პროკურორი - ბრალდებულმა ქეთი მურუსიძემ 3 ეპიზოდში ჩაიდინა თაღლითობა - გაყიდა არანარკოტიკული ნივთიერება, ორ ეპიზოდში კი გაყიდა ნარკოტიკული ნივთიერება

ბრალდებულმა ქეთი მურუსიძემ 3 ეპიზოდში ჩაიდინა თაღლითობა - მან გაყიდა არანარკოტიკული ნივთიერება, ორ ეპიზოდში კი გაყიდა ნარკოტიკული ნივთიერება, "ემდეემას" შემცველი აბები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ქეთი მურუსიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ექსპერტიზით დადგენილია, რომ საქმეში არსებული ფარული ვიდეომასალა უწყვეტია და ის დამონტაჟებული არ არის.

"საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ქალაქ თბილისში მოქმედ ღამის კლუბებში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღებისა და უკანონო შეძენა-შენახვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 პირი დამნაშავედ ცნო. მათ დაუდასტურდათ, რომ ღამის კლუბებში, "ბასიანი", კაფე "გალერიში", "ხიდზე"და "მტკვარზე" სხვადასხვა დროს მოქალაქეებზე უკანონოდ ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. ამჟამად ერთი პირის მიმართ მიმდინარეობს საქმის განხილვა.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა 3 ეპიზოდში ჩაიდინა თაღლითობა, მან გაყიდა არანარკოტიკული ნივთიერება. ეს იყო კუსტარულად დამზადებული აბები. ორ ეპიზოდში მან გაყიდა ნარკოტიკული ნივთიერება, "ემდეემას" შემცველი აბები, რისი მტკიცებულებებიც საქმეში არის. ექსპერტიზით დადგენილია, რომ ფარული ვიდეომასალა უწყვეტია", - განაცხადა ცალუღელაშვილმა.

ბრალდებულის დედის პოზიციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გაციების საწინააღმდეგო პრეპარატი ნარკოტიკული საშუალებით შესაძლოა, ე.წ. აგენტ-პროვოკატორმა შეცვალა, პროკურორი აცხადებს, რომ ნარკოტიკის შესყიდვას 30 მეტრის სიშორეზე გამომძიებელი ხედავდა.

"საქმეზე დაკითხულია მოწმე გამომძიებელი, რომელმაც დაადასტურა, რომ ის უშუალოდ უყურებდა როგორ შეხვდნენ ბრალდებული და მყიდველი ერთმანეთს. გამომძიებლის ინფორმაციით, ის 30 მეტრის რადიუსში იმყოფებოდა.

დაცვის მხარემ მოცემულ აბებზე დანიშნა ექსპერტიზა, რითიც დადასტურდა, რომ თვითონ აბებზე საექსპერტო კვლევებისთვის საკმარისი მასალა არ არის", - აცხადებს ცალუღელაშვილი.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ქეთი მურუსიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, სადაც დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა