გენგეგმის ჯგუფის  ხელმძღვანელი - პარკირების გადასახადი თბილისის ცენტრალურ ნაწილში მაღალი უნდა იყოს, რათა ადამიანები დაფიქრდნენ, ღირს თუ არა მანქანის საათობით დაპარკინგება

პარკირების გადასახადი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მაღალი უნდა იყოს, რათა ადამიანები დაფიქრდნენ, ღირს თუ არა მანქანის საათობით დაპარკინგება, - ამის შესახებ „სითი ინსტიტუტი - საქართველოს“ ხელმძღვანელმა, თბილისის გენგეგმის ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მამუკა სალუქვაძემ პარკირების გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენს კვლევაში, რომელიც სატრანსპორტო ნაწილს ეხებოდა, ქალაქში პარკირების სისტემასთან დაკავშირებით ზონირების და ამის მიხედვით გადასახადის შემოღების პრინციპი იყო წარმოდგენილი. უნდა ყოფილიყო ცენტრალური, შუალედური, პერიფერიული უბნები, სადაც მოხდებოდა შესაბამისი თანხის გადახდის საფასურად პარკირების მოწესრიგება. ეს მსოფლიოში დანერგილი სისტემაა და მიზანი აქვს, ქალაქის ცენტრში მაქსიმალურად შევიკავოთ თავი მანქანით გადაადგილებისგან და ადამიანებს საშუალება მიეცეთ, უფრო კომფორტულად და იაფად შეძლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა“, - განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, ფასი ისე უნდა შეირჩეს, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მანქანის გასაჩერებელი ადგილების 20% მუდმივად თავისუფალი იყოს და ხდებოდეს მისი შევსება.

„თუ საათობრივ გადახდაზეა საუბარი, როდესაც ადამიანს მანქანა სადმე საკმაოდ დიდი ხნით ჰყავს გაჩერებული, ბუნებრივია, მის ჯიბეს ეს დაეტყობა. მოქალაქეები ფიქრს დაიწყებენ, ღირს თუ არა ქალაქის ცენტრში მანქანის საათობით დაპარკინგება. ნორმალურად ითვლება, როდესაც ცენტრალური ნაწილის პარკირების ადგილებიდან 20% მუდმივად თავისუფალია და ხდება მისი შევსება, რაც ნიშნავს, რომ დაწესებული X გადასახადი ნორმალურია. ამის დანერგვის მცდელობაა თბილისის მერიის მხრიდან, რაც ჩვენი ერთ-ერთი შეთავაზება იყო. ჩვენ საპილოტე პროექტიც შევთავაზეთ კოტე აფხაზის ქუჩაზე, რომელიც იქნება პირველი ქუჩა, სადაც გადახდის აპარატები ამოქმედდება. ალბათ, ფასიც ამის შემდეგ დადგინდება. ზოგ ადგილებში დღეების განმავლობაში დგას მანქანები, პარკირებაზე ადგილის მოძიებისთვის ხშირად რამდენიმე წრის დარტყმა უხდება ადამიანს. აქ სხვა პრობლემებიც მოდის - ეკოლოგიური, საცობის და ა.შ. ამისგან განთავისუფლების ხერხი იქნება ძვირი ფასი ცენტრალურ ნაწილში, შუალედურში - შედარებით ნაკლები, ხოლო პერიფერიულში შეიძლება, საერთოდ უფასოც იყოს.იქ მცხოვრებლებისთვის კი ბუნებრივია, რომ უფასო იქნება“, - აღნიშნა გენგეგმის ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა.

თბილისში პარკირების ღირებულებას საკრებულო სავარაუდოდ, ერთ კვირაში დაადგენს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საპილოტე პროექტი თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა