სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალი დარბაზი გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შენობაში სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალგარემონტებული დარბაზი გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, 25 წლის შემდეგ, პირველად თეატრს საკუთარი შენობა, ასევე, 254 ადგილიანი დარბაზი, კეთილმოწყობილი სცენა, სარეპეტიციო დარბაზი, საგრიმიორო ოთახები და საშხაპეები აქვს.

მათივე ინფორმაციით, დარბაზი უპირველესად დევნილ შემოქმედებით კოლექტივებს დაეთმობა, ასევე შესაძლებელი იქნება შეხვედრების, კონფერენციების, დისკუსიებისა და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ეს შენობა ქართულ-აფხაზური კულტურის ცენტრად იქცევა, რომლის მიზანი აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა, შენარჩუნება და განვითარებაა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ხვთიასიაშვილმა.

უწყების ინფორმაციით, გამომსვლელებმა გაიხსენეს თეატრის სოხუმში მოღვაწეობის მდიდარი ისტორია, ასევე, მათ მიერ დევნილობაში გატარებული ის პერიოდი, როდესაც საკუთარი დარბაზის უქონლობის გამო შეკედლებულნი იყვნენ მარჯანიშვილის, რუსთაველის, ახმეტელისა და სამეფო უბნის თეატრებში და სპექტაკლების გამართვა მათ სცენებზე უწევდა.

„დიდი სიამაყის გრძნობით მინდა განვაცხადო, რომ შენობას, სადაც ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით, ამიერიდან მოვიხსენიებთ, როგორც ქართულ-აფხაზური კულტურის კერას. დღევანდელი დღე - 2019 წლის 12 თებერვალი - სოხუმის თეატრის უახლეს, 25-წლიანი დევნილობის ისტორიაში განსაკუთრებულ და ღირსშესანიშნავ თარიღად შევა - დღეიდან სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი საკუთარ სპექტაკლებს აქ, ამ კეთილმოწყობილ დარბაზში, ანუ საკუთარ სცენაზე წარმოგვიდგენს.

სოხუმის თეატრის სცენაზე წლების განმავლობაში მრავალი გამოჩენილი მსახიობი მოღვაწეობდა, მათ შორის განსაკუთრებით მინდა გამოვყო დიმა ჯაიანი. წარმომიდგენია, როგორ გაიხარებდა იგი დღეს, რა ცეცხლს დაანთებდა მის ამ დიდი ხნის ნაოცნებარ სცენაზე და როგორი ემოციით, ცრემლნარევი ხმით შემოსძახებდა ყველა დროისა და ეპოქის ქართველისა და აფხაზის გასაგონად - „ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ“. ვულოცავ ამ დიდებულ დღეს თეატრალური დასის თითოეულ წევრს, მის ხელმძღვანელობას და თითოეულ თქვენგანს“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შემოქმედებითი კავშირი - საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით პატრიოტული იდეოლოგიის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს განსაკუთრებული ჯილდო „მაჩაბელა“ მიენიჭა.

სამთავისისა და კასპის ეპარქიის მღვდელმთავარმა ეპისკოპოსმა დამიანემ (ხუფენია) სოხუმის თეატრს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის მილოცვის წერილი წაიკითხა.

საღამოზე ნაჩვენები იყო სოხუმის დრამატული თეატრის შესახებ 1953 და 1983 წლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმები. შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, რომელშიც გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, ანსამბლი „ფორტე“, „თეატრალური კვარტეტი“, ნეკა სებისკვერაძე, ნუკრი კაპანაძე და სოფო ბათილაშვილი მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სოხუმის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, საქართველოს სახალხო არტისტმა, მსახიობმა გოგი ქავთარაძემ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ დავით საყვარელიძეს ახალი დარბაზის სიმბოლური გასაღები გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულებით დარბაზს საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო პრემიის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენისა და უკრაინის პრესტიჟის ორდენის კავალერის, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის დიმიტრი (დიმა) ჯაიანის სახელი მიენიჭა.

თეატრის ახალი დარბაზის საზეიმო გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროსა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შენობის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტიდან გამოიყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო