დავით უსუფაშვილი - თუ სინოდს უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის გადასაწყვეტად დრო სჭირდება, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არ უნდა „დაპაუზდეს“

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის თაობაზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებამ აღნიშნა,როგორც გამარჯვება რუსეთთან მასშტაბური დაპირისპირების მნიშვნელოვან ფლანგზე და ჩვენ პოლიტიკური თვალსაზრისით, მინიმუმ, უნდა მივესალმოთ ამ მოვლენას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „შენების“ მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, უკრაინის წარმატება ორი ქვეყნის ოკუპანტ რუსეთთან ურთიერთობაში არის პოლიტიკურად სასარგებლო მოვლენა საქართველოსთვის.

„უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, ჩემს ყოფილ კოლეგას, ანდრიი პარუბის ვულოცავ უკრაინის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ეროვნული კონსოლიდაციისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს - კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას.

ამასთანავე, ამ თემაზე საქართველოში მიმდინარე დისკუსიის, განსაკუთრებით, ეკლესიისკენ მიმართული პოლიტიკური წნეხის ფონზე, საჭიროდ ვთვლი განვაცხადო შემდეგი:

ზოგადად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, უკრაინის წარმატება ჩვენი ქვეყნების ოკუპანტ რუსეთთან ურთიერთობაში არის პოლიტიკურად სასარგებლო მოვლენა საქართველოსთვის. კონკრეტულად, ავტოკეფალიის თაობაზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებამ აღნიშნა, როგორც გამარჯვება რუსეთთან მასშტაბური დაპირისპირების მნიშვნელოვან ფლანგზე და ჩვენ პოლიტიკური თვალსაზრისით, მინიმუმ, უნდა მივესალმოთ ამ მოვლენას.

ქართული სახელმწიფო და მართლმადიდებელი ეკლესია საერთო ეროვნულ საქმეს თავ-თავისი საქმის სწორად კეთებით გააკეთებენ და არა ერთმანეთის „სწორ გზაზე დაყენების“ მცდელობით. კანონიკური საკითხების განხილვა პარლამენტის ტრიბუნიდან ისევე ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს, როგორც პოლიტიკის კეთება ამბიონიდან. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აკისრია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საეკლესიო-კანონიკური აღიარების საკითხის გადაწყვეტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა; ხოლო სახელმწიფოს უფლებამოსილი წარმომადგენლები ასევე ექსკლუზიურად აგებენ პასუხს უაღრესად დინამიურ და კომპლექსურ საერთაშორისო პროცესებში ქვეყნის დროულ და სწორ პოზიციონირებაზე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ის მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საკუთარი პოლიტიური პასუხისმგებლობის ეკლესიისთვის დაკისრება (რაც საეკლესიო საქმეებში ჩარევაცაა), რომელიც გამოიხატა მიდგომით - „უკრაინის საკითხში სინოდის გადაწყვეტილებას ველოდებით“.

„კანონიკური სამართლისა და დოგმატიკის ჩარჩოებში მოქცეულმა ეკლესიამ შესაძლოა თვეები და წლები მოანდომოს საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ტრადიციების, პრეცედენტების და ინტერპრეტაციების განსჯას და ავტოკეფალიის საკითხის გადაწყვეტას. სახელმწიფოს წარმომადგენლებმა კი კონსტანტინოპოლის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის ფაქტი (და არა აღიარების ისტორიულ-კანონიკური წანამძღვრები) რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაატარონ საერთაშორისო პოლიტიკისა და ეროვნული ინტერესების პრიზმებში და ჩამოაყალიბონ პოზიცია უკრაინასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან საურთიერთობოდ.

სახელმწიფოს წარმომადგენლებმა პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას, ცხადია, უნდა გაითვალისწინონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ფაქტორი, ოღონდ არა მისთვის ჭკუის სწავლების ან მის კალთას ამოფარების გზით. სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიძლება იყოს დამოკიდებული წმინდა სინოდის ამა თუ იმ საეკლესიო ხასიათის გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ზოგჯერ საჭირო ხდება აღნიშნული კურსის გატარების ფორმის, მეთოდის და საშუალების ადაპტირება. მაგალითად, თუ სინოდს ავტოკეფალიის საკითხის გადასაწყვეტად დრო სჭირდება, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაც კი არ უნდა „დაპაუზდეს“, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენლები საჯაროდ უფრო მოზომილად უნდა მიესალმონ უკრაინის პოლიტიკურ მოვლენებს, ხოლო არასაჯაროდ უკრაინელ კოლეგა პოლიტიკოსებს უნდა მიანიშნონ, რომ ჯობია დადებითმა გადაწყვეტილებამ დაიგვიანოს, ვიდრე უარყოფითი დაჩქარდეს, და ა.შ.“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა