დავით ზალკალიანი - როგორც არასდროს, ისეთი მაღალია ჩვენს მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერა და საჭიროა ამის საკანონმდებლო დონეზე გაღრმავება

როგორც არასდროს, ისეთი მაღალია ჩვენს მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერა და საჭიროა ამის საკანონმდებლო დონეზე გაღრმავება , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„ამერიკელ სენატორებთან საუბარი შეეხო აშშ-ის საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ერთსულოვანი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ, განსაკუთრებით აღინიშნა 13 თებერვალს აშშ-ის სენატისთვის წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების გამო“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და რონ ჯონსონის შეხვედრის შემდეგ.

მინისტრის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ორი ძირითადი მიმართულება, რომლებიც აქტუალურია საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ ურთიერთობებში - თავდაცვა და უსაფრთხოება და ეკონომიკური თანამშრომლობა.

„როგორც არასდროს, ისეთი მაღალია ჩვენი თანამშრომლობა აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციასთან და ამას სჭირდება საკანონმდებლო დონეზე მხარდაჭერა და გაღრმავება. ყველა ორმხრივი ვიზიტი, რომელიც მომავალში განხორციელდება, იქნება ამ მხრივ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღესვე, შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, პატრიკ შენაჰენთან. დავით ზალკალიანის თქმით, მხარებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, რომელიც თავის მხრივ, უპრეცედენტოა.

„მნიშვნელოვანია აშშ-ის მხარდაჭერა როგორც ნატოში ჩვენი ინტეგრაციის, ისე ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გვექნება ხელშესახები შედეგები. მოქმედებს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც წარმატებით სრულდება და გვსურს რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - აღნიშნა მინისტრმა.

ზალკალიანის თქმით, მიუნხენის კონფერენციაზე შავი ზღვის უსაფრთხოება არის ერთ-ერთი ცენტრალური თემა.

„ჩვენ გვექნება პარალელური ღონისძიება, რომელიც საქართველოს თემას მიეძღვნება და რომელზეც გაჟღერდება ჩვენი აქცენტები ნატოს გაფართოების შესახებ და საუბარი იქნება იმაზე, თუ რას ველით ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან. ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი. ისე როგორც შავ ზღვაზე თანამშრომლობის ფორმატები, რაც აისახა ბრიუსელის წინა სამიტზე. შავი ზღვა უნდა იქცეს მნიშვნელოვან მაკონსოლიდირებელ ფაქტორად ყველა მთავარ მოთამაშეს შორის“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა