სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული გარემოს დაცვის სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა ოჯახებს ყოველთვიური კომპენსაცია გადაეცემათ

2018 წლის 1 ივნისიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა ოჯახის წევრებს კომპენსაციის სახით ყოველთვიურად 1000 ლარი გადაეცემათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები შედის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში. კანონპროექტი პირველი მოსმენით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ წარადგინა. მისი ინფორმაციით, ცვლილებების პროექტი, საკანონმდებლო წინადადების სახით, კომიტეტს არასამთავრობო ორგანიზაციამ წარუდგინა, რომელიც გადამუშავდა და საკანონმდებლო ინიციატივის ფორმით მომზადდა. მომხსენებელმა კანონპროექტის მიღების აუცილებლობის მიზეზები განმარტა და იმ ტრაგიკულ შემთხვევებზე ისაუბრა, რა დროსაც სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომლები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სხვადასხვა მიზეზების გამო გარდაიცვალნენ.

კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი წარადგინა. ცვლილებების პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა სოციალური მეწარმის არსის და იდეის შესახებ ვრცელი ინფორმაცია წარმოადგინა და ევროპული ქვეყნების პრაქტიკაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტი სოციალური საწარმოს დეფინიციას და მის მიზნებსა და ამოცანებს განსაზღვრავს. რაც შეეხება სოციალური საწარმოს სტატუსს, რატი იონათამიშვილის ინფორმაციით, იგი წარმოადგენს ბიზნეს მოდელს, რომელიც პროდუქციის მომზადების პროცესში ხელმძრვანელობს არსებული ბიზნეს წესებით, თუმცა წესდებით გათვალისწინებული სოციალური მიზნების მიღწევისთვის წარმოებულ საქმიანობაში, მოგების არანაკლებ 70%-ის რეინვესტირებას ახორციელებს. ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს. კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, წარმოდგენილი პროექტის რიგი ნორმები დამატებით განმარტებებს და მაკონტროლებელი ბერკეტების განსაზღვრებას საჭიროებენ. დიკუსიის შემდეგ, კომიტეტმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

კომიტეტის წევრები მესამე მოსმენით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს გაეცნენ. კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა კომიტეტის წევრებს რედაქციული და ტექნიკური ხასიათის ცვლილებები გააცნო. ასევე მესამე მოსმენით კომიტეტის თავმჯდომარემ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიმართაც რედაქციული შინააარსის ცვლილებები არ გამოთქმულა.

კომიტეტის სხდომაზე განხილულ კანონპროექტებზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა