ზურაბ დათუნაშვილი - ვიცი, რომ გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს - განცდა მაქვს, რომ სიმართლე იზეიმებს

დროის საქმეა, მაგრამ, მე ვიცი, რომ გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს. იმის განცდა მაქვს, რომ სიმართლე იზეიმებს, - ამის შესახებ ევროპის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დათუნაშვილი სამომავლოდ გეგა გეგეშიძესთან თანამშრომლობას არ აპირებს და ამისთვის შესაბამის მიზეზებსაც ასახელებს. ზურაბ დათუნაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას ეთანხმება იმ ნაწილში, რომ სასამართლომ გეგა გეგეშიძე პატიმრობაში არ დატოვა, თუმცა უკმაყოფილოა სასამრთლოს იმ გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად, გეგეშიძეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცა.

„გეგეშიძესთან არ ვითანამშრომლებ, ეს გამორიცხულია. ამის მიზეზი ის პრობლემებია, რაც აქამდე იყო - არასწორი მმართველობა, სპორტული კუთხით ადამიანების დაბლოკვა, ვინც მას თვალში არ მოსდის. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ პოსტიდან მისი წასვლით "ქვეყანა დაინგრევა" მე მგონია, რომ ეს ადამიანი სხვა რეალობაში ცხოვრობს. ბიჭების შრომას რომ საკუთარ თავზე იბრალებს, ეს არ ვიცი რას ნიშნავს“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

სპორტსმენის განმარტებით, მას მხარდამჭერებისთვის არ მიუმართავს, რომ ამ დღეების განმავლობაში გვერდში დადგომოდნენ.

„მე არ მომითხოვია არავის მხარდაჭერა. ამ ეტაპამდე ჯერ არ მივსულვარ. ეს ადამიანები ურეკავენ ძიუდოისტებს, რომ მოდით ხალხო და დაგვიდექითო და ასე აგროვებენ მხარდამჭერებს. მე კი ამ ეტაპამდე არ მივსულვარ. სიმართლემ უნდა იზეიმოს. თუ მივალთ მაგ ეტაპამდე ჩემს მხარდამჭერებსაც დაინახავთ. მე არავინ დამკავშირებია ამ დღეების განმავლობაში. ფედერაციის სახელით მამაო გამომიგზავნეს, ის მეუბნებოდა, რომ ზურაბ, ყველანაირად პრივილეგირებული იქნები, ყველა ტურნირზე წახვალ. მე ვუთხარი, რომ ზუსტად ამ პრივილეგიაზე მაქვს პრეტენზია-მეთქი, რომ არ უნდა იყოს ფედერაციაში ასეთი პრივილეგიები. მან მითხრა, მოდი, გავჩუმდეთ, ხმა არ ამოვიღოთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. მე ვუთხარი, რატომ უნდა იყოს ასე?! ჩემი სურვილი რა შუაშია, ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანად-მეთქი“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

ამასთან, ჰყავს თუ არა მას თანამოაზრეები იმის თაობაზე რომ გეგა გეგეშიძემ თანამდებობა დატოვოს, ევროპის ჩემპიონი ამბობს, რომ „დრო მოვა და ეს გამოჩნდება“. მოჭიდავემ ისაუბრა ასევე იმაზე, რომ ჭიდაობის ფედერაციაში მისი დაბლოკვა ხდებოდა, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ წასულიყო.

„ასეთი დაპირისპირების შემთხვევა, მე მგონი, ისტორიაში პირველია, როდესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი რკინის ნივთს იყენებს სპორტსმენის მიმართ. ფედერაციაში მყოფ ადამიანებს მტერი ჰგონიათ ის ადამიანი ვინც მათგან განსხვავებულ აზრს გამოთქვამს. ხდება ამ „მტრის“ ყველანაირად დაჩაგვრა. მე შემეძლო, რომ ფედერაციაში ვყოფილიყავი ხელშეუხებელი, მექნებოდა ყველაფერი, ვიჭიდავებდი, მაგრამ ასე არ მინდა“, - განაცხადა ზურა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გეგა გეგეშიძემ 5 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გუშინ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულება დატოვა.

იხილეთ ვიდეო: "იმის განცდა მაქვს, რომ სიმართლე იზეიმებს" - ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებზე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა