ნათია თურნავამ ენერგეტიკის დარგის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და დარგის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნათია თურნავამ ამ მიმართულებით მთავრობის ხედვა გააცნო კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019“-სი მონაწილეებს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა რეგიონში იქნება ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად და სწრაფად განვითარებადი უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში. ეს რასაკვირველია ძალიან სასიხარულოა და დიდი შრომის შედეგი, მაგრამ ამავდროულად, ჩვენთვის, ენერგეტიკოსებისთვის დიდი გამოწვევაა - ეკონომიკის ზრდის კვალდაკვალ კიდევ უფრო გაიზრდება ელექტროენერგიის ისედაც მზარდი მოთხოვნა“, -აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე საშუალო პროგნოზითაც კი ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდა 4.6%-ს შეადგენს, დღესდღეობით წლიური გენერაცია12.5 მლრდ კილოვატ საათია, 2030 წლისთვის მოთხოვნა დაახლოებით 21 მლრდ კილოვატი საათი იქნება. როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, ამ დეფიციტის შესავსებად მთავრობას, კერძოდ კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეფექტური გეგმა აქვს.

„გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, და ძალიან ეფექტური, აქტიური და კარგი გაგებით აგრესიული გეგმა, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ერთის მხრივ ადგილობრივი გენერაციის განვითარებას და მეორეს მხრივ ხელი შევუწყოთ ქვეყნებს შორის უფრო აქტიურ ვაჭრობას და რეგიონში ჩვენს ინტეგრირებას, რათა ჩვენს მომხმარებელს ჰქონდეს არჩევანი საკუთარ ელექტორენერგიასა და შესაძლოა უფრო იაფ უცხოურ ენერგიას შორის. მესამეს მხრივ - ჩვენ გვაქვს გეგმა, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი მოხმარება უფრო ენერგოეფექტური“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

კერძოდ, მისი განცხადებით, საქართველოს შანსი აქვს, რომ 2025 წლისთვის კვლავ გახდეს ელექტროენერგიის სფეროში ნედ-ექსპორტიორი ქვეყანა.

„ჩვენ ასევე გვაქვს შანსი, რომ 2030 წლისთვის საკუთარი მოხმარება ჩვენივე გენერაციით დავფაროთ. ჩვენი რეალისტური გათვლებით, ჩვენ შევძლებთ იმდენი ელექტროენერგიის წარმოებას, რამდენიც ჩვენ დაგვჭირდება, ამას გარდა 3.5 მლრდ კილოვატ საათი ექსპორტის შესაძლებლობა გვექნება ჩვენი სეზონური გენერაციის გათვალისწინებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ამასთან, მისი თქმით, ვაჭრობა არამც და არამც არ განიხილება როგორც ადგილობრივი გენერაციის ალტერნატივა.

რაც შეეხება მთვარობის გეგმას, ნათია თურნავას ინფორმაციით, ის მოიცავს მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების პორტფელს, რაც ენერგეტიკაში ქვეყნის მდგრადობის შესანარჩუნებლად აუცილებელია და რაც ჯამში დაახლოებით 5 მლრდ დოლარის საინვესტიციო პორტფელია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს კონტრიბუციაა არამარტო ენერგეტიკაში, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში. თუმცა, მისი ინფორმაციით, გეგმის თანახმად, უფრო პრიორიტეტული მცირე და საშუალო ენერგეტიკაა.

„ეს სწორედ ის სეგმენტია, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტულია რამდენიმე ფაქტორის გამო - ისინი უსაფრთხოა გარემოსთვის - ე.წ. მწვანე ჰესები, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს რეგიონებში ინფრასტრუქტურის და ტურიზმის განვითარებას. მიმდინარე სტატუსით, ასეთი სხვადასხვა ფაზაში მყოფი 117 პროექტი გვაქვს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა