ოთარ კახიძე უმრავლესობას - მეგობრებო, ნუ გექნებათ ილუზია, რომ სულ ხელისუფლებაში იქნებით, გამოფხიზლდით

მეგობრებო, ნუ გექნებათ ილუზია, რომ ხელისუფლებაში იქნებით სულ, გამოფხიზლდით და პრობლემებს გაუსწორეთ თვალი, - ამ სიტყვებით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობას.

ოთარ კახიძემ სიტყვით გამოსვლისას ორ მნიშვნელოვან პრობლემას გაუსვა ხაზი - ფარულ მიყურადებას და მოსამართლეთა დანიშვნას.

„უკვე მე-7 წელია, რაც „ქართული ოცნება“ არის საქართველოს ხელისუფლებაში. 7 წლის წინ თქვენ მიიღეთ დაკვეთა ქართული საზოგადოებისგან, რომ გაგეუმჯობესებინათ ქვეყანაში არსებული ვითარება, გაგეგრძელებინათ ის, რაც იყო კარგი წინა ხელისუფლების დროს და გამოგესწორებინათ ის ნეგატივი, რაც ახლდა მაშინდელ მმართველობას. 7-წლიანი მმართველობის თავზე, თქვენ, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეინარჩუნეთ და გააუარესეთ შემდეგი მიმართულებები - უსაფრთხოების საკითხი, დანაშაული და კრიმინალი, კორუფცია, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ეროვნული ვალუტის კურსი, ყველა ძირითადი მიმართულებით ქვეყანაში გვაქვს რეგრესი. რაც შეეხება პრობლემებს, არის ბევრი პრობლემა და მინდა შევეხო ორ მნიშვნელოვან საკითხს - ერთი ეს არის ფარული მიყურადება და სასამართლო სისტემა. ჩაწერები, უკანონო თვალთვალი, ეს იყო პრობლემა და 7 წლის განმავლობაში ეს პრობლემა სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანეთ. გარდა იმისა, რომ რუტინულად გრძელდება უკანონო თვალთვალი და მიყურადება, ამის დასადასტურებლად რამდენიმე ცნობილი ჟურალისტის შემთხვევაც კმარა, ეს პრაქტიკა გრძელდება, მაგრამ ახალ სიმაღლეზე აიყვანეთ, რადგან სისტემურ პრობლემად იქცა უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნება, მათი გავრცელება და ამის გამოყენება პოლიტიკური დაპირისპირების იარაღად. მე გთხოვთ, ნუ შეხედავთ ამ საკითხს იმ კუთხით, რომ დღეს ხართ ხელისუფლებაში, სარგებლობთ ივანიშვილის სიმპათიით და ეს არ შეგეხებათ, ეს არის ბოროტება, ეს არის საკითხი, რომელზეც არ შეიძლება, რომ თვალი დახუჭოს ვინმემ, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა. მეორე საკითხი ეხება სასამართლოს, რომელიც არ იყო დამოუკიდებელი, ნაცვლად იმისა, რომ გამოგესწორებინათ მდგომარეობა, გადაიბარეთ და საკუთარ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებინებთ. მეტიც, ამ ადამიანებს უვადოდ ამწესებთ უზენაეს სასამართლოში. მეგობრებო, ნუ გექნებათ ილუზია, რომ ხელისუფლებაში იქნებით სულ. ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ეს ადამიანები აუცილებლად კვლავ გამოიყენებენ სისტემას თქვენს წინააღმდეგ, გამოფხიზლდით და პრობლემებს გაუსწორეთ თვალი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა