პრეზიდენტმა ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა ის ბაზები დაათვალიერა, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან დისლოცირებული და ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ასრულებენ.

სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვლდიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად ბაგრამის საავიაციო ბაზა დაათვალიერა და ქართველი მშვიდობისმყოფელების ამოცანებს პირადად გაეცნო, ჯარისკაცებთან სადილისას კი, ადგილზე არსებული მდგომარეობა მოისმინა.

უმაღლესმა მთავარსარდალმა მშვიდობისმყოფელებს მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების დამსახურებასა და მათი საქმიანობის მნიშვნელობას ქვეყნისთვის.

პრეზიდენტმა ბაგრამის სამხედრო საავიაციო ბაზაზე ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკო და ქართველი ჯარისკაცების მიერ აშენებული ეკლესია მოინახულა.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურთან, გენერალ დანიელ კონლისთან, „მტკიცე მხარდაჭერის“ და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალთან აუსტინ სკოტ მილლერთან, ასევე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან მოჰამედ აშრაფ ღანი აჰმადზაისთან.

დელეგაციის შემადგენლობაში პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს უმაღლესი სამხედრო წარმომადგენელი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ჟვანია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა