ლევან გოგიჩაიშვილი - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირდაპირ ეთერში საკუთარი რეპუტაცია „ააორთქლა“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირდაპირ ეთერში საკუთარი რეპუტაცია „ააორთქლა“ - კომიტეტმა ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა გადახაზა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ინტერესით მოიქცა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა.

გოგიჩაიშვილი იმასაც ამბობს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “აღარაფერი არ არის და მიმდინარეობს იუსტიციის საბჭოს ფილიალიზაცია“.

„გუშინ უნიკალური შემთხვევა მოხდა. ადამიანები, რომლებიც ხმალამოღებით ამბობდნენ, რომ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, თავი შეიკავეს. თუ გჯერა შენი სიმართლის, ეს თავშეკავებულობა უკვე ახალი მიმდინარეობაა. როდესაც არ შეგიძლია პოზიციის დაფიქსირება, თავს იკავებს. ცოტა ხანში ძალიან ბევრი თავშეკავებული დეპუტატი გვეყოლება. ეს თავშეკავებულობა გამომდინარეობს იქიდან, რომ არ შეგიძლია გამბედავი ნაბიჯი გადადგა, არ შეგიძლია წახვიდე იმ ცუდის წინააღმდეგ, რაც რეალურად ახლა ხდება და იგონებ რაღაც აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილ არგუმენტს, რომ ეს თითქოს რაღაც ანტიკონსტიტუციურია, როდესაც ერთი წინადადებითაც კი არ მტკიცდება, რომ პროექტი ანტიკონსტიტუციურია. ჩვენ, კანონმდებლებმა გარდამავალი დებულება რომ დავწერეთ, ზუსტად ის ვიგულისხმეთ, რომ სანამ ბოლომდე ყველა პროცედურის გაწერა არ მოხდებოდა, შეგვეძლო 2025 წლამდე მორატორიუმი გამოგვეცხადებინა და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის უფლება შეგვეჩერებინა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ “მოქალაქეები, პროფესიული წრეები, სტუდენტები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია არის იმ აზრზე, რომ სასამართლოში სერიოზული პრობლემებია“.

„მხოლოდ იუსტიციის საბჭო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გარკვეული ჯგუფი, ვერ ხედავს ამას, მაგრამ გინდა, არ გინდა, ამის დანახვა ყველას მოუწევს. ეს გარდაუვალი პროცესია. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი კოლეგების უმრავლესობა არ ფიქრობს ისე, როგორც ფიქრობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალი ხელმძღვანელობა. დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტის წევრები კანონპროექტს მხარს დაუჭერენ“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა კანონპროექტი “საერთო სასამართლოების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესება.

პროექტი პარლამენტის წევრების - ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის, ოთარ ჩრდილელის, ზვიად კვაჭანტირაძის, კობა ნარჩემაშვილის, ალექსანდრე ერქვანიას, დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით არის წარმოდგენილი.

კომიტეტმა მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერების თაობაზე კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა