გამყოფ ხაზთან მდებარე მაღალმთიან სოფელ ჩორჩანას მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე მაღალმთიან სოფელ ჩორჩანას მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოფელში მუდმივად მცხოვრები 15-მდე ოჯახი პირველ ეტაპზე მოსაგვარებელ პრობლემად სოფლის გზას ასახელებენ. მათი განცხადებით, ზამთრობით, უამინდობისას, სოფელში მისასვლელი გზა ხშირად გაუვალი ხდება, რთული მდგომარეობაა სოფლის შიდა გზებზეც.
„საჭიროებისას, სასწრაფო აქამდე ვერ მოდის, ბავშვებს მეზობელ სოფელში მდებარე სკოლაში სიარული უჭირთ. ზაფხულობით წყლის პრობლემაც გვემატება. ახლახანს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფლის განაპირას მდებარე ტყესთან ახალი მონიშვნები გააკეთეს, გამორიცხული არ არის, გადაადგილება ამ მიმართულებითაც შეგვეზღუდოს“, - აცხადებს მოსახლეობა.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის პრობლემების ადგილზე გასაცნობად ჩორჩანაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რუსლან აბაშიძე, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი იმყოფებოდნენ.
პრობლემების იდენტიფიცირების საფუძველზე, დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები.
„ადგილზე გავეცანით მოსახლეობის საჭიროებებს, ვისაუბრეთ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე, რასაც ეტაპობრივად აუცილებლად მოვაგვარებთ. მოხდება გზების მოხრეშვა, მოგვარდება წყლის პრობლემა, შემდეგი წლისთვის კი, დავგეგმავთ გზის კაპიტალურად მოწყობის სამუშაოებს", - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

,,ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა ის სოფელი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, მათ შორის არის სოფელი ჩორჩანაც. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ადამიანებს შეუმსუბუქოს აქ ცხოვრება. ის პროექტები, რაც ხორციელდებოდა, კიდევ გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით იმ ხალხის გვერდზე, ვისაც ყოველდღიურად უწევს ცხოვრება რუსული ოკუპაციის რეჟიმის ქვეშ. ბუნებრივია, ყველა ის ქმედება, რომელიც მიმართულია ადამიანების თავისუფლად გადაადგილების წინააღმდეგ, არის ყოვლად მიუღებელი და ყველა ის ქმედება, რომელსაც ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი, ჩვენს მიერ დაყენებული იყო ერგნეთის შეხვედრაზე, სისტემატურად ვაწვდით ინფორმაციას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ვინც არის ჩართული ამ პროცესებში. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაეხმაროს ამ მოსახლეობას და შეუმსუბუქოს ის ტვირთი, რაც დაკავშირებულია საოკუპაციო ხაზთან ცხოვრებასთან", - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, რუსლან აბაშიძემ.

























