ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების პროცესზე, შესაძლოა, მიხეილ კალანდია დაიკითხოს

ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების, გ.ჯ.-სა და გ.ბ.- ს სასამართლო პროცესზე, რომელიც სააპელაციო სასამართლოში გაიმართება, შესაძლოა, მიხეილ კალანდია დაიკითხოს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა.

"დღევანდელ სხდომაზე სავარაუდოდ, ბრალდების მხარე წარმოადგენს მთავარ მოწმეს, რომელიც არაერთხელ დაიკითხა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოგეხსენებათ, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა აღნიშნული მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით.

მოწმე ისაუბრებს მომხდარ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. საინტერესო იქნება მისი ჩვენება იმის ფონზე, როცა ამ მოწმემ ძალიან ბევრჯერ შეცვალა ჩვენება. თითოეული გამოკითხვის ოქმი შინაარსობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან, ასევე მისი სასამართლოში მიცემული ჩვენებები აბსოლუტურად განსხვავებულია ერთმანეთისგან. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მოწმე კიდევ ერთხელ შეცვლის ჩვენებას. ასეთი მოწმის ჩვენება დამაჯერებლობის ვერანაირ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს.მიგვაჩნია, რომ სასამართლო ამ მოწმის ჩვენებას არ გაიზიარებს. წარმოუდგენლად მიგვაჩნია, სასამართლომ გაიზიაროს ისეთი მოწმის ჩვენება, რომელიც თითოეული დაკითხვის დროს აბსოლუტურად განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის სასამართლოს.

ის ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, რომელიც ასევე სხვა პირების მიერ მხილებულია კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში", - აცხადებს კაკაბაძე.

კითხვაზე, მიხეილ კალანდია გ.ჯ.-ს მიერ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობას ადასტურებს თუ არა, ადვოკატი პასუხობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, კალანდიამ სასამართლოს სხვადასხვა ინფორმაცია მიაწოდა.

"აღნიშნული მოწმე ზოგიერთ ჩვენებაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ადებს ხელს, ზოგიერთ ჩვენებაში არა. ფაქტობრივად, სულ სხვადასხვა ინფორმაციას აწვდის სასამართლოს. ჩვენ ძალიან წარმატებით მოვახდენთ აღნიშნული მოწმის დისკრედიტაციას, ისევე როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოვახდინეთ", - განაცხადა კაკაბაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა