მიხეილ ბატიაშვილი - ლადო აფხაზავა წარმატებული და შემოქმედებითი პედაგოგის ნათელი მაგალითია

გერმანიაში მყოფმა სქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ლადო აფხაზავას „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ათ ფინალისტს შორის მოხვედრა მიულოცა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ქართველი პედაგოგის მხრიდან ასეთი მიღწევა, საგანმანათლებლო სისტემისთვის უმნიშვნელოვანესია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ქვეყნისთვის ძალიან საამაყოა, რომ ქართველი პედაგოგის ცოდნა და უნარები მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.

„ლადო აფხაზავა წარმატებული და შემოქმედებითი პედაგოგის ნათელი მაგალითია, რაც სხვა პედაგოგებისთვის გახდება სტიმული მათაც მიაღწიონ მეტ წარმატებას“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზანს, სწორედ ასეთი პედაგოგების ხელშეწყობა და წახალისება წარმოადგენს და სისტემაში მიმდინარე რეფორმა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

„მასწავლებლის გლობალური ჯილდო“ 1 მილიონი დოლარის ოდენობის ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის გადაეცემა. კამპანიის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და აღიარება, საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა და დაფასება.