დავით ზალკალიანი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი ბოლო დროს გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნა იგეგმება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ზალკალიანის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია მცდარია, მას მიზანმიმართულად ავრცელებს რუსული მედია, რომელსაც სამწუხაროდ საქართველოში მმართველი ხელისუფლების ოპონენტები მხარს უჭერენ.

„ეს არის მორიგი დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს რუსული მედია და მას მხარს უჭერენ ჩვენი ოპონენტები, ოპოზიციონერები და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მსჯელობა, რადგანაც მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და სინამდვილესთან“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დავით ზალკალიანმა ასევე განმარტა 2011 წელს საქართველო-რუსეთს შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების დეტალები, რომელიც ითვალისწინებს კერძო შვეიცარული კომპანიის მიერ საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგს და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებას არანაირი კავშირი არ აქვს რამე სახის საბაჟო ტერმინალების განთავსებასთან.

„მოგეხსენებთ, რომ შეთანხმება გაფორმდა 2011 წელს და წარმოადგენს, მხოლოდ ორ მხარეს შორის - რუსეთსა და საქართველოს შორის შეთანხმებას. ის ითვალისწინებს სატრანზიტო კორიდორების მონიტორინგს. არანაირი საუბარი არ არის რამე სახის საბაჟო ტერმინალების განთავსების თაობაზე. ყველაფერი არის ხსენებულ შეთანხმებასთან შესაბამისობაში, ისევე, როგორც ეს იყო ხელმოწერილი 2011 წელს და დანარჩენი ყველაფერი არის სიცრუე და სპეკულაციები“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე გაგრძელდება შეხვედრები ქართულ და რუსულ მხარეებს შორის. „ჩვენ ველით, რომ მოხდება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც იქნება განხილული ყველა ტექნიკური საკითხი. საქართველოს დელეგაციაში იქნებიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები და ჩვენი ეს პოზიცია ძალიან მკაფიოდ იქნება გაჟღერებული ამ შეხვედრაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ არაფერი საერთო ამ დეზინფორმაციას არ აქვს რეალობასთან“, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

დავით ზალკალიანისვე განმარტებით, ამ დრომდე არ მომხდარა და არ იგეგმება ასევე ზემოაღნიშნული შეთანხმების რევიზია ან გადახედვა.

„არ მომხდარა არანაირი რევიზია დადებული შეთანხმების და არც იგეგმება. ყველაფერი ხორციელდება 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში და არანაირი საბაჟო ტერმინალების განთავსება არ განიხილება საერთოდ შეთანხმებული კორიდორების მიღმა ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა,“ - აღნიშნა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა