ლევან კობერიძე - პარტიის თავმჯდომარემ დღეს ყველაფერი გააკეთა, რომ გუნდის ერთიანობით იყოს მიღებული შეჯერებული გადაწყვეტილება

არავის გარიცხვის თემა დღის წესრიგში არ დგას, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, მოსამართლეთა საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში არის თუ არა მოსალოდნელი, რომ „ქართული ოცნების“ გუნდიდან წევრები გარიცხონ.

როგორც კობერიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე „ქართული ოცნების“ გუნდში ერთიან პოზიციაზე შეჯერების შესაძლებლობა არსებობს.

„შეხვედრის ფორმატით და შინაარსით მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან დეტალური მსჯელობა იყო იმ მთავარ თემაზე, რომელიც ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური დღის წესრიგია, რაც არის სამართლიანი სასამართლოს ფორმირების თემა. ყველას, ვისაც განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა, მიეცა საშუალება, გაეცვალათ ეს მოსაზრებები. თუმცა, იმდენად დიდია თემა, რომ დღეს ვერ დასრულდა და ხვალაც გაგრძელდება. არ არის გამორიცხული შემდგომ სხვადასხვა ფორმატებშიც გაიშალოს მსჯელობა. ეს არის სწორედ იმის დასტური, რომ გუნდს გათავისებული აქვს, ეს არ არის თემა, რომელიც შეიძლება ერთ დღეში წინასაახალწლოდ გადაწყდეს“, - განაცხადა კობერიძემ.

მისივე თქმით, მისთვის ტერმინი „ურჩი დეპუტატები“ მიუღებელია. კობერიძის განცხადებით, ამ შეხვედრაზე დეპუტატების დაყოფა არ ყოფილა. „ნამდვილად არ ყოფილა არც საყვედური და არც დაყოფა. მსჯელობა და აზრთა სხვადასხვაობა იყო მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ იდეალური გამოსავალი ამ სიტუაციიდან ალბათ, არის ის, რომ იუსტიციის საბჭოს იმ წევრებმა, ვინც ხმა მისცა იმ 10 კანდიდატს, თავისი ნებით დატოვონ თანამდებობები, ხელახლა მოხდეს შესაბამისი პროცედურით წევრების წარმოდგენა და პარლამენტმა აირჩიოს. ეს იყოს ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ ის კითხვის ნიშნები, რომლებიც შეიძლება არსებობდეს იუსტიციის საბჭოს წევრების მიმართ, არ გახდეს შემდგომში პოლიტიკური ვნებათაღელვის საგანი. აქ ყველამ უნდა გამოიჩინოს მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. იმედი მაქვს მივაღწევთ საერთო პოზიციას“, - განაცხადა კობერიძემ.

რაც შეეხება გუნდურობას, კობერიძე ამბობს, რომ მას გუნდურობად მიაჩნია სწორედ ის, რომ „თუკი ვხედავთ, რომ მმართველ გუნდს შეიძლება შეექმნას საფრთხე გადასადგემლი ნაბიჯებიდან გამომდინარე, დროულად მოვუწოდოთ ერთმანეთს, რომ ეს ნაბიჯი არ გადაიდგას“.

„მაგალითად, როგორიც იყო ამ სიის განხილვა პარლამენტის მიერ. გუნდურობის პოლიტიკური კულტურა „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად გააჩნია და ბევრჯერ დადასტურდა, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად მაინც გვაქვს შესაძლებლობა, ერთად ვიმუშაოთ და შევჯერდეთ პოზიციებზე. თუ ვერ შევჯერდებით, იქნება თავისუფალი კენჭისყრა სავარაუდოდ და ყველა თავის აზრს დააფიქსირებს. რაც შეეხება შეჯერების რესურსს, ნამდვილად არ არის ადვილი პოლიტიკოსების ერთ აზრზე მოყვანა, თუმცა ვფიქრობ, რომ აქ რესურსი გვაქვს“, - განაცხადა კობერიძემ.

რაც შეეხება გუნდში ცვლილებებს, კობერიძის თქმით, ცვლილებების საჭიროება ყოველთვის არსებობს, თუმცა, ეს ცვლილებები გუნდის გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს.

„არავის გარიცხვის თემა დღის წესრიგში არ დგას. პარტიის თავმჯდომარემ არათუ დაგვანახა სურვილი, რომ გუნდი ერთიანი იყოს, არამედ, დღევანდელ შეხვედრაზე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გუნდის ერთიანობით იყოს მიღებული შეჯერებული გადაწყვეტილება, რისთვისაც მადლობას ვუხდი“, - განაცხადა კობერიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა