საფრანგეთში, ვინსენტ ვან გოგის მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საფრანგეთში, ქალაქ არლში მდებარე ვინსენტ ვან გოგის მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეში გამოიფინება.

როგორც ცნობილია, გამოფენა NIKO PIROSMANI – A Wanderer Between Worlds ვენაში, ალბერტინას მუზეუმში სამი თვით იყო წარმოდგენილი და ის 400 ათასამდე ვიზიტორმა იხილა. ამჯერად, დამთვალიერებელი ფიროსმანის გამოფენას საფრანგეთში, არლის ვან გოგის მუზეუმში ნახავს.

„შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან ნიკო ფიროსმანაშვილის 29 ნამუშევარი და ვინსენტ ვან გოგის მიერ 1884-1889 წლებში შესრულებული 6 ნამუშევარი გამოიფინება, მათ შორის ისეთი შედევრები, როგორებიცაა „არლელი ქალბატონი“, „ხის მჭრელი“, „ფეხსაცმელები“, „მთესავი ჩამავალი მზის ფონზე“. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება პარიზის ზდანევიჩის ფონდში დაცული ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914". წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“.

გამოფენა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, Infinitart Foundation Vienna და არლში ვინსენტ ვან გოგის მუზეუმის ინიციატივით ხორციელდება და მის ფარგლებში თანამედროვე ხელოვნების სივრცე, მხატვრის შემოქმედებით შთაგონებულ, თანამედროვე არტისტთა ნამუშევრებს დაეთმობა. მათ შორის იქნება ცნობილი იაპონელი არქიტექტორის, ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა, სახელწოდებით Table Of Pirosmani, რომელიც იაპონელმა არტისტმა ფიროსმანაშვილის ხსოვნას მიუძღვნა. დამთვალიერებელი აგრეთვე იხილავს ჯორჯ ბაზელიცის, იოში მოტონარას, ანდრო ვეკუას, შირანა შაბაზის, კრისტინა ფორერის, ადრიან გენისა და რაფაელა ვოგელის ნამუშევრებს.

გამოფენების მთავარი მიზანია ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა“, - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო