ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2019

სოსო ცინცაძე - “მამუკა ხაზარაძე იბრძოლებს, მაგრამ ბარიკადებზე არ ავა”

“ივანიშვილმა ხაზარაძეს რამდენჯერმე მოსთხოვა, ხელი აეღო ანაკლიის პორტზე” - სანდრო ბრეგაძე

* * *

სოსო ცინცაძე - “მამუკა ხაზარაძე იბრძოლებს, მაგრამ ბარიკადებზე არ ავა”

"მამუკა ხაზარაძე არ არის ჩვეულებრივი რიგითი ბიზნესმენი, რომელსაც ლევან მურუსიძის იქით გზა არ აქვს. მამუკა ხაზარაძეს აქვს შესაძლებლობა, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პროფესიონალი ადვოკატი დაიქირავოს და თავისი სიმართლე ნებისმიერ ფასად დაიცვას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ ადგილზე”, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსო ცინცაძე: “მამუკა ხაზარაძე იბრძოლებს, მაგრამ ბარიკადებზე არ ავა”.

“მე არ მიკვირს, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა ივანიშვილის კვალზე საუბრობს, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ თვით გამოცდების გაუქმებაშიც კი პოლიტიკა დაინახა და დაასკვნა - ეს მოზარდები რომ ამომრჩევლები გახდებიან, ამიტომ მიიღო ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება... გამოვრიცხავ, რომ ხაზარაძემ 2020 წლისთვის ოპოზიცია დააფინანსოს. არავინ იცის, ორი წლის შემდეგ ხაზარაძე შეიძლება საერთოდ ჯიბეგამოხეული დარჩეს - სასამართლო პროცესები თუ დაიწყო, ეს უკვე წლების განმავლობაში გაიჭიმება. ხომ გახსოვთ, ბადრი პატარკაციშვილის სასამართლო პროცესები რამდენ ხანს გაგრძელდა. ხომ ხედავთ, ლომდონის ბირჟაზე “თიბისის” აქციების ფასი როგორ დაეცა. ახლა მის თავს სულ სხვა პრობლემებია. მას ჯერ საკუთარი იმიჯი აქვს გადასარჩენი. ამიტომ, არა მგონია, რომ მამუკა ხაზარაძემ უცებ ბადრი პატარკაციშვილის როლის თამაში დაიწყოს, - ამას გამოვრიცხავ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

“მგონია, ის უფრო სამართლებრივი გზით წავა. არ ვფიქრობ, რომ მამუკა ხაზარაძე ბარიკადებზე ავიდეს - ამას მისგან არ ველოდები. ხაზარაძეს 2020 წლისთვის სხვა თავის ტკივილი ექნება. მაგალითად, როგორ გადაარჩინოს ის, რისი გადარჩენაც შესაძლებელი იქნება. დანაკარგები იქნება ძალიან დიდი, ეს არ არის მარტივი საქმე, საუბარია ბანკზე, ფინანსურ სექტორზე. აქ ყველაფერი დათვლადია. უკვე ცხადია, რომ ამ დავიდან ხაზარაძე ჯიბედაცარიელებეული თუ არა, ნაკლები რესურსებით გამოვა. ამიტომ, მე არა მგონია, რომ მას პოლიტიკისათვის ეცალოს და დარჩენილი რესურსები პოლიტიკისკენ მიმართოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

მამუკა ხაზარაძისგან მე სრულად გამოვრიცხავ ბადრი პატარკაციშვილსაც და თუნდაც 2012 წლის ბიძინა ივანიშვილსაც. თავის დროზე ერთსაც ჰქონდა მიზეზი და მეორესაც, რომ პოლიტიკაში მოსულიყვნენ და მოდით, ასეთ ვთქვათ, პოლიტიკა ექციათ მთავარ ბიზნესად. ასეთი მიზეზი ხაზარაძეს შეიძლება აქვს კიდეც, მაგრამ უკვე გვიანია. ახლა ის დროა, რომ ხაზარაძეს რაც აქვს, ის გადაარჩინოს”, - დასძენს პოლიტოლოგი და შეკითხვაზე - “ეს პროცესი ქვეყნის იმიჯზე როგორ იმოქმედებს, უკვე ელჩები აცხადებენ, რომ პროცესს აკვირდებიან...” - პასუხობს:

“რა შეეხება ქვეყნის იმიჯს, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა. ეს არ არის რომელიღაც სოფლის დუქანი, რომლის ბედიც არავის აღელვებს. პოლიტიკური კრიზისი, სამთავრობო კრიზისი ნებისმიერ ქვეყანაში ბევრად უფრო თვალშისაცემია, ბევრად უფრო ხმაურიანია, მაგრამ ეს დიდ კითხვის ნიშნებს არ იწვევს, - ეს მაინც აღიქმება როგორც სხვა ქვეყნის საშინაო პოლიტიკა. რაც შეეხება საბანკო სექტორს, ფინანსურ სექტორსა და იქ მიმდინარე კრიზისს, ეს შეიძლება ასეთი ხმაურიანი არ იყოს, თუმცა ამ შემთხვევაში ინტერესი ერთიორად იზრდება. დღეს მსოფლიოს განაგებენ ფინანსური კაპიტნები, ამიტომ ელჩები რომ აკვირდებიან ამ საქმის ყველა დეტალს, ეს გასაგებია და დააკვირდებიან კიდეც, ამიტომ ღმერთმა ნუ ქნას ეროვნული ბანკის მოტივაციაში ოდნავაც ეჭვი შეიტანონ”.

“თუ პროცესი არ იქნა გამჭვირვალე და ამას ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო, მაშინ სერიოზული კითხვები გაჩნდება. ახლა მთავარი კითხვა ის არის, შეძლებს კი ეროვნული ბნკი საერთაშორისო არენაზე დაამტკიცოს, რომ აქ პოლიტიკის ნასახიც არ არის. თუ ვერ შეძლო და ოდნავაც კი გაჩნდა ამის ეჭვი, ეს ღმერთმა ნუ ქნას, მაშინ ჩვენი ქვეყნის მიმართულებით არანაირი ინვესტიცია არ წამოვა... მე მაინც მგონია, რომ ეს ხელისუფლებას კარგად ესმის და კარგად აქვს გაცნობიერებული ამ საქმის მნიშვნელობა ყველა მიმართულებით. მმართველი პარტიის, ხელისუფლების სასიცოცხლო ინტერესშია, რომ ამ საქმეში ოდნავაც კი არ გაჩნდეს ეჭვი. კიდევ ერთი, რაც დღეს აშკარად ჩანს არის ის, რომ მამუკა ხაზარაძე დანებებას არ აპირებს და ბრძოლა გაგრძელდება”, - დაასკვნის სოსო ცინცაძე.

“ივანიშვილმა ხაზარაძეს რამდენჯერმე მოსთხოვა, ხელი აეღო ანაკლიის პორტზე” - სანდრო ბრეგაძე

"ქვეყანაში ვულკანის ამოფრქვევის წინა პერიოდია. სამწუხაროდ, ამას ყველაზე ნაკლებად ბიძინა ივანიშვილი ხვდება. ვერაფერს იმიტომ ვერ ხვდება, რომ მლიქვნელებით არის გარშემორტყმული და რეალობასაა მოწყვეტილი... დუღილი მიდის პოლიტიკაში, დუღილია ეკონომიკასა და საბანკო სექტორში, დუღილი დაიწყო საპატრიარქოშიც, სადაც გარეშე ძალების ერევიან, დუღილის პროცესია სპორტში - მარტო ჭიდაობის ფედერაციის ამბები რად ღირს... ეს დუღილი ძალიან მალე აფეთქებაში გადაიზრდება - ელემენტარული ბუნების კანონია, რომ ასეთ დუღილს შედეგი აუცილებლად მოჰყვება”, - აცხადებს “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილმა ხაზარაძეს რამდენჯერმე მოსთხოვა, ხელი აეღო ანაკლიის პორტზე” / “ოცნების ლიდერი იმ დონეზე დავიდა, რომ უკვე იმას არჩევს, ვინ უნდა შემოიტანოს საქართველოში კვერცხი”.

მამუკა ხაზარაძის და “თიბისი” ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესები ასე უკვალოდ არ ჩაივლის. ამასთან დაკავშირებით მინდა ექსკლუზიური ინფორმაცია მოგაწოდოთ. იმ დროს მე ჯერ კიდევ საქართველოს მთავრობის წევრი ვიყავი, როცა გიორგი კვირიკაშვილის მეცადინეობით ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი მამუკა ხაზარაძეს გადაეცა. ამ პროცესს თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა დავით საგანელიძე. საგანელიძე გახლდათ ამ ყველაფრის შემოქმედი. ის ანაწილებდა ანაკლიის პორტის ტენდერში გამარჯვებულებს შორის წილებს. თავად საგანელიძისგან და სხვებისგან ვიცი, რომ ვანო ჩხარტიშვილი სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მას ჩაეგდო ხელში. მოხდა ისე, რომ მაშინდელმა პრემიერმა კვირიკიაშვილმა ჩხარტიშვილი უარყო - მან ივანიშვილის რეკომენდაციასაც არ გაუწია ანგარიში. რა თქმა, ჩხარტიშვილს რეკომედაციას ივანიშვილი უწევდა - ანაკლიის პორტის ხელში ჩაგდებაში მას სწორედ “ოცნების” ლიდერი ეხმარებოდა. მამუკა ხაზარაძეს პირდაპირ უთხრეს, რომ ამ პროექტიდან გვერდზე გაწეულიყო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო ბრეგაძე.

“ივანიშვილმა ხაზარაძეს რამდენჯერმე მოსთხოვა, ხელი აეღო ანაკლიის პორტზე. ხაზარაძეს კი იმ დროს ჰქონდა მოქმედი პრემიერის მხარდაჭერა და მოახერხა ამ ტენდერის მოგება. ჩემი თვალით ვუყურებდი რა ხდებოდა, როცა ტენდერის შედეგები გამოცხადდა - მთელ სახელისუფლებო გუნდში პანიკა იყო. მაშინ დაიქადნა ვანი ჩხარტიშვილმა, რომ მამუკა ხაზარაძეს ამ ტენდერის მოგებას არ შეარჩენდა. ჩხარტიშვილი უკან ბიძინა ივანიშვილი დგას და მათ “თიბისი” ბანკის ხელმძღვანელს ასეთი ურჩობა არ აპატიეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“იბადება კითხვა - რატომ არის ანაკლია ასეთი მნიშვნელოვანი ან ერთი, ან მეორე მხარისთვის. არც ჩხარტიშვილი და არც ხაზარაძე არ არიან დაინტერებული, რომ ანაკლიის პორტი და საქართველოს ააყვავონ - ანაკლიის პორტის მშენებლობა არის მილიარდობით შავი ფულის გათეთრების საუკეთესო საშუალება. ანაკლიის პორტი არის ფულის გათეთრების კონვეიერი, საიდანაც ვიღაცების ჯიბეში ძალიან ბევრი ფული დაილექება. ფულის გათეთრება არის კრიმინალი და ეს ბიზნეს-კრიმინალი არის ამ პოლიტიკური დაპირისპირების მთავარი მიზეზი. ანაკლიის პორტის მშენებლობა არავის სურს კეთილშობილური მიზნებისთვის”, - დასძენს ბრეგაძე და შეკითხვაზე - “არის ვერსია, რომ ივანიშვილი ხაზარაძეს იმიტომ დაუპირისპირდა, რომ ის პოლიტიკაში აპირებს წასვლას...” - პასუხობს:

“რა პოლიტიკურ აქტიურობას უნდა აპირებდეს ხაზარაძე? ის არის ჩვეულებრივი კონფორმისტი, რომელიც მშვენივრად გრძნობდა თავს ყველა ხელისუფლების დროს - ანაკლია რომ არა, ის დღევანდელ ხელისუფლებასთან დღემდე ჩახუტებული იქნებოდა... შარშან მაისში “ბასიანთან” დაკავშირებული ნარკომანების აქციის დამფინანსებელი სწორედ მამუკა ხაზარაძე იყო. სხვათა შორის, კვირიკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ედ აქციები იყო...”

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა