირებულ წევრებთან, რეგიონთან ერთად - უამრავი მიმდინარე მოვლენაა ჩვენს რეგიონში, კავკასიაში, შავ ზღვაზე და გვჭირდება, რომ შავი ზღვა კვლავ ვაქციოთ თანამშრომლობის საშუალებად, ევროკავშირისა და ჩვენი კავკასიის რეგიონის დასაკავშირებლად, რომ ეს იყოს დამატებითი ფაქტორი სტაბილურობისთვის და არა დაუცველობისათვის.

საქართველოს ევროპული წარსული არის ნამდვილად გზა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონულ სტაბილურობას, გააძლიერებს დემოკრატიულ განვითარებას რეგიონში და განაგრძობს ამ ურთიერთობების გაღრმავებას.

მინდა, განსაკუთრებით, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს იმ გამორჩეული როლისთვის, რომელსაც ევროკავშირი ასრულებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა არ არის გადაჭარბებული, ის ნამდვილად ცენტრალურ როლს ასრულებს, რადგან ის არის ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი ამ ძალიან მგრძნობიარე საოკუპაციო ხაზზე და ის უზრუნველყოფს უსაფრთხოების შეგრძნებას ამ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის და ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ განვაგრძოთ ამ ახალი ინიციტივის განვითარება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ.

ვფიქრობ, რომ ჩვენ, ასევე გვჭირდება საერთაშორისო საზოგადოების უფრო მეტად შეთანხმებული და ძლიერი ჩართულობა - ევროკავშირის და არა მხოლოდ, რათა მივაგნოთ კონფლიქტის ახლებურ მშვიდობიან გადაწყვეტას.

ყველა მიმართულებით, ვფირობ, ორივე მხარეს, თქვენც და ჩვენც გვჭორდება, ვიფიქროთ ჩვენს ირგვლივ არსებულ ახალ ვითარებაზე.

დაბოლოს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვიქნები ხშირი სტუმარი ბრიუსელში. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ თანახმა ხართ დაესწროთ კონფერენციას ბათუმში.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ევროკავშირის და ჩვენი პარტნიორების მაღალი დონის წარმომადგენლობა და ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მომავალი ურთიერთობებისთვის'', - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.

დონალდ ტუსკმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის უცვლელ მხარდაჭერას.

,,ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობა განსაკუთრებული და შორსმიმავალია.

ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და 2017 წლის მარტში, უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, 300 ათასზე მეტმა ქართველმა ისარგებლა ამ რეჟიმით“, - აღნიშნა ტუსკმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა