ოთარ კახიძე - პროკურატურის განცხადება, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ფულის გამთეთრებლები არიან, ძალიან სერიოზული დისკრედიტაცია ანუ დამღაა, რომელსაც ასვამ

პროკურატურის განცხადება, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ხაზარაძე და ჯაფარიძე ფულის გამთეთრებლები არიან, უკვე თავისი შინაარსით ძალიან პრობლემურია - კონკრეტულ პირებზე რომ მიუთითებ, რომ მათ ფული გაათეთრეს, ეს უკვე ძალიან სერიოზული დისკრედიტაცია ანუ დამღაა, რომელსაც ასვამ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის გამოსვლისა და სიტყვა-პასუხის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურის განცხადება პირს ფაქტობრივად „აშავებს“. „ჩვენ როდესაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში, ესა თუ ის მინისტრი პოლიტიკური სამიზნე კი არ არის, ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ გუდზე, პარტიაზე, რომელიც 7 წელია ქვეყანას მართავს და ესა თუ ის მინისტრი რომ წინამორბედზე უკეთსია, ეს დამშვიდების საშუალებას ვერ მოგვცემს. პროკურატურის განცხადება, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ხაზარაძე და ჯაფარიძე ფულის გამთეთრებლები არიან, უკვე თავისი შინაარსით ძალიან პრობლემურია. კონკრეტულ პირებზე რომ მიუთითებ, რომ მათ ფული გაათეთრეს, ეს უკვე ძალიან სერიოზული დისკრედიტაცია ანუ დამღაა, რომელსაც ასვამ. ძალიან გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება გააკეთოს პროკურატურამ, რომ ბრალის დადგენილება არ გამოაქვს, მაგრამ გამოძიების დაწყებას ისე აანონსებს, რომ პრაქტიკულად, აშავებს პირს და თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, ფინანსისტისთვის ფულის გამთეთრებლის იარლიყი რას ნიშნავს და დაწყებული გამოძიება როგორ არის მის თავზე დაკიდებული დამოკლეს მახვილი“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხარდამჭერი „ფეისბუქ“-გვერდები მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გააქტიურდნენ. „მეორე ნაწილი ავიღოთ - მთელი სამთავრობო მედია, მთელი ის „ფეისბუქ“-გვერდები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის მხადამჭერები იყვნენ, იყვნენ ოპოზიციის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართულები, ყველა სახელისუფლებო მესიჯს რომელი გვერდებიც ახმოვანებენ, ჩართულები არიან მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციის კამპანიაში. აშკარაა, რომ ამის უკან მთავრობა დგას. მესამე, ამას ზემოდან დაერთო ეროვნული ბანკის მოთხოვნა, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოსა და მისი თავმჯდომარის გადაყენებას ეხება. ამ სიტუაციაში თქვენ რომ იყოთ პოტენციური ინვესტორი, ვისაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გთხოვთ, რომ პორტის მშენებლობასა და მის ფუნქციონირებაში ათეულობითა და ასეულობით მილიონი ჩადოთ, პროკურატურის განცხადებით, პირი ფულის გათეთრებაში არის ეჭვმიტანილი, ბრალდებას უყენებს მას ეროვნული ბანკი და ამასთან ერთად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო შესაბამის თანხებს არ ითვისებს, ეს ხომ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება სინამდვილეში არ არის სერიოზული და ძალისხმევას არ მიმართავთ, რომ ამ პროექტმა წარმატებას მიაღწიოს?!“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი