შესყიდვების სააგენტო - „ევროპული საქართველოს“ გავრცელებული ინფორმაცია, მოსწავლეების სასკოლო ტრანსპორტით მომსახურების გარეშე დატოვებაზე, სინამდვილეს არ შეესაბამება

„ევროპული საქართველოს“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, მუნიციპალიტეტებში ათასობით სკოლის მოსწავლეების სასკოლო ტრანსპორტით მომსახურების გარეშე დატოვების თაობაზე, არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზნად ისახავს საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას, - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სააგენტოს ცნობით, ვინაიდან 2019 წლიდან სასკოლო ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვას ახორციელებენ მუნიციპალიტეტები, 2018 წლის 27-28 დეკემბერს, სასკოლო ტრანსპორტით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ყველა მუნიციპალიტეტში, კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, გამოცხადდა ინდივიდუალური ტენდერები (სულ - 58 ტენდერი).

„კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადება მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო სახსრების დაზოგვის კუთხითაც, ვინაიდან ამ მომსახურებას მხოლოდ 3 კომპანია ახორციელებდა, ხოლო ღირებულება ყოველწლიურად იზრდებოდა. ახალი მიდგომების გათვალისწინებით, შემდგარი ტენდერებით მიღებულმა ეკონომიამ დაახლოებით ნახევარი მილიონ ლარი შეადგინა. ტენდერების გამოცხადების შედეგად, აღნიშნული მომსახურების სფეროში გამოჩნდნენ ახალი, მათ შორის, ადგილობრივი კომპანიები, რითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა კონკურენცია.

კონსოლიდირებული ტენდერებიდან დადებითად დასრულდა 9 მლნ. ლარის ღირებულების ტენდერები, რომლებზეც 18 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულებები, ხოლო ყველა იმ მუნიციპალიტეტმა, რომლებშიც ვერ შედგა ტენდერი, ხელახალი ტენდერების გამოცხადებამდე, ხელშეკრულებები გააფორმეს პირდაპირი წესით (გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით). შესაბამისად, მუნიციპალიტეტების სკოლებს სასკოლო ტრანსპორტის მომსახურება მიეწოდებათ შეუფერხებლად. ერთდღიანი შეფერხება იყო მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში, რომელიც უკვე აღმოფხვრილია. პოლიტიკური ორგანიზაცია „ევროპული საქართველოს“ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს მათ შორის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ლამბალოს სკოლასთან მიმართებაშიც. მუნიციპალიტეტს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 2019 წლის 21 იანვარს და სკოლის ბავშვთა ტრანსპორტირებას რაიმე სახის დაბრკოლება არ შექმნია. აღნიშნულს ადასტურებს კონტრაქტორი გადამყვანი კომპანიაც, ხოლო ხელშეკრულება საჯაროა, განთავსებულია შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

საკითხის სენსიტიურობის გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოუწოდებს ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“, - აცხადებენ სააგენტოში.

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ინფორმაციით, 21 იანვარს საქართველოს 36 რაიონის 100-ზე მეტი სკოლის ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშე დარჩა და ათობით კილომეტრის გავლა სკოლამდე ფეხით მოუწია. როგორც უგულავამ სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა, ამის მიზეზი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის"გაუაზრებელი გადაწყვეტილება გახდა", რომლის მიხედვითაც, რაიონებს სატრანსპორტო შესყიდვების ჩატარების შესაძლებლობა ჩამოერთვათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა