მაია ცქიტიშვილი - ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე ყველა ის სამუშაო შესრულდა, რაც  შესრულებადი იყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის პროექტთან დაკავშირებით ირაკლი აბესაძის, გიგა ბოკერიასა და ნიკა მელიას შეკითხვებს უპასუხეს.

მინისტრის თქმით, სამტრედია-გრიგოლეთის პროექტზე არსებული პრობლემები, ერთის მხრივ, დაკავშირებულია გეოლოგიასთან, მეორეს მხრივ სამუშაოების შესრულებასთან და ეს საქმე არის საგამოძიებო ორგანოებში.

„ყველა ის სამუშაო შესრულდა, რაც შესრულებადი იყო. სამწუხაროდ პრობლემური მონაკვეთია და არ გამოვრიცხავ, ნაკლებად გააზრებული გადაწყვეტილებებიც იყო მიღებული“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პროექტთან დაკავშირებულ დეტალები მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ დააზუსტა.

„სამტრედია-გრიგოლეთის გზა შედგება 4 ლოტისგან. პირველ ლოტზე უკრაინული კომპანია „ალტკომი“ იყო. გარანტიის შესრულების მოთხოვნა არაერთხელ მოხდა, ამ ეტაპზე კი უკრაინული ბანკის წინააღმდეგ მიდის დავა და გვეხმარება საერთაშორისო კომპანია. პარალელურად, იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს დავას საარბიტრაჟო სასამართლოში. გასულ წელს ხელახლა გამოცხადდა ტენდერი და შეირჩა აზერბაინჯანული კომპანია „აკორდი“, რომელმაც შემოგვთავაზა დაბალი ფასი. სამობილიზაციო სამუშაოები დაწყებულია და სამშენებლო მასალა შეტანილია. მეორე ლოტზე არის კომპანია “სინოიჰიდრო“, რომელსაც 2018 წლის 13 დეკემბერს გაუვიდა ვადა, რის შემდეგაც ეკისრება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სამუშაოების გაჭიანურება უკავშირდება ასევე ე. წ. ჯდენებს, კომპანიამ თავისი ინციატივით უზრუნველყო დამატებითი ყრილის მოწყობა და არის პოზიტიური შედეგები. ზედამხედველის ვარაუდით, ჯდენების სტაბილიზაციის პირობებში, სამუშაოები შეიძლება დასრულდეს წლის ბოლოს. მე-4 ლოტზეც იგივე სიტუცუიაა და 23 დეკემბრიდან კომპანია არის ჯარიმების რეჟიმში, თუმცა აქაც არის დადებითი ტენდენცია და თავის ხარჯით ასწორებს კომპანია ყველა ხარვეზს. რაც შეხება მე- 3 ლოტს, აქ არის იტალიური კომპანია „ტოდინი“, რომელმაც დაგვიანებით დაიწყო გეოლოგიური და სხვა სახის სამუშაოები. მათ უკვე გაეგზავნათ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილი და პროცედურების დასრულების შემდეგ მოხდება ტენდერის ხელახალი გამოცხადება“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.