ალეკო ელისაშვილი - თუ ერთი თვის ვადაში „ყაზტრანსგაზი“ 1-წლიან სამოქმედო გეგმას არ წარმოადგენს, სამოქალაქო ბოიკოტისა და პროტესტის სერიოზულ ნაბიჯებს მივმართავთ

„თუ ერთი თვის ვადაში „ყაზტრანსგაზი“ 1-წლიან სამოქმედო გეგმას არ წარმოადგენს, უნდა ვაიძულოთ მთავრობა, სულ მცირე, გამოისყიდონ ეს კომპანია და გამოაცხადონ საერთაშორისო ტენდერი, - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილმა აღნიშნა, რომ გაზგამანაწილებელი კომპანია უსაფრთხოების გარანტირებას ვერ ახდენს და თუ ეს არ შეიცვლება, გაზისგან დაღუპულთა სტატისტიკა ისევ გაიზრდება.

„ჩვენ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისისგან“ მოვითხოვთ, ერთი თვის ვადაში წარმოგვიდგინონ 1-წლიანი სამოქმედო გეგმა და გვითხრან, რას აპირებენ უსაფრთხოების, ტექნიკური გამართულობის თვალსაზრისით. სხვა შემთხვევაში, ერთი მხრივ, გვაქვს მოფიქრებული სამოქალაქო ბოიკოტისა და პროტესტის ძალიან სერიოზული ნაბიჯები, რომლითაც გავაკოტრებთ აბსოლუტურად ამ კომპანიას, ხოლო მეორე მხრივ, თუ ბეჟუაშვილმა, მაქაცარიამ, კალაძემ - რეალურმა მფლობელებმა ყური არ შეიბერტყეს, მაშინ როგორც „სითი პარკი“ ვაიძულეთ, წასულიყო, ასევე უნდა ვაიძულოთ მთავრობა, სულ მცირე, გამოისყიდოს ეს კომპანია, გამოაცხადოს საერთაშორისო ტენდერი და გამოცდილების მქონე ნორმალური კომპანია მოიყვანოს და არა „ოფშორში“ და სადღაც რეგისტრირებული კომპანია. სხვანაირად უბრალოდ ყველანი ვართ განწირული იმისთვის, რომ გაზისგან დაღუპულთა სტატისტიკა ვაწარმოოთ. რომ ვამბობდი, „სითი პარკი“ უნდა გავაგდოთ-მეთქი, პოპულისტი ხარო, მათ შორის ქალაქის მერიც ამას მეუბნებოდა და ბოლოს მაინც ის გააკეთა, რასაც მე ვიძახდი“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის თქმით, აუცილებელია კომპანიისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და საზოგადოების ინფორმირება, თუ როგორ მოახდენს უსაფრთხოების გარანტირებას.

„იმ უბედური შემთხვევების მერე, რაც მოხდა, ნორმალური კომპანია ხელმძღვანელობისგან ყველას გაათავისუფლებდა. ჩვენი პროტესტის მერე დაიწყეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, თქვეს, რომ დეტექტორებს შემოიტანენ. მერიამ თქვა, რომ ის დააფინანსებს ამას. რაღაცებს წვალობენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება ნათელი სურათი, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს კომპანია, რამხელა ინვესტიციას ჩადებს ქსელების უსაფრთხოებაში, როდის გამოცვლის ქსელებს, დეტექტორები როდის შემოვა, სად დაყენდება, ვინ გადაიხდის ამის გადასახადს და ა.შ. ფრაგმენტულად გამოსროლილი ფრაზები არაფერს ნიშნავს. ბოლო-ბოლო, ამ კომპანიის ღირებულება მხოლოდ 40 მლნ დოლარია, რა თანხასაც მთავრობა მარტო სამთავრობო მანქანების ბენზინში ხარჯავს. ამაზე გაცილებით ღირებულია და ძვირია თითოეული მოქალაქე. ბოლო ერთ თვეში გაზთან დაკავშირებულ უბედურ შემთხვევებს ხან გარდაცვლილებს აბრალებენ, ხან ვის და ხან - ვის“, - განაცხადა ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ალეკო ელისაშვილი "ყაზტრანსგაზზე" - უნდა ვაიძულოთ მთავრობა, სულ მცირე, გამოისყიდონ ეს კომპანია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა