გრიგორი კარასინი რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთბრუნვის საკითხზე - ნუ ელოდებით სწრაფ გარღვევას ამ საკითხში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის ინფორმაციით, 6 თებერვალს რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგის კომპანიასთან საბოლოო შეხვედრა გაიმართება, თუმცა კარასინი აღნიშნულ საკითხში სწრაფ გარღვევას არ ელოდება.

როგორც კარასინმა რუსული „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ქართულმა მხარემ შვეიცარული კომპანიისთვის თანხის გადახდა ნახევარი წლით დააგვიანა, ხოლო რუსული მხარე სწორედ ამას ელოდებოდა.

„ახლა მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების რეალიზაციის პროცესი ავაწყოთ. ჩვენ ველოდებოდით, სანამ ქართული მხარე თანხას შეიტანდა შვეიცარიული კომპანიისათვის. თანხის შეტანა ნახევარი წლით დაგვიანდა, თუმცა საბოლოოდ ფული მაინც გადაირიცხა. იმედი გვაქვს, რომ 6 თებერვალს ჟენევაში რუსეთისა და საქართველოს უწყებათაშორისო დელეგაციების შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შვეიცარიისა და მათი კომპანიის - SGS-ის წარმომადგენლებიც. ჩვენ ძალიან ველოდებით ამ შეხვედრის შედეგებს და ვიმედოვნებთ, რომ პოზიტიური იქნება. თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდება, მაშინ, ამჯერად უკვე საბოლოოდ, საშუალება მოგვეცემა 2011 წლის ნოემბერში დადებული შეთანხმების შესრულება დავიწყოთ“, - განაცხადა კარასინმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ყველას მოუწოდებს 6 თებერვლის შემდეგ ჟენევის მოლაპარაკებების პროცესს დაელოდოს.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის პოლიტიზება არ მომხდარა.

კითხვაზე, რას მისცემს ორ ქვეყანას შეთანხმებების იმპლემენტაციის შესაძლებლობა, კარასინი პასუხობს, რომ „ტვირთები, რომლებიც საქართველოს გავლით რუსეთში მიდის (არაა სავალდებულო, რომ ეს ტვირთები მხოლოდ ქართული იყო. შეიძლება იყოს სომხეთისაც), დაფიქსირებული იქნება საბაჟო პუნქტებზე შვეიცარიული ფირმის მიერ, შემდეგ კი, შესაბამისი პლომბებით, გაივლიან აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას, გადავლენ რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც ეს პლომბები მოიხსნება.

„ყველა მონაცემი იმ საქონლის შესახებ, რომელიც ამ ტერიტორიებზე გაივლის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას გადაეცემა. მოვლენებს ნუ გადავუსწრებთ. ჯერ მონიტორინგის მექანიზმი უნდა აეწყოს. ზურაბ აბაშიძესთან ერთად მოვილაპარაკეთ, რომ ერთმანეთს თებერვლის ბოლოს შევხვდებით, უკვე ჟენევაში რუსეთისა და საქართველოს უწყებათაშორისო დელეგაციების შეხვედრის შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ გადავხედავთ ყველა სირთულეებს. ნუ ელოდებით სწრაფ გარღვევას ამ საკითხში. ჩვენ წინ სერიოზული ტექნიკური და ლოჯისტიკური სამუშაო გველოდება, რომელიც დროსა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რუსული მხარე ასეთი მუშაობისთვის მზად არის“, - აცხადებს კარასინი.

იხილეთ ვიდეო: გრიგორი კარასინი რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთბრუნვის საკითხზე - ნუ ელოდებით სწრაფ გარღვევას ამ საკითხში

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა