აუდიტის სამსახური - ვეტერანების დიდი ნაწილისათვის სოციალური დახმარება ხელმისაწვდომი არ არის

სახელმწიფო აუდიტის სამსახური „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში“ არსებულ დარღვევებზე მიუთითებს. აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2016-2017 წლებში 69 281 ვეტერანიდან სოციალური დახმარება მხოლოდ 2 488 მათგანზე გასცა, რაც ბენეფიციარების 3.6%-ს შეადგენს.

სამსახურის დებულების თანახმად, მის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის სოციალური დახმარების გაწევა, რაც მოიცავს სამედიცინო მომსახურების, მედიკამენტების შეძენის და ერთჯერადი სარიტუალო მომსახურების დაფინანსების ხარჯებს.

2016-2017 წლებში დაფინანსების მოთხოვნით სამსახურს მიღებული აქვს 7 994 განცხადება , საიდანაც კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსდა 4 227. ამგვარად, მედიკამენტების შესაძენად და სამედიცინო მომსახურების მისაღებად, სამსახურის მიერ დაფინანსებულია შემოსული განცხადებების 53%.

იმ ფაქტს, რომ სოციალური დახმარება ვეტერანების დიდი ნაწილისათვის არ არის ხელმისაწვდომი, სამსახურში ბიუჯეტის სიმცირით ხსნიან.

აუდიტის მიხედვით, 2016-2017 წლებში 506 997 ლარის დახმარება გაცემულია იმ 711 ბენეფიციარზე, რომლებიც არ განეკუთვნებოდნენ დახმარების გაცემის წესით განსაზღვრულ კატეგორიებს.მათ შორის 241 373 ლარის სოციალური დახმარება გაწეულია ისეთ 206 ბენეფიციარზე, რომელთა საშუალო თვიური შემოსავალი აღემატებოდა 1 000 ლარს. მაშინ, როდესაც სამსახურის მიერ არ დაკმაყოფილებულა სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირები, მრავალშვილიანი და სახელმწიფო პენსიის მიმღები ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების 879 განცხადება.

2016-2017 წლებში სამსახურის მიერ ვეტერანების სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისას არ იყო გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი სახელმწიფო პროგრამები. შედეგად, ერთი ვეტერანის სამედიცინო უზრუნველყოფაზე იხარჯებოდა - 725 ლარი, ნაცვლად - 121 ლარისა. შესაბამისად იმავე რესურსით ნაცვლად - 119 ბენეფიციარისა შესაძლებელი იქნებოდა არანაკლებ - 714 ბენეფიციარის დაკმაყოფილება, მაშინ როდესაც, სამსახურში სამედიცინო მომსახურების მოთხოვნით შემოსული განცხადებების 47% (3,767 განცხადება) არ დაკმაყოფილდა არასაკმარისი საბიუჯეტო რესურსების გამო.

„იქიდან გამომდინარე, რომ სამსახური არ ახორციელებს სოციალური დახმარების გაცემის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების სათანადო დადოკუმენტირებას, პროცესი ხასიათდება გაუმჭვირვალობით და იწვევს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას“,-აღნიშნულია ანგარიშში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა