ვახტანგ ყოლბაია აუდიტის დასკვნის გასაჩივრებას არ აპირებს, მათი თანამშრომელი კი, მივლინებაში დახარჯულ თანხას ბიუჯეტს უკან დაუბრუნებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურება, რომელშიც სამივლინებო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზეა საუბარი. როგორც ვახტანგ ყოლბაიამ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის პასუხად განაცხადა, უწყებაში დასაქმებული თანამშრომლების მივლინება ხდება იქ, სადაც აფხაზეთის თემა უნდა გაჟღერდეს.

კითხვაზე, როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა და თემა - „საზოგადოებასთან ურთიერთობა და სახალხო მუსიკის სტილი შეერთებულ შტატებში“ - რომლითაც უწყების თანამშრომელი კონფერენციაზე წარსდგა, ყოლბაიამ უპასუხა, რომ შესაძლოა, პრეზენტაციის დასახელება სხვა იყოს, ხოლო კონფერენციაზე სხვა საკითხზე ისაუბრო.

„ჩვენ დევნილებისათვის გაცემული შემწეობები არამიზნობრივ ხარჯვად არ მიგვაჩნია. რაც შეეხება მივლინებას, მივლინება ხდება ის, სადაც აფხაზური თემა უნდა გაჟღერდეს. აფხაზური თემის წამოწევა არის მნიშვნელოვანი, ეს კრაკოვი იქნება თუ ბოლივია. ჩვენს წარმომადგენელს მოხსენება ჰქონდა, რომელიც ეხებოდა აფხაზეთის კულტურას. პრეზენტაციის დასახელება ერთია, თუმცა შეიძლება კონფერენციაზე გამოხვიდე და იმაზე ილაპარაკო, რაც შენ გტკივა,“ - განაცხადა ყოლბაიამ.

მისივე თქმით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა რიგ შემთხვევებში ასაჩივრებს აუდიტის სამსახურის დასკვნას. კითხვაზე, აპირებს თუ არა ამ დასკვნის გასაჩივრებას, ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა, რომ არ აპირებს, რადგან ის თანამშრომელი, რომელიც მივლინებაში იმყოფებოდა, მივლინებაში დახარჯულ თანხას უკან დაუბრუნებს სახელმწიფო ბიუჯეტს.

„აუდიტის სამსახური თავის საქმეს აკეთებს. მას აქვს გაწერილი ხედვა, რომელიც ხშირ შემთხვევაში კანონის თანმიმდევრად კეთდება, თუმცა ბევრ შემთხვევაში ჩვენ ვასაჩივრებთ აუდიტის სამსახურის ანგარიშებს, ბევრ შემთხვევაში ვუმტკიცებთ, ბევრ შემთხვევაში ვერ ვუმტკიცებთ, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში წინააღმდეგობაში კი არ მოვდივართ, უბრალოდ, ამას აქვს რეკომენდაციის ხასიათი და შემდგომში მის რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ. ჩვენ სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით არ ჩავთვალეთ საჭიროდ გასაჩივრება, რამეთუ თვითონ ის პიროვნება, რომელიც ჩვენთან მუშაობს, მან თვითონ მოისურვა, რომ რადგან სალაპარაკო გახდა, გრაფიკის მიხედვით, დაუბრუნოს სახელმწიფო ბიუჯეტს ის თანხა, რომელიც დახარჯულია ამ მივლინებაში. ეს არის 2 357 ლარი“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ სამივლინებო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.

როგორც აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, აფხაზეთის მთავრობის მთავარი სპეციალისტი 2017 წელს კრაკოვში საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, თუმცა მისი სიტყვით გამოსვლის შინაარსი მივლინებასთან შეუსაბამო იყო.

უწყების განმარტებით, კრაკოვში გამართულ კონფერენციაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სპეციალისტი წარდგა მოხსენებითა და პრეზენტაციით, თემაზე: „საზოგადოებასთან ურთიერთობა და სახალხო მუსიკის სტილი შეერთებულ შტატებში“, ხოლო ქალაქ ელ- მაფრაკში გამართულ კონფერენციაზე თემის − „პიარი და თანამედროვე მუსიკა, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი“ პრეზენტაციით.

ჯამში ამ ორ მივლინებაზე ბიუჯეტიდან 2,357.6 ლარი დაიხარჯა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ფაქტობრივად ვერ დასტურდება კონკრეტულად რა სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად იყო მივლინებული მთავარი სპეციალისტი, ვინაიდან აღნიშნული გამგზავრებები, მათი მიზნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, საერთოდ არ ყოფილა მივლინება, შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრები გახარჯულია კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა