თამარ ჩუგოშვილი პარლამენტს სთავაზობს, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი გამოიწვიოს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტს სთავაზობს, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი გადაწყვეტილებით მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი გამოიწვიოს.

ამ კონტექსტში ჩუგოშვილმა განმარტა, რომ პარლამენტის მიერ დანიშნული წევრების გარეშე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ განწესებაზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სწორედ პარლამენტის მიერ შეყვანილი წევრების მხარდაჭერითა და ხმებით ხორციელდება.

ამასთან, ჩუგოშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ უდიდესი რაოდენობა იმ მოსამართლეებისა, რომელთა მიმართაც არის საზოგადოების აგრესია, უვადოდ უკვე დანიშნულია და ეს შემდგარი ფაქტია.

“ასევე, ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი და ღირსეული მოსამართლე სწორედ მათი და საბჭოს გადაწყვეტილებით ელოდება დანიშვნას და არიან გამოსაცდელ ვადაზე. რას მივიღებთ ჩვენ, თუკი დავუჭერთ მხარს პროექტს, რომელიც არის წარმოდგენილი. ამ კანონპროექტით ჩვენ ვერაფერს მოვუხერხებთ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე არიან დანიშნულები - ისინი იქნებიან და გააგრძელებენ მუშაობას, მაგრამ 2024 წლამდე არ გვეყოლება ახალი მოსამართლე. მე როგორ მოვიქცეოდი იუსტიციის საბჭოსა და ამ მოსამართლეების ადგილზე რომ ვიყო?! მე რომ ვიყო ამ ადამიანების ადგილას და ვხედავდე, რომ ჩემი პერსონა, ჩემს მიმართ საზოგადოების აგრესიის დონე და ხარისხი იწვევს მთლიანად სასამართლოზე ასეთ დარტყმებს, უთუოდ გადავდგებოდი, თავად დავტოვებდი მოსამართლის ადგილს და გავიხდიდი მოსამართლის მანტიას. უპირობოდ ასე მოვიქცეოდი, მაგრამ როგორც ჩანს, სხვა კატეგორიის ადამიანებთან გვაქვს საქმე და როგორც ჩანს, ისინი არ აპირებენ, რომ ასე მოიქცნენ. მინდა, რეალური გამოსავალი შემოგთავაზოთ. პირველ რიგში არავინ დავობს, რომ რეფორმები, რომლებიც ძალიან დავაგვიანეთ ძალიან სწრაფად უნდა განვახორციელოთ. მეორეს მხრივ, მე ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ვიდრე ეს წესები, ეს რეგულაციები არ იქნება სახეზე, მანამდე უნდა შეწყდეს უვადოდ განწესება მოსამართლეების. შესაბამისად, მგონია, რომ უმაღლესი საბჭო უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ სანამ არ მიიღებს პარლამენტი კანონებს, ისინი არ გააგრძელებენ უვადოდ დანიშვნებს. აქ ჩნდება კითხვა, როგორ ვიქცევით იმ შემთხვევაში, თუკი საბჭო ასე არ მოიქცევა და ამ პირობას არ შეასრულებს? ვფიქრობ, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის, რომ პარლამენტმა გამოიწვიოს ხუთივე წევრი, რომელიც ჩვენ დავნიშნეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მოსამართლეები ჩვენ მიერ დანიშნული წევრების გარეშე ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ეს არის გამორიცხული - ისინი ყველას ნიშნავენ სწორედ ჩვენს მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხარდაჭერითა და ხმებით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა