პროფესიული სასწავლებლის დიპლომისა და სკოლის ატესტატის გათანაბრება მაისიდან, პირველ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სფეროდან დაიწყება

პროფესიული სასწავლებლის დიპლომისა და სკოლის ატესტატის მნიშვნელობის გათანაბრების პროცესი მიმდინარე წლის მაისიდან, თავდაპირველად, სოფლის მეურნეობის სფეროდან დაიწყება, - ამის შესახებ პროფესიული განათლების მიმართულებით 3 წლის განმავლობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ გამართული პრეზენტაციის შემდეგ, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილების თანახმად, საბაზო განათლების მქონე პირებს პროფესიულ სასწავლებლებში იმ საგანმანათლებლო პროგრამების განსხვავებული ფორმით შესწავლის საშუალება ექნებათ, რაც დამამთავრებელ კლასებშია განსაზღვრული.

„2018 წლის ოქტომბერში ძალაში შევიდა კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“, რომელიც მოიცავს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ინტერვენციას. საბაზო განათლების მქონე ადამიანებს, პროფესიულ პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი. მათ პროფესიის შესწავლასთან ერთად, საშუალება ექნებათ ისწავლონ მე-10, მე -11, მე-12 კლასის მასალა. თუკი საბაზო განათლება აიწევს მე-10 კლასამდე, რა თქმა უნდა, ეს იქნება მაშინ მე-11, მე-12 კლასების მასალა. რაც შეეხება ვადებს, ეს არის 2019 წლის მაისი. თვითონ კანონი განსაზღვრავს ამ ვადას, რომ მიმდინარე წლის მაისიდან განათლების სამინისტრო ეტაპობრივად დაიწყებს ამ პროგრამების განხორციელებას და აღებული დიპლომი იქნება გათანაბრებული სრულ ზოგად განათლებასთან. პირველ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროგრამებს მთელი საქართველოს მასშტაბით დავიწყებთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ხოლო შემდგომში მოხდება მასშტაბების ზრდა და ამისათვის ჩვენ გვაქვს სრულად ორი წელი. დაახლოებით 11 პროგრამაა პროფესიულ მიმართულებაზე. აღნიშნული ცვლილებები შეეხება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო პროფესიულ სასწავლებლებს”,- აღნიშნა მან.

ამასთან, ირინა წეროძემ განმარტება გააკეთა მოკლევადიანი გადამზადების პროგრამის შესახებ, რომლის დანერგვასაც სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად მარტიდან გეგმავს.

„რაც შეეხება სხვა ინიციატივებს, რომელიც ეხება ზრდასრულების გადამზადებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შრომის ბაზრისთვის და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. ეს არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისათვის, რომელსაც აქვს სურვილი გაიუმჯობესოს უნარები. მათ ვთავაზობთ მოკლევადიან გადამზადება-მომზადების პროგრამებს კერძო კომპანიების ჩართულობით, კონკრეტულად იმ საჭიროებების გათვალისწინებით, რაც აქვს დამსაქმებელს, რაც უზრუნველყოფს დაახლოებით 2 თვიდან 6 თვემდე სწავლებას და შემდგომში უკვე დასაქმებას. ასევე, შესაძლებელი იქნება ადამიანების კომპეტენციების აღიარება, რომელიც მათ შეძენილი აქვთ, არაფორმალურ გარემოში და სახელმწიფოს მიერ დადასტურებელი სერთიფიკატი გაიცემა, რომელიც თავის ლოგიკურ გაგრძელებას ჰპოვებს მომზადება-გადამზადების პროგრამებში”,- განაცხადა წეროძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა