ოთარ დანელია - ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ გუნდი, როგორც არის ისე

მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ გუნდი, როგორც არის ისე, ასევე მნიშვნელოვანია, რის ფასად ვინარჩუნებთ ამ გუნდს, რომ ის ღირებულებები არ დაიკარგოს, რითიც ჩვენ თავის დროზე გავერთიანდით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან განუცხადა, სადაც რამდენიმე წუთში უმრავლესობის სხდომა უნდა დაიწყოს.

„ეს არის ჩემთვის უმრავლესობის პირველი სხდომა, რომელსაც ვესწრები. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის თითოეული კოლეგა, რადგან ვფიქრობ, ყველაფერთან ერთად მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ, ვინც არ უნდა იყოს ის. არ შეიძლება გუნდიდან წასვლაზე ან მოსვლაზე ვისაუბროთ ასე ხელაღებით და ემოციების გარეშე. ამიტომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ გუნდი, როგორც არის ისე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რის ფასად ვინარჩუნებთ ამ გუნდს, რომ ის ღირებულებები არ დაიკარგოს, რითიც ჩვენ თავის დროზე გავერთიანდით“, - განაცხადა დანელიამ.

რაც შეეხება დასმულ კითხვას, მაშინ, როდესაც პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე ღია კარისკენ მიუთითებს დეპუტატებს, არის თუ არა გუნდურობის შენარჩუნების რესურსი, დანელიამ უპასუხა, რომ ამ განცხადებას ცალსახად არ იზიარებს.

„ამიტომ უნდა შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ. რესურსი ყოველთვის არსებობს, თუ არის სურვილი. ამას სჭირდება დიალოგი. ძალიან მარტივია დავიშალოთ, მაგრამ რესურსი უნდა ჩაიდოს, უნდა მოვინდომოთ და ყველამ კონსენსუსზე ვიფიქროთ“, - განაცხადა დანელიამ.

რაც შეეხება კონკრეტულ მოსამართლეებს - ჩინჩალაძეს, გვრიტიშვილს, ალანიას, როგორც დანელია ამბობს, ის მათ მხარს არ დაუჭერს.

„ამ კონკრეტულ პიროვნებებს მე პირადად მხარს არ დავუჭერ, რომლებიც ჩემთვის მიუღებლები არიან მორალური თვალსაზრისით, რომელთა შესახებაც არსებობს ძალიან ბუნდოვანი და ნეგატიური თუ ადამიანის უფლებათა შემლახველი საქმეები, ბუნებრივია, მე მათ მხარს ვერ დავუჭერ. შევთანხმდით, რომ იქნება ინდივიდუალური კენჭისყრა და ყველანი მივიღებთ გადაწყვეტილებებს. ყველა დეპუტატი 100 პროცენტით თანხვედრაში ვერ იქნება. ჩემთვის ვინც მიუღებელია მე მხარს ვერ დავუჭერ“, - განაცხადა დანელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა