დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ქვეყნის ეკონომიკური პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ქვეყნის ეკონომიკური პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა დღევანდელი დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„დღეს ამ დარბაზში პარლამენტის სასესიო მოღვაწეობის პირველი დღეა. ასევე, დღეს შედგა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც თვისობრივად ახალი დასაწყისი უნდა მისცეს საზოგადოებისადმი პარლამენტის ანგარიშვალდებულების თემას. ამ მხრივ პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში არის ძალიან მნიშვნელოვანი.

დღევანდელობის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც ახასიათებს ჩვენს გამოწვევებს, არის ადეკვატურობა, ადეკვატურობა საზოგადოების მოთხოვნებთან და მათ საჭიროებებთან მიმართებაში, და პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მასში ეს კონტექსტი მოჩანს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე.

რომან კაკულია პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებას გამოეხმაურა.

„ძალიან ვაფასებ იმას, რომ ამ გამოსვლაში სიღარიბე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, არის მკაფიოდ დანახული და ამასთან დაკავშირებით მოკლედ მინდა გითხრათ, თუ როგორ ვაპირებთ ჩვენ კომიტეტის ფარგლებში საქმიანობას ამ გამოწვევის შემდგომი მოწესრიგებისათვის. ცხადია, დღევანდელი ჩვენი ეკონომიკის განვითარების მთავარი ამოცანა არის როგორ უზრუნველვყოთ გრძელვადიანი, შეუქცევადი სტაბილური განვითარება, ისე, რომ ამ პროცესში ჩართული იყოს საზოგადოების ძალიან დიდი რაოდენობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, რომ ჩვენ არ გვინდა შემცირდეს საქართველოში მოსახლეობა, ეს არ მივანდოთ უბრალოდ ბაზარს და ამასთანავე, მოხდეს სიღარიბის შემცირება“, - განაცხადა კაკულიამ.

რომან კაკულიას თქმით, ეს საბაზრო ეკონომიკის პირობებში რთული ამოცანაა.

„ჩვენ სიღარიბეს ვებრძვით ორი ძირითადი მიმართულებით - პირველი არის არსებული ბიზნესების შემდგომი ხელშეწყობა და გაფართოება. ასევე, მოზიდული ინვესტიციების საფუძველზე შექმნილი ახალი ბიზნესები და იქ დასაქმებული ადამიანები, რომელთათვისაც კვალიფიკაცია და განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვინდა ინვესტიციების მოზიდვის შემთხვევაში ხელი შევუწყოთ საკუთარი დასაქმებული ადამიანების მონაწილეობას და მათი ხვედრითი წილის ზრდას. ამ მიმართულებით გაჟღერდა საკმაოდ მკაფიო გზავნილები.

მეორე და უფრო მწვავე გამოწვევაა ახალი მოთამაშეების შესვლა ბიზნეს სექტორში. აქ აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა ინიციატივას, რომელსაც საკრედიტო-საგარანტიო ფონდი ქვია, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს. ამ მიმართულებით ჩვენ შევეცდებით მათთან ერთად დავაზუსტოთ თუ როგორია ის მექანიზმი, რომელმაც უნდა გაზარდოს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შეძლებენ გაააქტიურონ გარკვეული ინიციატივები და ბიზნეს მოთამაშეები გახდნენ მათთვის იმ ტვირთის ნაწილში შეხიდებით, რასაც საბანკო სესხის სიმძიმე ქვია,“ – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამასთან, რომან კაკულიამ კონკურენციისა და სამუშაო ადგილების ზრდის შესახებაც ისაუბრა.

„რაც შეეხება იმას, რომ არსებული ბიზნესებისა და ახალი მოზიდული ინვესტიციების მიმართულებით მოხდეს სამუშაო ადგილების ზრდა, ჩვენ აქ კონკურენციას ვხედავთ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევად და აქედან გამომდინარე ერთ-ერთი კანონი, რომელზეც ჩვენ გავააქტიურებთ მსჯელობას, ეს იქნება კონკურენციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რომ ქვეყნაში რეალურად შევქმნათ ნამდვილად ჯანსაღი კონკურენტული გარემო, როდესაც ის დააბალანსებს იმ ძალიან მკვეთრ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ საგარეო მოცემულობის გამო გვაქვს. საგარეო მოცემულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, არ ვგულისხმობ მხოლოდ ჩვენს მეზობლებთან არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას. ზოგადად, საგარეო გამოწვევები ჩვენ ძალიან ბევრ შეფერხებას გვიქმნის იმის გამო, რომ გრძელვადიანი შეუქცევადი გარემოს ფორმირებასთან დაკავშირებული აღქმა, ზოგადად პოტენციური ინვესტორებისათვის, საკმაოდ რთულია იმ მიმდინარე პროცესების ფონზე, რომელიც არსებობს ჩვენს ირგვლივ, ამიტომ ეს ფონი უნდა დაბალანსდეს ბიზნესგარემოს მაქსიმალური გააქტიურებით იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებთანაც ჩვენ კონკურენციაში შევდივართ,“ – განაცხადა კაკულიამ.

გამოსვლის ბოლოს კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ მიმართულებებზე, რაც პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლაშიც იყი აქცენტირებული.

„რაც შეეხება ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ფენებს, აუცილებლად გონივრული სახელმწიფო მხარდაჭერით უნდა უზრუნველვყოთ მათი ჩართულობა ბიზნესგარემოში და ხელი შევუწყოთ ბიზნესსაქმიანობას. მე ეს ორივე მიმართულება დავინახე თქვენს გამოსვლაში, ბატონო ირაკლი და კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში ჩვენ შევეცდებით მას ძალიან ბევრი პრაქტიკული ნაბიჯი დავუმატოთ“, -განაცხადა რომან კაკულიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა