იულია ტიმოშენკო - რუსეთს, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს, პასუხი უნდა ვაგებინოთ

პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა და უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ მისი ხელისუფლების მთავარი ამოცანა იქნება ყირიმისა და დონბასის დაბრუნება და ნატო-ს სტანდარტებით არმიის მშენებლობა.

„ჩვენ არა მხოლოდ ყირიმისა და დონბასის ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ, არამედ ასევე რუსეთს, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს, პასუხი უნდა ვაგებინოთ“, - განაცხადა იულია ტიმოშენკომ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა მძლავრი არმიის მშენებლობა, რომელიც ნატო-ს სტანდარტებს შეესაბამება.

„ძლიერი შეიარაღებული ძალები გვჭირდება, რათა არავის, არასოდეს მოუვიდეს თავში ჩვენი ტერიტორიების ხელყოფა.

ოკუპირებული ტერიტორიები ევროპის შავ ხვრელად იქცა. ნარკოტრაფიკი, კონტრაბანდა ამ ტერიტორიაზე გადის და მილიარდები მოაქვს მათთვის, ვინც ამ ხვრელს აკონტროლებს, ვინაიდან ვიღაცას აწყობს ომიდან მიღებული შემოსავალი“, - დასძინა ტიმოშენკომ.