აშშ-ში ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელი - ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობას საქართველოსთან

„არანაირი ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ, როგორც შუალედური პრეზიდენტი და გარდამავალი მთავრობა სრულ კონტროლს მოვიპოვებთ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ვიმუშავებთ საქართველოსთან. ჩვენ გვინდა გავხსნათ ურთიერობები საქართველოსთან. ჩვენ მათთან ერთად ვართ და მათ საქმეს მხარს ვუჭერთ. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს და ვაღიარებთ საქართველოს, როგორც ერთადერთ ქვეყანას, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია აღნიშნულ ტერიტორიებზე. არსებული სიტუაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს”, - განაცხადა აშშ-ში ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელმა კარლოს ალფრედო ვეკიომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. მან ასევე ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების აღირებასთან დაკავშირებით.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ალფრედო ვეკიომ დადებითად შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრა და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ვენესუელას დროებითი მთავრობის პრეზიდენტის მხარდაჭერისთის. „ჩვენ შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. გვინდოდა საქართველოს დელეგაციისთვის მადლობა გადაგვეხადა ჩვენი საქმის, კერძოდ კი, ვენესუელას დროებითი მთავრობის პრეზიდენტის ხუან გუაიდოს მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და იმედი გვაქვს, რომ ამგვარი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ალფრედო ვეკიომ.

შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს პოზიცია ვენესუელასთან მიმართებაში. მისი განცხადებით, საქართველო არასდროს აღიარებდა მადუროს რეჟიმს; აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ ცნო 2018 წელს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელიც ცალსახად არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. მისი თქმით, საქართველო აღიარებს ეროვნულ ასამბლეას, როგორც ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოს და ხუან გუაიდოს, როგორც დროებით პრეზიდენტს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო ყურადღებით აკვირდება ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს და იმედოვნებს, რომ ქვეყანა ახლო მომავალში დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ორ ქვეყანას შორის აღდგეს სრულფასოვანი ურთიერთობები, რაც დაფუძნებული იქნება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა