სახელმწიფო აუდიტი - ფოთში რეაბილიტირებულ საცხოვრებელ კორპუსში წყალი ჩადის, რამაც მოსახლეობის საცხოვრებელები დააზიანა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ფოთში რეაბილიტირებულ საცხოვრებელ კორპუსში წყალი ჩადის, რამაც მოსახლეობის საცხოვრებელები დააზიანა.

„წვიმიან ამინდში წყლით იტბორება 7 მოსახლის საცხოვრებელი ბინა, აქედან 5 საცხოვრებელი ბინა პრაქტიკულად განადგურებულია და გამოუყენებელია საცხოვრებლად“, - ეს ნაწილია იმ ხარვეზებისა, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე №14, №16 და №21 მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლებში აღმოაჩინა.

აღნიშნული საცხოვრებლების რეაბილიტაციაზე ფოთის მერიამ 1.36 მლნ ლარი დახარჯა, თუმცა სამუშაოები მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მალევე დაზიანდა.

ფოთის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის მიზნით, 2013 წელს მერიამ ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ხელშეკრულება გააფორმა შპს „ჯენერალ ქონსთრაქშენ კომპანისთან“ თუმცა, მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, რის გამოც მუნიციპალიტეტმა მასთან 2015 წლის შეწყვიტა ხელშეკრულება. ამ დროისთვის კომპანიას შესრულებული ჰქონდა 1,216.5 ათასი ლარის სამუშაო.

იმავე წელს მუნიციპალიტეტმა რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულებისათვის, გამარტივებული შესყიდვის გზით, ხელშეკრულება გაუფორმა შპს „Engineering Services Company-ის“, ღირებულებით 157.7 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა სამუშაოები 2016 წელს ხარისხის შემოწმების გარეშე ჩაიბარა.

უწყების ცნობით, რეაბილიტირებული კორპუსის მაცხოვრებლებმა რამდენჯერმე წერილობით მიმართეს მერიას და მოითხოვეს დაზიანებების გამოსწორება, თუმცა რეაგირება არ მომხდარა.

2018 წელს აუდიტის ჯგუფმა საცხოვრებელი სახლი მერიის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა. როგორც ირკვევა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების მოპირკეთებისა და მანსარდების მოწყობის სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ. სამუშაოების შესრულების შედეგად, აღნიშნული კორპუსების ბოლო და ბოლოსწინა სართულების მცხოვრებლებს მნიშვნელოვნად დაუზიანდათ საცხოვრებელი ფართი.

ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთი დაზიანება იმდენად მძიმეა, რომ „საფრთხეს უქმნის მოსახლეობას“.

„მიუხედავად იმისა, რომ ობიექტის საგარანტიო პერიოდი გასული არ იყო, მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა გატარებული შესაბამისი ღონისძიებები დაზიანებების აღმოსაფხვრელად. არ მიუმართავს შემსრულებელი კომპანიისათვის არსებული დაზიანებების აღდგენის მიზნით. მერიის პასუხისმგებელი პირები ვალდებული იყვნენ გაეტარებინათ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები,”- აღნიშნულია დოკუმენტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა