სახალხო დამცველი - პოლიტიკოს ქალზე თავდასხმა, დისკრედიტაციის მცდელობა, ეს არის რეალობა, რომელშიც ქალ საჯარო პირებს მოღვაწეობა უწევთ

პოლიტიკოს ქალზე კიდევ ერთი თავდასხმა, დისკრედიტაციის მცდელობა და სისტემური იარაღი ქალების წინააღმდეგ - ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ სახელმწიფოში ქალ საჯარო პირებს მოღვაწეობა უწევთ, - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.

მისივე განცხადებით, შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით იქცა სისტემურ პრობლემად, ამის საპასუხოდ კი მხოლოდ მიმდინარე გამოძიებები გვაქვს, რომლის შესახებაც საზოგადოება სათანადო ინფორმაციასაც ვერ იღებს.

„სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ეს დანაშაული გენდერულად მოტივირებულია და მიმართულია ძირითადად ქალი პოლიტიკოსებისკენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ ხაზი გაუსვას დანაშაულის დისკრიმინაციულ მოტივს, რათა სათანადო პასუხი გაეცეს ამგვარი დანაშაულის ჩამდენ პირებს, და მომავალში, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება პოლიტიკურ სისტემაში ქალთა დისკრიმინაციისა და ჩაგვრის იარაღი არ გახდეს.

საზოგადოებას კარგად ახსოვს 2016 წლის 11 და 14 მარტს მომხდარი ანალოგიური დანაშაული, თუმცა, ამ დრომდე უცნობია გამოავლინა თუ არა პროკურატურამ დამნაშავეები, რომლებმაც უშუალოდ ეს კადრები შექმნეს და ინტერნეტ სივრცეში თვითონ ან სხვა პირების მეშვეობით გაავრცელეს.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, გაატაროს მკაცრი პოლიტიკა და დასაჯოს დამნაშავე პირები. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება, შენახვა თუ დაარქივება სისხლის სამართლის დანაშაულია და უმკაცრეს სასჯელს ითვალისწინებს.

პირადი ცხოვრებით შანტაჟის წინააღმდეგ უნდა დაიგეგმოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება პრობლემის გადაჭრისკენ, რისკის შემცირებისკენ (ინფორმაციის ოპერატიულად შეტყობინების მექანიზმი, მასალის სწრაფად დაბლოკვის გზები და ა.შ.) და ცნობიერების ამაღლებისკენ. აუცილებელია სახელმწიფო ორგანოებმა საფუძვლიანად იმუშავონ ამ მიმართულებით, ვინაიდან ქმედითი ნაბიჯების გარეშე შეუძლებელია პრობლემის ძირეული აღმოფხვრა და საკითხის აქტუალიზაცია მხოლოდ გარკვეული პერიოდულობით ხდება.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამართალდამცავებს მოუწოდებს დროულად გამოიძიონ და პასუხისგებაში მისცენ დანაშაულის ჩამდენი პირები, საზოგადოებას კი სთხოვს პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების მიუხედავად, გვერდში დაუდგეს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ტიპის შანტაჟის მსხვერპლი გახდნენ“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: "პოლიტიკოს ქალზე თავდასხმა, ეს არის რეალობა, რომელშიც ქალ საჯარო პირებს მოღვაწეობა უწევთ" - ომბუდსმენი

იხილეთ ვიდეო: ომბუდსმენი - პოლიტიკოს ქალზე თავდასხმა, ეს არის რეალობა, რომელშიც ქალ საჯარო პირებს მოღვაწეობა უწევთ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა