ვახტანგ ხმალაძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მიმართვას სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვება და იგი მხოლოდ პიარ-კამპანიის ნაწილია

იმედია, ან რომელიმე კომპეტენტური პირი განმარტავს, ჰყავს თუ აღარ ჰყავს პარლამენტს მოსამართლეებად ასარჩევი კანდიდატები ან თავად წარდგენილი კანდიდატები განაცხადებენ მკაფიოდ, რომ მათ უარი თქვეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე, - ამ განცხადებით „შენების მოძრაობის“ წარმომადგენელი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა განაცხადებას ეხმაურება.

“როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ერთობლივი განცხადება მოვისმინე, გარდა იმისა, რომ მოსამართლეები ბევრ მსგავს შეფასებას არ უნდა აკეთებდნენ, გამიჩნდა კითხვა: რას ნიშნავს პარლამენტისთვის მათი მიმართვა - “არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას“? შევეცადოთ ამის გარკვევას:

1.მოსამართლედ არჩევისთვის სავალდებულოა, არსებობდეს კანდიდატის თანხმობა, დაიკავოს მოსამართლის თანამდებობა. ასეთი თანხმობა არსებობდა და განცხადების ავტორთაგან არც ერთს არ უთქვამს უარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევაზე.

2. განცხადების ავტორები მოსამართლეები არიან და კარგად იციან, რომ მანამდე, სანამდე არსებობს კანდიდატის თანხმობა, კენჭი იყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად, პარლამენტი ვალდებულია გააგრძელოს საკითხის მსვლელობა და დაასრულოს იგი კენჭისყრით.

3. გამოდის, რომ ამ მიმართვას კანდიდატთა წარდგენილ სიასთან დაკავშირებით ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვება და იგი მხოლოდ პიარ-კამპანიის ნაწილია - ნახეთ, როგორი სახელმწიფოებრივი მიდგომებით გამოვირჩევით და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საზოგადოებრივი აზრიო.

4. თუ რამე არასწორად გავიგე, იმედია, ან რომელიმე კომპეტენტური პირი განმარტავს, ჰყავს თუ აღარ ჰყავს პარლამენტს მოსამართლეებად ასარჩევი კანდიდატები; ან თავად წარდგენილი კანდიდატები განაცხადებენ საჯაროდ და მკაფიოდ, რომ მათ უარი თქვეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოს პარლამენტს მიმართეს, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიმართავენ პარლამენტს, არ მისცეს მსვლელობა განხილვას.

განცხადებას ხელს აწერენ: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა